ავტორი:

ქართველი წიგნის ქურდები, რომლებმაც ევროპის ბიბლიოთეკებიდან 2 მილიონი ევროს, რარიტეტული წიგნები მოიპარეს - როგორი სქემით მოქმედებდნენ და ვინ დგას ორგანიზებული ქსელის უკან?

ქართველი წიგნის ქურდები, რომლებმაც ევროპის ბიბლიოთეკებიდან 2 მილიონი ევროს, რარიტეტული წიგნები მოიპარეს - როგორი სქემით მოქმედებდნენ და ვინ დგას ორგანიზებული ქსელის უკან?
  • ფოტოზე: პარიზის ეროვნული ბიბლიოთეკა

"დიდი რუსი მწერლის, ალექსანდრე პუშკინის წიგნები ევროპის ყველაზე პრესტიჟული ბიბლიოთეკების კოლექციების სამკაულებს შორის იყო, თუმცა ახლა მთელი კონტინენტის მასშტაბით, ბიბლიოთეკარები ჩივიან, რომ პუშკინისა და მე-19 საუკუნის სხვა ცნობილი რუსი მწერლების ნაწარმოებების იშვიათი და ღირებული პირველი გამოცემები უსარგებლო ასლებით არის შეცვლილი "- ამის შესახებ გამოცემა Times წერს.

  • ფრანგი გამომძიებლების ინფორმაციით, ქურდობას "ქართული ქსელი" ახორციელებს, რომელიც "სტრუქტურირებული და ორგანიზებული ჯგუფია“. მათივე ინფორმაციით, ამ ქსელის წარმომადგენლებმა 2 მილიონ ევროზე მეტის ღირებულების წიგნები მოიპარეს და სავარაუდოდ, მოსკოვში გაყიდეს.

მოქმედების მეთოდი ასეთია - ბანდის წევრი მიდის ბიბლიოთეკაში, ითხოვს ძვირფასი რუსული წიგნის ნახვას და ამბობს, რომ სჭირდება უნივერსიტეტში კვლევითი პროექტის განსახორციელებლად. წიგნს დეტალურად უღებს ფოტოებს, შემდეგ ამზადებენ ორიგინალთან მაქსიმალურად მიახლოებულ ვარიანტს, ბანდის წევრი კვლავ სტუმრობს ბიბლიოთეკას და ორიგინალი გამოაქვს, მის ნაცვლად კი ყალბს ტოვებს.

ფრანგი და პოლონელი გამომძიებლები ეჭვობენ, რომ წიგნის ქურდები შესაძლოა, რუსების დავალებით მოქმედებდნენ. მათივე ვარაუდით, ასეთი ღირებული წიგნების რუსეთში დაბრუნება მოქალაქეების პატრიოტიზმის გასაძლიერებლად სჭირდებათ.

  • ბოლო "მსხვერპლი“ იყო ბერლინის მთავარი საჯარო ბიბლიოთეკა. არსებული ინფორმაციით, ბიბლიოთეკიდან წაიღეს რუსული ლიტერატურის ხუთი იშვიათი გამოცემა, მათ შორის, პუშკინის სამი წიგნი, პირველი გამოცემები.

"ასლები ძალიან კარგად და მაღალი სიზუსტით არის დამზადებული“, - ამბობს ბელგიის ბიბლიოთეკის სპიკერი, ბარბარა ჰაინდლი.

Times-ის ცნობით, ლიეტუვაში, ვილნიუსის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ დაკარგა 17 წიგნი, რომლის ღირებულებაა, დაახლოებით, 439 000 ევრო, ესტონეთის, ტარტუს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან მოიპარეს რვა წიგნი, რომლის ღირებულება დაახლოებით 158 000 ევრო იყო, ხოლო ლატვიის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ 2022 წელს, დაკარგა ორი ძვირფასი წიგნი.

პოლონეთში, ვარშავის ბიბლიოთეკაშიც ასევე აღმოაჩინეს, რომ დაკარგულია იშვიათი რუსული კოლექციის 79 ნიმუში, რომელთა ღირებულებაც ერთ მილიონ ევროზე მეტად არის შეფასებული.

სამართალდამცველთა ცნობით, საფრანგეთში სხვადასხვა ბიბლიოთეკას, მათ შორის, პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკას 48 წლის ქართველი მამაკაცი ეწვია 40-ჯერ, ის ამბობდა, რომ წერდა დისერტაციას სახელად - "დემოკრატია მე-19 საუკუნის რუსულ ლიტერატურაში" და რომ ამისთვის სჭირდებოდა პუშკინის, გოგოლის, ლერმონტოვისა და დოსტოევსკის წიგნების პირველი გამოცემები. მოგვიანებით კი ბიბლიოთეკარებმა აღმოაჩინეს, რომ ეს წიგნები მათი ასლებით იყო შეცვლილი.

ერთი ქართველი ეჭვმიტანილი ნოემბერში ბრიუსელის აეროპორტში დააკავეს. ის ბელგიის პოლიციამ ლიეტუვაში გაცემული ორდერის საფუძველზე დააკავა. კიდევ სამი ქართველი ეჭვმიტანილი დააკავეს საფრანგეთში. მათ ბრალი "ორგანიზებულ ქურდობაში“ ედებათ. დაკავებულები ბრალდებას უარყოფენ.