ავტორი:

ქართველი ახალგაზრდები კვიპროსზე ღვთისმშობლის სარტყლის მოსალოცად ჩავიდნენ

ქართველი ახალგაზრდები კვიპროსზე ღვთისმშობლის სარტყლის მოსალოცად ჩავიდნენ

თბილისის ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის სამრევლოს 180-მდე ახალგაზრდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყლის თაყვანის საცემად გასულ კვირაში კვიპროსზე იმყოფებოდა.

წმინდა სარტყელი ათონის მთიდან 34 წლის შემდეგ პირველად ჩაბრძანდა კვიპროსზე, რაც განსაკუთრებული მოვლენაა, როგორც კუნძულოვანი ქვეყნისთვის, ასევე საქართველოსთვის, ვინაიდან ჯვართამაღლების სამრევლოს ნაწილის სახით, უპრეცედენტო რაოდენობის ქართველი იყო ერთობლივად ჩასული კვიპროსზე ღვთისმშობლის სარტყელთან მისაახლებლად.

ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის სამრევლოს (წინამძღვარი: დეკანოზი თეოდორე გიგნაძე) მორიგი მნიშვნელოვანი გასვლის ერთ-ერთი ორგანიზატორი, დავით მაკასარაშვილი აღნიშნავს, რომ ადგილობრივები და სხვა ქვეყნებიდან ჩასული მომლოცველები ქართველების ჯგუფის მიმართ დიდ ყურადღებას იჩენდნენ.

"ადამიანები პერიოდულად გვაჩერებდნენ და პირდაპირ გვეკითხებოდნენ, - ქართველები ხართო?! თითქოს, ჩვენ შესახებ უკვე ყველამ იცოდა. შესაძლოა, ეს იმითიც იყო განპირობებული, რომ ჩვენი ჩასვლის პირველივე დღეს ქალაქ ნიქოზიაში გამართულ დიდ შეხვედრაზე, რომელსაც 1500-მდე ადამიანი ესწრებოდა, არქიმანდრიტმა ეფრემ ვატოპედელმა სიტყვით გამოსვლისას ხმამაღლა აღნიშნა ქართველების კვიპროსზე ჩასვლის ამბავი და ახალგაზრდა მომლოცველების ამგვარი დამოკიდებულება სამაგალითოდ წარმოაჩინა დამსწრე საზოგადოების წინაშე", - აღნიშნავს მოგზაურობის ორგანიზატორი.

გასვლის ფარგლებში, მათ წმინდა სარტყელთან ერთად, მსოფლიო მნიშვნელობის სხვა სიწმინდეებსაც მიაგეს პატივი. ასევე, კითხვა-პასუხის ფორმატში შეხვდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის ისეთ გამორჩეულ სასულიერო პირებს, როგორებიც არიან: მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი, არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ლიდრის ეპისკოპოსი ეპიფანე და ირაკლიდიოსის მონასტრის იღუმენია პროდრომე.

წმინდა სარტყელი, რომელიც ღვთისმშობლის ხელითაა შექმნილი, მრავალ სასწაულს აღასრულებს და მსოფლიო საქრისტიანოს ერთ-ერთ უდიდეს სიწმინდედ მიიჩნევა.