ავტორი:

"მე და ჩემი შვილები სახლში ვიყავით, როცა უცებ ბოძს დაეჯახა... ბავშვები ადგილზე გაშეშდნენ, არაფერს აზრი აღარ ჰქონდა" - ცნობილი ტელეწამყვანი დედის მძიმე დიაგნოზსა და შემართებაზე, რომელიც სამაგალითოა

"მე და ჩემი შვილები სახლში ვიყავით, როცა უცებ ბოძს დაეჯახა... ბავშვები ადგილზე გაშეშდნენ, არაფერს აზრი აღარ ჰქონდა" - ცნობილი ტელეწამყვანი დედის მძიმე დიაგნოზსა და შემართებაზე, რომელიც სამაგალითოა

გლაუკომა თვალის ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც პერიოდულად იზრდება თვალის წნევა, ზიანდება მხედველობის ნერვი და უარესდება თვალის სისხლით მომარაგება. თავდაპირველად ადამიანი უბრალოდ ცუდად ხედავს, შემდეგ ერღვევა მხედველობა, თანდათან უმცირდება მხედველობის ველი... საბოლოოდ კი საქმე სრულ და განუკურნებელ სიბრმავემდე მიდის. მიუხედავად მედიცინის თანამედროვე მიღწევებისა, გლაუკომა ჯანდაცვის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და აქტუალური პრობლემაა.

ნუნუ ჭელიძე პიანისტია და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. მან ამ დიაგნოზით მხედველობა სრულად დაკარგა. ეს არ იყო უეცარი ამბავი, ამ დიაგნოზს თითქმის 12 წელი მკურნალობდა.

"შეიძლება, დაგვიანებული იყო დიაგნოზის დასმა, მაგრამ გავიგე თუ არა, მუდმივად მქონდა კონსულტაციები, ვიზიტი ექიმებთან და ვმკურნალობდი, როგორც მკარნახობდნენ სპეციალისტები. მხედველობა 12 წელი შევინარჩუნე და საბოლოოდ, სამი წელია, რაც მთლიანად დავკარგე. ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ ვეღარ ვხედავ, დანიშნული მაქვს თვალის წვეთები, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე უნდა ჩავიწვეთო... საერთოდ გლაუკომის პირველადი მაჩვენებელია თვალის წნევის ამაღლება,“ - გვეუბნება ნუნუ ჭელიძე. ცნობისთვის ის ტელეჟურნალისტის მარიკა ბაკურაძის დედაა.

- ოპერაცია არ გიცდიათ?

- ამის დასარეგულირებლად თავიდან სპეციალური წვეთები დამინიშნეს. თბილისში არსებულ ყველა ოფთალმოლოგთან მქონდა კონსულტაცია. თუ წვეთებით ვახერხებთ წნევის დარეგულირებას, ანუ დაწევას, წვეთებით მკურნალობა უნდა გაგრძელდესო. ოპერაციასაც იგივე ზემოქმედება აქვს. ამიტომ თავიდან ოპერაცია აუცილებლად არ ჩათვალეს. როდესაც მარცხენა თვალში მთლიანად დავკარგე მხედველობა და მარჯვენაშიც დამიქვეითდა, რადგან ამ წლების მანძილზე ეს პროცესი ნელ-ნელა მიდიოდა, მითხრეს, იქნებ მარჯვენაში გავაკეთოთ, მაგრამ რაღაცნაირად უკან დავიხიე, თავი შევიკავე. შიშის ფაქტორი იყო რამდენად გამართლებული იქნებოდა, ერთი თვალი არ ხედავდა და მეორეში ძალიან დაბალი პროცენტი იყო. თუ ოპერაცია არ იქნება შედეგიანი, მაშინ მეორე თვალსაც ვკარგავდი. მას შემდეგ მარჯვენა თვალშიც კიდევ წელიწად-ნახევარი შევინარჩუნე და მერე აქაც ნელ-ნელა დაიკარგა.

- რაიმე თანმდევმა დაავადებამ ხომ არ გამოიწვია, მაგალითად, დიაბეტმა, ფარისებრის პრობლემამ?

- არა, რაიმე ორგანული დაავადება არაფერი მაქვს. თვითონ ექიმებთან რომ მქონდა კითხვა, - რა იწვევს ამ დაავადებას-მეთქი? უმრავლესობის პასუხი იყო, რომ ეს ძალიან ვერაგი დაავადებაა და არსებობს 1000-მდე მიზეზი, რომელმაც შეიძლება ეს გამოიწვიოს. შეიძლება იყოს მემკვიდრეობითიც... მოკლედ, ზუსტი პასუხი ვერ მივიღე.

- სათვალე გჭირდებოდათ?

- 38 წლის ასაკში დისერტაციაზე ვმუშაობდი და მაშინ მოსკოვში მომიხდა რამდენიმე თვე ბიბლიოთეკაში ყოფნა, ცუდი განათება იყო და ცოტათი მხედველობის დაქვეითება იმას დავაბრალე. იქვე კვლევა ჩავიტარე. დამიდგინეს - +0,5. მას მერე ნელ-ნელა უფრო მაღალ რიცხვზე ავედი. მერე ერთმა ქალბატონმა მითხრა, თქვენ მარტო ასაკობრივი მხედველობის დაკლება არ გაქვთ, თვალზე გამოსაკვლევი ხართ, რაღაც დაავადება გაქვთო. მოკლედ, გამოვიკვლიე და 2008 წლის იანვარში გლაუკომა დამიდგინეს.

- წინაპრებში ვინმეს ხომ არ ჰქონდა მსგავსი პრობლემა?

- დედისგან ვიცოდი, რომ დედაჩემის მამამ და ორმა ძმამ დაკარგა მხედველობა, მაგრამ მათი დიაგნოზი ჩემთვის უცნობია. დედას ჰქონდა შიში, რომ მეც არ დავდგე მსგავსი პრობლემის წინაშეო. მაგრამ 88 წლის გარდაიცვალა და არ ბოლომდე მხედველი იყო. პირიქით სიბერეში სათვალე მოიხსნა და ისე კითხულობდა.ჩემი დაავადების მიზეზებს რომ ვეძებდი, რამდენიმე ექიმს კითხვა დავუსვი, ხომ არ შეიძლებოდა თვალის გადაღლა ყოფილიყო ამის მიზეზი-მეთქი? პასუხი ამაზეც ვერ მივიღე.

ნუნუ ჭელიძე

- ცხოვრების მანძილზე რას საქმიანობდით?

- ბავშვობიდან მუსიკას ვსწავლობდი, დავამთავრე კონსერვატორია. შემდეგ მუდმივად ვუკრავდი როგორც სოლისტი. მქონდა კონცერტები, ვმუშაობდი პედაგოგად, ტელევიზიის სიმფონიურ ორკესტრში პიანისტი გახლდით და საკმაოდ დატვირთული შემოქმედებითი ცხოვრება მქონდა. გარდა ნოტებისა, კითხვა და ლიტერატურაც ძალიან მიყვარს, მაგრამ ექიმებმა არ მიაქციეს ამას ყურადღება და ეს არ ჩათვალეს ერთ-ერთ ფაქტორად.

- ემოციურად როგორ შეხვდით ამბავს, როდესაც მხედველობა დაკარგეთ?

- არ არის ადვილი შესაგუებელი. ერთი ისაა, რომ ეს უეცრად არ მომხდარა, რომ შოკისმომგვრელი ყოფილიყო. 12 წელი ჩემი ფსიქიკა თითქოს ეჩვეოდა იმას, რომ მდგომარეობა უარესდებოდა. რა ვქნათ, ადამიანის ბედს ალბათ რაღაც განსაზღვრავს. ამასთან ადამიანს ალბათ აქვს ყველაფრის მიმართ ადაპტაციის უნარი. შევეგუე, მეტი რა გზაა.

- როგორც შევიტყვე, თურმე ოჯახის საქმეებსაც უმკლავდებით...

- ალბათ არის ისეთი განსაცდელი, რომელსაც ადამიანი ვერ შეეგუება და ვერ გადალახავს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ასე უცბად ხელების ჩამოშვება, რომ ვეღარ ვხედავ და დამთავრდა სიცოცხლე, ასეთი არ მქონია. ზოგადად არ ვარ დეპრესიული. მეტწილად ოპტიმისტი ვარ.

იმდენად საინტერესო ცხოვრება მქონდა, იმდენი რამ მაქვს მოსაგონარი, უამრავი მეგობარი იყო ჩემ გვერდით, ყოფილი მოსწავლეები მეხმიანებიან, თუ ვინმეს კონსულტაცია სჭირდება, მათაც ვეხმარები, ახლაც ჩართული ვარ. კონცერტებსაც ვისმენ და დავდივარ ოპერაში. ჩემი ცხოვრების ის ნაწილი, რაც მუსიკას და პროფესიას უკავშირდება, არ გადამიხაზავს, არ დამიმთავრებია. ბოლოს და ბოლოს არის მარიკა და მისი შვილები. ასაკში რომ ხარ ადამიანი, უკვე ოჯახი მეტად მნიშვნელოვანი ხდება. მუდმივად ჩართული ვარ შვილისა და შვილიშვილების ცხოვრებაში. სახლშიც შეძლებისდაგვარად ყველაფერს ვაკეთებ.

- გადაადგილება არ გიჭირთ?

- გარეთ მარტო უკვე ვეღარ გავდივარ, მიჭირს, რაც შეეხება ჩემს ბინას, ყველაფერი ვიცი, სად რა არის. ყველაფერს თავის ადგილი აქვს. სადილი, გარეცხვა, დალაგება - ამ ყველაფერს ვაკეთებ. ვუმსუბუქებ ოჯახის წევრებს საზრუნავს, რომ თავიანთ საქმეს მეტად მიხედონ.

- უკრავთ კიდეც?

- როგორც მუსიკოსი მიდრეკილი ვიყავი, რაღაც ახლისკენ, სულ ძიებაში ვიყავი, ბევრი მაქვს დაკრული, უმეტესად, მე-20 საუკუნის მუსიკა, რომელიც თბილისში მაშინ თითქმის არ სრულდებოდა. ამ შემთხვევაში, როცა ნოტებს ვეღარ ვხედავ, ძველი ნასწავლის და ოდესღაც დამახსოვრებულ მუსიკასთან შეხება აღარ იწვევს ჩემში ინტერესს. ვერ ამოვხსენი, ეს როგორ ხდება. რომ ვხედავდე, ახლის გარჩევა და სწავლა შემეძლოს, სხვანაირად ვიქნებოდი. სამაგიეროდ, მყავს მოსწავლე, რომელიც მოდის და მის ნაწარმოებებში მუდმივად ჩართული ვარ. ერთად ვმეცადინეობთ და ამით ვიკლავ ჩემს სურვილებს დაკვრის მიმართ. ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენს ცხოვრებაში ამდენი ახალგაზრდის მძიმე ამბები რომ მესმის, ვსევდიანდები და ვამბობ, ნეტავ, ახალგაზრდები იყვნენ კარგად-მეთქი.

- თქვენი რეკომენდაცია ადამიანებისთვის რა იქნება, თუკი მხედველობასთან პრობლემა შეექმნებათ?

- თუ თვალის პრობლემა შეექმნა ადამიანს, მალევე უნდა მიმართოს ექიმს. მკურნალობაზე უარი არ უნდა თქვას. თუ უკიდურეს შემთხვევაში, ჩემსავით გამოსავალი აღარ იქნება, სასოწარკვეთილებამ არ უნდა მოიცვას, ეს ყველაზე ცუდი რამაა. საკუთარი ინტერესები უკვე სხვა მხრივ უნდა მომართოს. უსინათლოდ ცხოვრება არ არის ადვილი, მაგრამ არ ვწუწუნებ.

  • მარიკა ბაკურაძე, ტელეჟურნალისტი, ნუნუ ჭელიძის შვილი:

- დედამ თქვა, რომ სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავარდეო. მეც რაღაც ასეთი ტიპი ვარ, ვგავართ ერთმანეთს. თუ ერთი შანსიც გაქვს, უნდა გამოვიყენო. ბოლომდე უნდა ვიბრძოლო, ბოლომდე ასეთი განწყობა მაქვს. როცა თავიდან დიაგნოზი გავიგეთ, ჩემს მეორე შვილზე ორსულად ვიყავი, რეალურად ვერც კი დავიჯერე, რომ ეს შეიძლება მომხდარიყო. მაგრამ გადავწყვიტე, რომ ყველა შანსი, რაც კი არსებობს, უნდა გამოგვეყენებინა. სხვადასხვა ქვეყანა, კლინიკები, სადაც მედიცინა მოწინავე საფეხურზეა. მერე ნელ-ნელა ვარიანტები რომ გამოირიცხა, აღმოჩნდა, რომ მართლა მძიმე დაავადებაა და მხედველობის დაკლება ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა.

ამას როგორ უნდა შეეგუო? მაგრამ თითქოს ყოველდღიურობაში ჩაჯდა, მაგრამ მაინც არ მეგონა, რომ საბოლოოდ ეს ყველაფერი მოხდებოდა. მახსოვს, 2 წლით ადრე სანამ მხედველობას მთლიანად დაკარგავდა, ერთ-ერთმა ექიმმა რაღაც წამალზე მიუთითა, უნდა გაიკეთო, ცოტა უნდა მოინდომო ქალბატონო, თორემ ერთ წელიწადში შეიძლება, ხელით სატარებელი გახდეთო. კი გავიფიქრე, ეს კაცი რა უხეშად ლაპარაკობს-მეთქი, მაგრამ საბოლოოდ მართლა აქამდე მივედით. დედაჩემი ხელით სატარებელი რომ არ არის, ეს მისი მონდომების შედეგია.

- თავად რას აბრალებთ, მარიკა?

- ამ ყველაფერს უფრო კორონავირუსს ვაბრალებ. იმიტომ კი არა, რომ უშუალოდ კორონა ვირუსი ჰქონდა, გამოკეტვამ ბევრი რამ განსაზღვრა. მანამდე ვახერხებდით, რომ ხშირად გარეთ გაგვეყვანა, ხელის მოკიდებით, სივრცის აღქმა, მზე, გარეთ განათება მაინც სხვა რამეა, ვიდრე სახლში ერთნაირი შუქი, რაც არ უნდა ფანჯრები იყოს და აივანი გქონდეს. იმ ჩაკეტილობამ ის მასშტაბები შეუზღუდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ რეალობაში ვიყავი და ნელ-ნელა ვხედავდი, მხედველობა როგორ აკლდებოდა, ბოლოს მხოლოდ სილუეტებს ხედავდა...

მახსოვს ის დღე, როცა ამ რეალობის პირისპირ აღმოჩნდა. მე და ჩემი შვილები სახლში ვიყავით. ოთახებს შორის გვაქვს გამავალი ბოძი, უცებ ამ ბოძს დაეჯახა. რა მოგივიდა-მეთქი და როგორც მივხვდი, არ უნდოდა ამის აღიარება. მეორე დღეა საერთოდ ვეღარ ვხედავო... ცივი წყალი რომ გადაგასხან, ასეთი ემოცია მქონდა. ბავშვები ადგილზე გაშეშდნენ. პირველი შემთხვევა იყო, როცა არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა. მერე მოდი, კატარაქტის ოპერაცია გავიკეთოთ-მეთქი და ჩავუტარე ის ოპერაცია, თუმცა არაფერს აზრი აღარ ჰქონდა...

- როგორც გაირკვა, ამ მდგომარეობაში ბევრ საქმეს აკეთებს...

- დიახ, დედა რომ არ იყოს, რა გვეშველებოდა... შეიძლება იმის ბრალია, ნელ-ნელა რომ აკლდებოდა მხედველობა, ადაპტაცია შეძლო. ამას მისი შემართება ემატება, რომ ხელი არ უნდა ჩაიქნიო. გელა ჩარკვიანისგან ვიცი, რაც არ უნდა ცუდად ვიყო, ვდგები და ჩემს რეჟიმს მაინც ვაგრძელებო. უნდა იგრძნო, რომ საჭირო ხარ და გამოსადეგიო. ჩვენს სახლში ისეთი მდგომარეობაა, რომ დედა ნამდვილად გრძნობს, რომ საჭიროა. ბავშვებს ხელშეწყობა სჭირდებათ, ჩემი სამსახურის გამო, სულ გასული ვარ, სახლში ისე, როგორც საჭიროა, ვერ ვდიასახლისობ. ამ დროს ყველაფერი დედაა. ბავშვები სახლში რაიმე ნივთს თუ კარგავენ, დედა პოულობს... საჭმლის გაკეთება, სარეცხი, სახლის დალაგება - ამ ყველაფერს თვითონ აუდის. ბავშვები ეუბნებიან, „ტიკ-ტოკი“ უნდა გავაკეთოთ და ვიდეოები გადაგიღოთ, ამდენ საქმეს ასე რომ აკეთებო. მეოთხე წელი მიდის და ამ დაკვირვებამ აჩვენა, თურმე რამდენი რაღაც შეგვიძლია და არ ვიცით. მერე ამ დროს სმენა რა მნიშვნელოვანია. ხმით ბევრ რამეს აფასებს და აღიქვამს.

- მათ, ვისაც სახლში ასეთი ადამიანი ჰყავს, რას ეტყოდით?

- ვეტყოდი, რომ ამის გამო უკან არ უნდა დაიხიონ. ხომ არის სტიგმა, სახლში გამოკეტავენ ხოლმე. არასოდეს მითქვამს მისთვის უარი, რომ სადმე წავიყვანო, იგივე კონცერტზე კონსერვატორიაში და ოპერაში პრემიერაზე. მერე რა რომ ვერ ხედავს. მუსიკა მისთვის ყველაფერია. გულწრფელად რომ გითხრათ, არსად შემხვედრია ცუდი დამოკიდებულება, თუ მაქანა გავაჩერე და გადამყავს, ყველა მეხმარება. ერთი პრობლემა კი გვაქვს, რომ ადაპტირებული არ გვაქვს ტროტუარები და საშინელი პარკინგია, ეს ყველაფერში ხელს გვიშლის.

ჩემი მთავარი რჩევა და გამოცდილების გაზიარება იქნება, რომ ამ პრობლემამ არ უნდა ჩაკეტოს ადამიანი და შეუზღუდოს იმდენი კარგი რაღაც შეიძლება მიიღო ყოველდღიურობიდან. ერთია, რომ ვერ ხედავს, მაგრამ ხომ ისევ ისე აზროვნებს, ისევ ისე ლაპარაკობს, ისევე ესმის ყველაფერი... დეპრესიამ არ უნდა მოგვიცვას...