ავტორი:

"ბავშვებს აშიმშილებდნენ, არ ასმევდნენ წყალს, ხელ-ფეხს უკრავდნენ" - "იუთუბერი", რომელიც მშობლებს რჩევებს აძლევდა, შვილების წამებისთვის დააკავეს: უმძიმესი საქმის დეტალები

"ბავშვებს აშიმშილებდნენ, არ ასმევდნენ წყალს, ხელ-ფეხს უკრავდნენ" - "იუთუბერი", რომელიც მშობლებს რჩევებს აძლევდა, შვილების წამებისთვის დააკავეს: უმძიმესი საქმის დეტალები

2023 წლის 30 აგვისტოს, დილის 11:00 საათზე, პოლიციის განყოფილებაში ზარი შევიდა - უცნობი მამაკაცი იტყობინებოდა, რომ მასთან 12 წლის ბიჭი იმყოფებოდა, რომელიც აშკარად ძალადობის მსხვერპლი იყო.

  • "მას ტერფებსა და მაჯებზე ლენტი აქვს შემოხვეული. შია, სწყურია და ძალიან ეშინია. სხეული ჭრილობებით აქვს დაფარული" - ამბობდა მამაკაცი.

სინამდვილეში, ეს 12 წლის ბიჭი ცნობილი ინფლუენსერის, რუბი ფრენკეს უმცროსი შვილი იყო, რომელიც აშშ-ში, იუტას მდიდრულ გარეუბანში ცხოვრობდა. ქმართან განქორწინების შემდეგ, ფრენკე საცხოვრებლად 5,3 მილიონი დოლარის ღირებულების სახლში გადავიდა და შვილებიც თან წაიყვანა.

ფრენკე ძალიან წარმატებული ვიდეო ბლოგერი იყო 2.3 მილიონი გამომწერით. მას 54 წლის ჰილდებრანდტთან, ორი შვილის დედასთან ერთად ჰქონდა YouTube არხი და პოდკასტი სახელწოდებით ConneXions და მშობლებს ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებულ რჩევებს აძლევდნენ.

კადრს მიღმა კი ყველაფერი არც თუ ისე იდეალურად იყო, როგორც აღმოჩნდა, ფრენკე და ჰილდებრანდტი ბავშვებს აშიმშილებდნენ, არ ასმევდნენ წყალს და ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ზაფხულში გარეთ მუშაობას აიძულებდნენ, ხელებსა და ფეხებს რეგულარულად უკრავდნენ ხელბორკილებით, თოკებით ან ლენტით. ეუბნებოდნენ, რომ "შეპყრობილები" იყვნენ და ცოდვები უნდა მოენანიებინათ.

ყველაფერი კი მაშინ გამოაშკარავდა, როცა ფრენკეს უმცროსი ვაჟი დახმარების სათხოვნელად მეზობლის სახლში გაიქცა. მოძალადეები მალევე დააკავეს.

  • "ჩემს კარიერაში ბევრი უცნაური შემთხვევა მქონია საოჯახო სამართალში, მაგრამ ასეთი არაფერი ყოფილა" - განაცხადა ადვოკატმა რენდი კესლერმა.

რუბი ფრენკეს ჰყავს სამი და, რომელთაგან ორი - ელი მეჩამი და ბონი ჰოლეინი, ასევე სოციალური მედიის ვარსკვლავები არიან. ფრენკესა და ჰილდებრანდტის დაპატიმრების შემდეგ, ჰოლეინმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ამტკიცებდა, რომ ოჯახმა ბავშვების დასაცავად ყველაფერი გააკეთა. მოსამართლეს წერილი ფრენკეს მშობლებმაც მისწერეს და სთხოვეს, რომ მათი ქალიშვილისთვის შედარებით მსუბუქი სასჯელის ზომა მიეღოთ.

თავად რუბი ფრენკემ სასამართლო პროცესზე შვილებს მიმართა და აღიარა, რომ დანაშაულს ნანობს:

"ჩემს პატარებს, ჩემს ექვს პატარა წიწილას. ახლა ვხედავ, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში ღრმა მიწისქვეშეთში ვცხოვრობდი, რამაც საფრთხეში ჩაგაგდოთ. ამას შეგნებულად არასდროს გავაკეთებდი", - განაცხადა ფრენკემ.

ამ კვირაში ფრენკემ და ჰილდებრანდტმა აღიარეს ბავშვებზე ძალადობის დამამძიმებელი ბრალდებები. თითოეულს 60 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღსანიშნავია, რომ ბრალი წაუყენეს ბავშვების მამასაც. ფრანკ ფრენკე უშუალოდ შვილების წამების პროცესში არ მონაწილეობდა, თუმცა ამის შესახებ ინფორმირებული იყო.

ფრანკეს უფროსი ქალიშვილი, შარი, ახლა 21 წლისაა და უნივერსიტეტში სწავლობს. მან მშობლებთან ურთიერთობა რამდენიმე წლის წინ გაწყვიტა.

"დღეს დიდი დღე იყო. მე და ჩემი ოჯახი ძალიან ბედნიერები ვართ, რომ სამართალი აღსრულდა. ბავშვები უსაფრთხოდ არიან, მაგრამ წინ დიდი გზაა. გთხოვთ, პატივი სცეთ მათ კონფიდენციალურობას," - დაწერა მან.