ავტორი:

"არც ერთი ბრალდებულის საქმეზე არ დავუკითხივარ პოლიციას, არ მიმიცია ჩვენება არავის წინააღმდეგ და არასდროს ვყოფილვარ მოწმე სასამართლოში" - მერაბ დვალიშვილი განცხადებას აქვეყნებს

"არც ერთი ბრალდებულის საქმეზე არ დავუკითხივარ პოლიციას, არ მიმიცია ჩვენება არავის წინააღმდეგ და არასდროს ვყოფილვარ მოწმე სასამართლოში" - მერაბ დვალიშვილი განცხადებას აქვეყნებს

UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი ბოლო დღეებია, რაც საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. მას შემდეგ, რაც მერაბმა მორიგი ბრძოლა მოიგო და ჰენრი სეჰუდო დაამარცხა, უამრავ დადებით კომენტართან ერთად, მის შესახებ უარყოფითი განცხადებებიც გაკეთდა.

მსგავსი შინაარსის განცხადების ერთ-ერთი ავტორი მოკრივე ავთანდილ ხურციძეა, რომელიც შეგახსენებთ, რომ აშშ-ში პატიმრობაში იმყოფებოდა. ხურციძემ "ფეისბუქის" გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მერაბის შესახებ საუბრობდა:

  • "ამბობთ, მერაბ დვალიშვილი მშენებლობაზე მუშაობდაო. ვიცი, რომ მშენებლობაზე მუშაობდა და ამით რა? მე თუ არ ვმუშაობდი, ე.ი. რეკეტიორი ვარ? ახლა მუშაობის ნებართვა არ მაქვს და კანონდარღვევად მეთვლება, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, თუ სხვანაირად მოვიპოვებ იმას, რაც უნდა მოვიპოვო, რა პრობლემაა. რინგზე რომ ვიჩხუბო, არ შეიძლება?! და მეორე თემა, თქვენც რომ იცოდეთ, პროკურატურამ და სხვებმა ეს უკვე იციან, რაც ბრალდებაში მქონდა, ხმოვანი თუ ვიდეო მტკიცებულება, მერაბ დვალიშვილი ყველგან იყო. სასამართლოში დვალიშვილის ყველა ვიდეო გამოიტანეს“, - ამბობს ვიდეოში ხურციძე.

ცოტა ხნის წინ მერაბმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, მას მართალია კონკრეტულად ხურციძის გვარი არ დაუსახელებია, თუმცა, განცხადების შინაარსის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ის სწორედ ხურციძეს პასუხობს:

"გამარჯობათ მეგობრებო. როგორც იცით, ჩემ მიმართ ბოროტი ადამიანებისგან წამოვიდა ცილისწამება და აბსურდული ბრალდებები ჩემი სახელისა და რეპუტაციის შელახვის მიზნით, რამაც ძალიან იმოქმედა ჩემს ოჯახზე, ნათესავებსა და გულშემატკივრებზე.

ჩემს მშობლებს ნერვიულობის ნიადაგზე სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყოთ.

აქამდე ვიკავებდი თავს და არ მინდოდა ამ პროვოკაციებზე პასუხის გაცემა. ახლა კი იძულებული ვარ მოგმართოთ და დაგამშვიდოთ. ვინც მე მიცნობს ემიგრაციასა და საქართველოში, ყველამ კარგად იცის, რომ მე არასდროს არ ჩამიდენია ისეთი საქციელი, რაც შეარცხვენდა ჩემს გვარს, ჩემს ოჯახს და ჩემს სამშობლოს.

მე არასდროს ჩემს სიცოცხლეში არც ერთი ბრალდებულის საქმეზე არ დავუკითხივარ პოლიციას, არ მიმიცია ჩვენება არავის წინააღმდეგ და არასდროს ვყოფილვარ მოწმე სასამართლოში.

ყოველთვის, რითაც შემეძლო, გვერდში ვედექი გაჭირვებულ ადამიანს, როგორც ძმა და როგორც მეგობარი. ყველაფერი რაც ჩემზე ითქვა, არის საშინელი ცილისწამება. არ ვაპირებ დეტალებზე საუბარს და ვფიქრობ, რომ სოციალური ქსელები არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება პასუხი გავცე ამ ბინძურ კამპანიას. გთხოვთ ყველას, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ აჰყვეთ პროვოკაციებს.

მე მართალი ვარ ჩემი ოჯახის, ჩემი კაცობის, სამშობლოსა და ღმერთის წინაშე", - წერს მერაბ დვალიშვილი.