ახალი მახე ინტერნეტთაღლითებისგან - რა უნდა ვიცოდეთ, რომ მათ მსხვერპლად არ ვიქცეთ

ახალი მახე ინტერნეტთაღლითებისგან - რა უნდა ვიცოდეთ, რომ მათ მსხვერპლად არ ვიქცეთ

ინტერნეტთაღლითობა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, რომლისგან თავის დაზღვევის ყველაზე ეფექტური შესაძლებლობა პირადი მონაცემების დაცვა და მისი უცხო პირებისთვის გაზიარებისგან თავის შეკავებაა.

თუ აქამდე ინტერნეტთაღლითები მსხვერპლთა პირადი მონაცემების შეგროვებას უფრო მარტივი მეთოდებით ცდილობდნენ, დღეს ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი და რიგ შემთხვევებში, ყველაზე ინფორმირებული მომხმარებელიც კი ებმება მახეში.

ერთ-ერთი ყველაზე „დახვეწილი“ მეთოდი, რასაც ახლა ფიშერები იყენებენ შემდეგია:

ისინი სხვადასხვა სოციალურ ქსელში ათავსებენ რეკლამებს, რომელშიც მომხმარებელს ჰპირდებიან დასაქმებას (მაგალითად, „სოკარში“ ან სხვა რომელიმე მსხვილ კომპანიაში), მცირე ინვესტიციით დიდი ამონაგების მიღებას და სხვა მომხიბვლელ პირობებს. შემდეგ დაინტერესების შემთხვევაში ან საკუთარი ინიციატივით უკავშირდებიან ინტერნეტმომხმარებლებს სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით (Messenger, WhatsApp, Viber) და არწმუნებენ, შეთავაზება მიიღოს.

დათანხმების შემდეგ პირადი მონაცემებისა და თანხის მითვისება შემდეგი მეთოდით ხდება:

  • მსხვერპლს არწმუნებენ, რომ ივაჭროს აქციებით ან აქტივებით და ამისთვის თავის სმარტფონში/კომპიუტერში დააყენოს აპლიკაცია:
  • მას შემდეგ, რაც კლიენტი მითითებების დისტანციურად შესრულებას ვერ შეძლებს, ინტერნეტთაღლითი სთავაზობს AnyDesk-ის ან რაიმე სხვა მსგავსი აპლიკაციის დაყენებას, რომლის მეშვეობითაც სხვის მოწყობილობაში შეღწევაა შესაძლებელი. თაღლითი მსხვერპლს აპლიკაციას დახმარების მოტივით აწერინებს;
  • აპლიკაციის ჩამოწერის შემდეგ მსხვერპლი თაღლითს თავის მოწყობილობაზე წყდომას აძლევს;
  • ზოგიერთ შემთხვევაში თაღლითი მსხვერპლის მოწყობილობით თავად ააქტიურებს სესხს და შემდეგ საკუთარ ანგარიშზე რიცხავს ან „კლიენტს“ არწმუნებს, რომ ინვესტიციის განხორციელების მიზნით თანხა თავად გადაურიცხოს. საბოლოოდ კი მსხვერპლი ამონაგებს ვერ იღებს და ხვდება, რომ საქმე ინტერნეტთაღლითთან ჰქონდა;
  • ზოგიერთ შემთხვევაში, „კლიენტი“ შანტაჟის მსხვერპლიც ხდება. მას ინტერნეტთაღლითი სთხოვს, დამატებითი თანხა გადაურიცხოს იმისათვის, რომ თავდაპირველად ჩარიცხული თანხა უკან დაუბრუნოს, რაც, რა თქმა უნდა, მორიგი მახეა.

როგორ დავიცვათ თავი ინტერნეტთაღლითობისგან?

  • არ დავთანხმდეთ საეჭვო შემოთავაზებებს ინვესტიციებთან, ვაკანსიებთან თუ გათამაშებებთან დაკავშირებით;
  • თუ რომელიმე კომპანიის სახელით გვესაუბრებიან, გადავამოწმოთ, რეალურად აქვთ თუ არა მათ აღნიშნული შემოთავაზება;
  • სხვისი დავალებით არ გადმოვწეროთ აპლიკაციები და არ გავუზიაროთ მათი პაროლები გარეშე პირებს. ამასთან, განსაკუთრებით ფრთხილად ვიყოთ პროგრამებთან, რომელთა მეშვეობითაც ჩვენს მოწყობილობაში შემოღწევაა შესაძლებელი;
  • არ გავხსნათ საეჭვო ბმულები და არ შევიყვანოთ ჩვენი პირადი მონაცემები, ინტერნეტ და მობილბანკის პაროლები მათ ველებში.

გასათვალისწინებელია, რომ ფროდსტერებისგან თავის დაცვის ბერკეტი ჩვენს ხელშია და ის საეჭვო შეთავაზებებისგან თავის არიდებასა და პირადი მონაცემების დაცვას გულისხმობს.