ავტორი:

როგორ გამოისყიდა მარინა ხატიაშვილმა სახლი, საიდანაც ერთი თვის წინ გამოასახლეს - "ამ შეთანხმებას ომითა და უბედურებით მივაღწიეთ"

როგორ გამოისყიდა მარინა ხატიაშვილმა სახლი, საიდანაც ერთი თვის წინ გამოასახლეს - "ამ შეთანხმებას ომითა და უბედურებით მივაღწიეთ"

"ამ შეთანხმებას ომითა და უბედურებით მივაღწიეთ" - მეუბნება არქიტექტურის ისტორიკოსი მარინა ხატიაშვილი, რომელიც 1 თვის წინ საკუთარი ბინიდან გამოასახლეს. 23 თებერვალს მარინა ხატიაშვილმა სახლი გამოისყიდა, კერძო იპოთეკარს 90 000 დოლარი გადაუხადა, რაზეც გამოსახლების შემდეგ გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

  • შეთანხმება ხატიაშვილსა და კერძო იპოთეკარს შორის გამოსახლების მეორე დღეს, 24 იანვარს შედგა. 90 000 დოლარის გადახდისთვის 1-თვიანი ვადა განისაზღვრა. მარინა ხატიაშვილი მაშინ ამბობდა, რომ უკვე ჰქონდა 70 000 დოლარი, რომლის საფუძველზე მოლაპარაკებას ჯერ კიდევ გამოსახლებამდე სთავაზობდა იპოთეკარს. დარჩენილი 20 000 დოლარის შეგროვება მან ერთ თვეში, როგორც ამბობს, მეგობრების წყალობით მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან მარინა ხატიაშვილის გამოსახლებას პროტესტი მოჰყვა. მის მხარდასაჭერად მისულ მოქალაქეებსა და აღსრულების ბიუროს პოლიციას, ასევე საპატრულო პოლიციას შორის მოხდა დაპირისპირება, რა დროსაც პოლიციამ 20 ადამიანი დააკავა (მათ შორის იყვნენ გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა, რომლებიც 3 თებერვალს გირაო სანაცვლოდ გაათავისუფლეს).

AMBEBI.GE მარინა ხატიაშვილს ესაუბრა:

"ყველამ ნახა, რომ ამ შეთანხმებას ომითა და უბედურებით მივაღწიეთ, ეტყობა ხელისუფლება შეწუხდა და წინასაარჩევნო წელს გადაწყვიტა, იპოთეკარი ეიძულებინა, თანხა აეღო. გამოსახლების წინა დღით ის მოლაპარაკებაზე კატეგორიულ უარს ამბობდა. ჩვენ 70 ათასს ვიხდიდით, დანარჩენ 20 ათასს ჩემმა მეგობრებმა მოუყარეს თავი - გარდა იმისა, რომ ამ ხალხმა ჩემთან ერთად ამხელა ომი გამოიარა, თავი გადადო, მეგობარმა გალერისტებმა აუქციონი ჩაატარეს, ნამუშევრები გაყიდეს და შეგროვილი თანხა გადმომცეს. მგონია, რომ იპოთეკარის დაყოლიებაში, რაც თითქმის არ ხდება ხოლმე, დიდი როლი ითამაშა ახალგაზრდების თავგანწირულმა ბრძოლამ, იმანაც, რომ მეც უკან არ დავიხიე და მთელს მსოფლიოს ვაჩვენე, რა ჩაიდინეს.

როგორც ჩანს, მაინც შიგნით მოხდა რაღაც ისეთი, რომ არ აწყობდათ, ამ საქმეს უფრო მწვავე ხასიათი მიეღო. თან ეს ყველაფერი იყო დიდი კანონდარღვევით გაკეთებული და, რა თქმა უნდა, აღსრულების სამსახურის წინააღმდეგ სარჩელიც შევიტანეთ, ვინაიდან ეს იყო პოლიციური გამოსახლება, რაც კანონით 2015 წლიდან აკრძალულია. სახლი ისეთ დღეშია, არ იცხოვრება, ნაგვის გორები დგას, იქ დაცვა ჰყავდათ შეშვებული, რომელიც რასაც ჭამდა, იქვე ყრიდა. შაბათს შევედით სახლში, ერთ-ერთმა მედია საშუალებამ ჩამწერა და კატასტროფა დამხვდა - სახლი დარბეულია და ნაგვით სავსე, რომელშიც არ იცხოვრება. ჯერ-ჯერობით, მეგობართან ვცხოვრობ, ბინის მოწესრიგებას დრო დასჭირდება...

23 იანვარი, გამოსახლების დღე

ამ დარბევისას ირაკლი კაკაბაძე, გიორგი ღვინჯილია, კაკო ჩიქობავა, გიორგი ხასაია და სხვები დაიჭირეს, ისინი კინაღამ მოკლეს და თან დააჯარიმეს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეჩერდეს ეს გამოსახლებები, მევახშეობა ყველაზე სამარცხვინო საქმიანობაა. მინდა აქ ერთ რამეზე მივიქციო ყურადღება - ოდესმე, სადმე თუ გინახავთ ოპოზიციონერი, რომელიც ამ თემას აპროტესტებდეს? ესენი ამ საკითხში ისე კარგად არიან შეთანხმებულ-შეხმატკბილებულები, ყველა ერიდება ამ თემაზე ლაპარაკს, რაც ჩემთვის სიმპტომია - როცა მევახშეობაზე და გამოსახლებებზე ლაპარაკს ადამიანები თავს არიდებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ინტერესიც მევახშეობაში ტრიალებს, ამ სქემაში ყველა ჩართულია, ეს არის დიდი ხნის წინ ფესვგადგმული მანკიერება, საშინელი სქემა, რომელშიც ყველა თუ არა, ძალიან ბევრი ლიდერია ჩართული.

ახლაც, ამ საარჩევნო წელსაც კი მევახშეობაზე ხმას არ იღებენ, უბრალოდ, რადგან ჩემი ამბავი ასე გახმაურდა, თავი ვერ აარიდეს და ყველამ თავი მოვალედ ჩათვალა, ორი სიტყვით ეხსენებინა. თუმცა ძირითადი აქცენტი იმაზე იყო, აი, ეს გავლენიანი ქალბატონი ყოფილა, ამიტომაც შეეცადნენ მოლაპარაკებასო. გავლენიანი ქალბატონი თუ ვიყავი, სახლი თავზე რატომ დამამხეს? ეს რაღაც აბსურდია. არავინ არასოდეს ლაპარაკობს მევახშეობაზე, დღეს სოციალურ თემებს ყველა თავს არიდებს. ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ისინი ამ საკითხის მოგვარებას არ აპირებენ. ერთი სიმპტომია კიდევ მნიშვნელოვანი - მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ამბის შემდეგ გამოსახლებები ცოტა შეჩერდა (აპრილის ბოლომდე 300-მდე გამოსახლება იყო ჩანიშნული), არც ერთი დღით არ გაჩერებულა სააღსრულებო აუქციონები, ეს ბინები და თაღლითური გზებით დაკარგული ქონებები ისევ ისე გადის აუქციონზე. ამ პრობლემაზე არც ოპოზიცია და არც არავინ ხმას არ იღებს, ყველაფერზე ლაპარაკობენ, ამის გარდა, რაც საშინელებაა".

ნახეთ ასევე: