8 მარტს, „საქართველოს სინფონიეტა“, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, არგენტინელი კომპოზიტორის, ასტორ პიაცოლას მუსიკის საღამოზე გეპატიჟებათ ყველას, ვისაც ტანგოს ცეცხლოვანი რიტმები გიყვართ!
კონცერტში „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად მონაწილეობენ: მარიამ ჩუხრუკიძე (ვოკალი), დიმიტრი ბოქოლიშვილი (კლარნეტი), ნათია ქავთარაძე (ფორტეპიანო), ვაჩე ლალიაშვილი (გიტარა) და ნიკოლოზ გვრიტიშვილი (დრამი).
ამ საღამოს შესრულდება: სიუიტა ტანგო-ოპერეტიდან „მარია ბუენოს აირესიდან“, „წელიწადის ოთხი დრო“, ასევე პიესები: “Chant et Fugue”, “Oblivion” და საღამოს დააგვირგვინებს, ყველასათვის საყვარელი “Libertango”.
ასტორ პიაცოლა, როგორც მის მშობლიურ არგენტინაში, უწოდებენ - „El Gran Astor“ („დიდი ასტორი“), მსოფლიოში აღიარებული მეოცე საუკუნის ტანგოს უმნიშვნელოვანესი კომპოზიტორია. ბანდონეონზე დაკვრის პარალელურად, ტრადიციულ ტანგოში თანამედროვე სტილის შემოღებით, მან ფაქტობრივად რევოლუცია მოახდინა მუსიკაში და ტანგოში, ჯაზისა და კლასიკური მუსიკის ელემენტების შერწყმით გაჩნდა ახალი სტილი - “Nuevo Tango” („ახალი ტანგო“).
ასტორ პიაცოლამ, ტანგო, ღამის კლუბებიდან კლასიკური მუსიკის საკონცერტო სცენაზე გაიტანა და ასე დაიბადა „ახალი ტანგო“, რაც ნებისმიერი მუსიკალური გემოვნების ადამიანისთვის საყვარელი მუსიკა გახდა.
“Nuevo Tango"-ს სტილი კი იქნება შესანიშნავი საშუალება, რომ 8 მარტს, გაზაფხულის ამ მშვენიერ დღესასწაულზე, საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარონ საღამო, როგორც კლასიკური, ასევე ტანგოსა და ჯაზის მოყვარულებმა.
მუსიკოსები, „ახალ ტანგოს“, ახალი ტრადიციებით ორ სეანსად, საღამოსა და ღამის კონცერტებით გვთავაზობენ:
საღამოს კონცერტის დასაწყისი - 20:00
ღამის კონცერტის დასაწყისი - 23:00
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ ვებ-გვერდზე: www.biletebi.ge
8 მარტის კონცერტის შემდეგ, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი - „საქართველოს სინფონიეტა“ საკონცერტო ტურნესთვის ინდოეთში მიემგზავრება.

11 მარტს, პირველ კონცერტს ჯუჰუს პრითხივის თეატრში გამართავს, ხოლო 12 მარტს, მეორე კონცერტი მუმბაიში, NCPA TATA Theatre-ში ჩატარდება.
შესრულდება: მენდელსონის და შუბრეტის ნაწარმოებები, მათ შორის მენდელსონის საფორტეპიანო კონცერტი, რომელსაც ორკესტრთან ერთად პიანისტი თათა ლიჩელი შეასრულებს. აღსანიშნავია, რომ ასევე პროგრამაშია ქართველი კომპოზიტორის, სულხან ცინცაძის მინიატურები, რომელსაც „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად, ინდოეთის სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებიც დაუკრავენ.
მუსიკოსებს შორის შემოქმედებითი თანამშრომლობის გაგრძელება უკვე დაგეგმილია და ოქტომბერში ინდოელი მუსიკოსები თბილისს ეწვევიან.
R