ავტორი:

"ეს, დაახლოებით, ერთი წლის წინ გავიგე" - რას ამბობს ზურაბ ხანგოშვილი ინფორმაციაზე, რომ იგეგმებოდა ნავალნის გაცვლა მისი ძმის მკვლელში?

"ეს, დაახლოებით, ერთი წლის წინ გავიგე" - რას ამბობს ზურაბ ხანგოშვილი ინფორმაციაზე, რომ იგეგმებოდა ნავალნის გაცვლა მისი ძმის მკვლელში?

რუსულ კოლონიაში გარდაცვლილი ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები ოპოზიციონერის სიკვდილს მის მოსალოდნელ გათავისუფლებას უკავშირებენ. რამდენიმე დასავლურმა მედიასაშუალებამ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაადასტურა ინფორმაცია პოლიტიკოსების გაცვლის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ. ამავდროულად, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ეტაპზე იყო ეს დისკუსიები ნავალნის სიკვდილამდე, განსხვავებულია. "ამ დღეებში, ფაქტობრივად, უნდა მომხდარიყო მისი გაცვლა. პუტინს ეს შესთავაზეს“, - დაწერა გარდაცვლილი პოლიტიკოსის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა X-ზე. ამის თაობაზე განაცხადა ნავალნის მოკავშირე მარია პევჩიხმაც. მან YouTube-ის ვიდეოში განაცხადა, რომ განიხილებოდა ნავალნისა და აშშ-ის ორი მოქალაქის (მან არ დაასახელა მათი ვინაობა) გაცვალა FSB - ს ოფიცერ ვადიმ კრასიკოვზე.

პევჩიხის თქმითვე, 15 თებერვლის საღამოს მიიღო დასტური, რომ ნავალნისა და კრასიკოვის გაცვლაზე მოლაპარაკება ფინალურ სტადიაზე იყო და პუტინამდე ეს წინადადება ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა მიიტანა. ვადიმ კრასიკოვი 2019 წელს ბერლინში დააკავეს. იგი დამნაშავედ ცნეს საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში. ხანგოშვილი ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და ამის გამო გახდა პუტინის სპეცსამსახურების სამიზნე.

ზელმიხან ხანგოშვილი

ვლადიმერ პუტინს არაერთხელ უთქვამს ღიად, რომ სურს, კრასიკოვი რუსეთში დააბრუნოს. ბოლოს, რუსეთის პრეზიდენტმა მიანიშნა ამის შესახებ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუშიც.

საქართველოს მოქალაქე და ჩეჩნეთის ომის მონაწილე, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის ერთ-ერთ პარკში, 2019 წლის აგვისტოში მოკლეს. გერმანიის პროკურატურამ ხანგოშვილის მკვლელობის შეკვეთასა და ორგანიზებაში რუსეთი დაადანაშაულა. იმას, რომ მკვლელობის დამკვეთი პუტინია, ისიც ადასტურებს, რომ ის გერმანული მხარისგან მუდმივად ითხოვს ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლებას.

ambebi.ge ზელიმხანის ძმას ზურაბ ხანგოშვილს გერმანიაში დაუკავშირდა.

ზურაბ ხანგოშვილი

"ის ამბავი, რომ კრასიკოვის ნავალნიში გაცვლაზე იყო საუბარი, რამდენიმე თვის წინ, თითქმის ერთი წლის წინ გავიგე. მას შემდეგ ამაზე აღარაფერი მსმენია, არ ვიცოდი, ეს საკითხი დადებითად თუ იყო გადაწყვეტილი. ახლა ეს ინფორმაცია ნავალნის გარემოცვის მხრიდან გავრცელდა და ამაზე კონკრეტული გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო, ჩემი ადვოკატისგან მეცოდინებოდა. მისგან ის ვიცი, რომ საუბარი მიდის კრასიკოვის ვლადიმერ ყარა-მურზაში გაცვლაზე (ცნობილი რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი და პუტინის კრიტიკოსი. ყარა-მურზა ადრე ორჯერ მოწამლეს და შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს. ის აქტიურად თანამშრომლობდა ბრიტანულ საგამოძიებო კვლევით ჯგუფ "ბელინგქეთთან“ და, შესაბამისად, ბევრ პრობლემას უქმნიდა პუტინს, მას ყველა საკითხზე აკრიტიკებდა - იქნებოდა ეს ჩეჩნეთის ომი, კორუფცია, თუ სხვა. ბოლოს მან ღიად დაუჭირა მხარი უკრაინას - ნ.ფ).

ადვოკატმა მითხრა, რომ კრასიკოვი შეიძლება ყარა-მურზაში გაცვალონ, ეს საკითხი უფრო სერიოზულად განიხილებოდა, მე ასე ვიცი. დასავლეთს აქვს ამის ინტერესი, სანამ ისიც არ მოუკლავს პუტინს. დასავლეთს ალბათ არ ეგონა, რომ პუტინი ნავალნის მოკლავდა და ისე აქტიურად არ იხილებოდა ეს საკითხი, ახლა რადგან ის მოკლეს, უფრო სერიოზულად შეხედეს სიტუაციას და, სავარაუდოდ, გაცვლიან.

ვადიმ კრასიკოვი

ეფ-ეს-ბე-ს აგენტ კრასიკოვს არ ვიცი, რამდენად აქვს იმედი, რომ დაბრუნდება რუსეთში და ცოცხალს დატოვებენ, ის გერმანიის ციხეში უფრო დაცულია, რუსეთში რას უზამენ, ესაა საკითხავი. ყოველ შემთხვევაში, ის მათთვის საჭირო კაცი აღარ იქნება, გაშიფრულია, როგორც ქილერი. კრასიკოვი იმედს თუ დაკარგავს, რომ მას აქედან არ წაიყვანენ და ბერლინის ციხეში დარჩება, არის შანსი, ალაპარაკდეს. პუტინს ეს აშინებს, კრასიკოვმა არ თქვას, ვინ დაუკვეთა მკვლელობა, ვინ მიაწოდა იარაღი, თუ ინფორმაცია ჩემს ძმაზე, ვინ ეხმარებოდა და სხვა. ვინაიდან დიდი იყო ალაპარაკების შანსი, პატიმარს ადვოკატის მეშვეობით დროდადრო იმედს აძლევენ, რომ დაიხსნიან და არაფერი თქვას. გერმანიის ინტერესში თუ იქნა, მას გაცვლიან. არა მგონია, ყარა-მურზას ასპროცენტიანი გაცვლა გადაწყვეტილია, მაგრამ ეს თემა აქტიურად რომ განიხილება, ვიცი. პუტინმა ინტერვიუში კრასიკოვზე თქვა, გერმანიის ციხეში ზის "ჩვენი პატრიოტიო“...

წელიწადზე მეტია, გერმანიაში ვიმყოფები, თავშესაფარზე უარი მითხრეს (რადგან შვედეთმა თქვა უარი, მითხრეს, რადგან მათ ასე გადაწყვიტეს, ამას ჩვენ წინ ვერ აღვუდგებითო). არ არის გამორიცხული, დაგვადეპორტონ. საქართველოში ჩვენ საფრთხე გველის, რისკის ქვეშ ვართ, მოგეხსენებათ, რუსეთიდან მოქალაქეების უკონტოლო შემოდინებაა, საქართველო-რუსეთის მთავრობის ურთიერთდამოკიდებულებაც გასაგებია და აშკარაა. ერთი სიტყვით, ხელისუფლებას არ ვენდობით და საქართველოში ჩვენი ყოფნა დაუშვებელია. როგორ მქონდეს დაცულობის იმედი, როცა 2015 წელს თბილისში ჩემს ძმას თავს დაესხნენ, დაჭრეს და ეს საქმე დღემდე გამოუძიებელია, დაუდგენელია დამნაშავის ვინაობა, ვინც ზელიმხანს ესროლა, გამოძიება საერთოდ არ ჩატარებულა და ამის იმედი აღარც გვაქვს. თავშესაფარზე ჩემს უფროს ვაჟსაც უარს ეუბნებიან, ჩემი ძმის მკვლელით ვიღაცის გადარჩენას აპირებენ და ჩვენ დეპორტაციას გვიპირებენ, თან იციან, რომ საქართველოში დაცულები არ ვიქნებით. გამადეპორტებენ და ვიქნები სახლში, ღმერთმა იცის, მერე რა იქნება... რაც იქნება, იქნება, რა გავაკეთო?“

ნანა ფიცხელაური