ავტორი:

"ტრაგიკული ბედის კაცი გახლდათ, შვილი დაეღუპა... "სუხიშვილებიდან" რომ წამოვიდა, ცხოვრება აერია" - ვინ იყო "ციმციმა": კაცი, რომლის ცეკვამაც ინტერნეტი მოიცვა

"ტრაგიკული ბედის კაცი გახლდათ, შვილი დაეღუპა... "სუხიშვილებიდან" რომ წამოვიდა, ცხოვრება აერია" - ვინ იყო "ციმციმა": კაცი, რომლის ცეკვამაც ინტერნეტი მოიცვა

კადრები, რომელიც 1958 წლით თარიღდება და რომელიც იური (ციმციმა) ცინცაძის ცეკვას ასახავს, 27 თებერვალს სოციალურ სივრცეში ვირუსულად გავრცელდა. 1985 წელს 47 წლის ასაკში გარდაცვლილმა მოცეკვავემ ზღვა აპლოდისმენტები დაიმსახურა. მისი გასაოცარი ცეკვით საზოგადოება აღფრთოვანდა.

"ზოგადად ვცდილობ, ანსამბლის შესახებ ბევრი ინფორმაცია მოვიძიო, ამას არა მარტო დღეს, წლების მანძილზე სულ ვაკეთებ. 2014 წელს აჭარის აკადემიური ანსამბლის მუზეუმი გაიხსნა და მასალებზე აქტიურად ვიმუშავე. იქაც არის ბატონი იურის ფოტო. იმავე წელს დოკუმენტური ფილმი გავაკეთე, სადაც დაარსებიდან დღემდე ანსამბლის ცხოვრებაა ასახული. ფილმში ბატონი იურის მსგავსად, ანსამბლში მოღვაწე, ვირტუოზი მოცეკვავეების, ლეგენდების კადრებიც არის გაცოცხლებული. ანსამბლი 103 წლის არის და ეს იუბილეც გრანდიოზულად ჩავატარეთ...

ანსამბლი დღესაც აგრძელებს აქტიურად მოღვაწეობას და ლეგენდების მიერ შექმნილი ინდივიდუალური ილეთ-მოძრაობებს არ ივიწყებს. მოკლედ, სულ ძიებაში ვარ, მინდა, ვიპოვო რაიმე ისტორიული მასალა და ახლა, სოციალური ქსელის საშუალებით, დათო გვეტაძის დახმარებით მოვიპოვე ეს ვიდეო, სადაც იური ცინცაძე ცეკვავს. ის ჩვენს გვერდზე მაშინვე გამოვაქვეყნე. ვიდეომ დღის განმავლობაში დაიპყრო ინტერნეტსივრცე. 27 თებერვალი „ციმციმას“ დღედ შეაფასეს" - გვეუბნება აჭარის აკადემიური ანსამბლის "არსიანი" პიარმენეჯერი ირინა ჩახვაძე მისგანვე შევიტყვეთ, რომ მოცეკვავე გენო ჭელიძე ითვლება სცენაზე იური ცინცაძის მემკვიდრედ, მისი ტრადიციების და ილეთების გამგრძელებლად. შემდეგ კი შეკრიბა ანსამბლი, რომელსაც "ციმციმა" დაარქვა.

გენო ჭელიძე:

- 30 წელია, ჩემს ანსამბლს "ციმციმა" ჰქვია. იურის შვილიშვილი ჩემთან ცეკვავდა... ჩემს ახალგაზრდობაში "ციმციმას" რომ ვუყურებდი, მისი ცეკვა მომწონდა. თავიდან პაროდიას ვაკეთებდი და ისე გავითავისე, რომ ამან სერიოზული სახე მიიღო. მერე მითხრეს, მოდი, იცეკვეო. ვიცეკვე და ასე მიმიღეს დიდ ანსამბლებში. იური ძირძველი ბათუმელი იყო, მაშინდელი მარქსის ქუჩელი, ცოტა ტრაგიკული ბედის კაცი გახლდათ, ბევრი რამ შეემთხვა... "სუხიშვილების“ ანსამბლის მოცეკვავეც იყო, მაგრამ დატოვა და მერე ცხოვრება აერია, ცეკვას თავი დაანება. ხელოვანი კაცი გზა ხშირად არ არის მარტივი... თუ დიდი ღონისძიება გვქონდა ხოლმე რამე, შევეხვეწებოდით და გვეხმარებოდა, ბოლოს იმასაც ჩამოშორდა. კარგი შვილი ჰყავს ეკა და კარგი სიძე.

იური (ციმციმა) ცინცაძე

ეკა ცინცაძე, იური ცინცაძის შვილი:

- დაბადების მოწმობაში ელენე მიწერია, მამაჩემმა ბებიას სახელი დამარქვა, რადგან მამას ბებია ელიჩკა ბაბუასთან ერთად ზრდიდა... მერე ჩემს ძმას უნდოდა, რომ ეკა დაეძახა და ეკა დამიძახეს, მაგრამ ჩემთვის მაინც გულში ჩამწვდომია სახელი ელენე და მიხარია კიდეც... კადრები, რომელიც ყველამ ერთად ვნახეთ, 1958 წელსაა გადაღებული, სადაც მამა 21 წლისაა. ცეკვა 10 წლის ასაკში დაიწყო... დღეს (ინტერვიუ ჩაწერილია 27 თებერვალს. - ავტ.) უამრავი ზარი და შეტყობინება მომივიდა: "ეკა ნახე, რა კადრებია მამაშენის ცეკვის?" დაუჯერებელი იყო, ნუთუ, ეს ფირი აღმოაჩინეს, რომელსაც დიდი ხანი ვეძებდით, აღფრთოვანებული დავრჩი. ცრემლებს ვერ ვიკავებდი. ძალიან ბევრჯერ ვუყურე, მერე კომენტარები წავიკითხე და კიდევ უფრო ამევსო გული სიამაყით, ბევრჯერ მსმენია და გამიგია, რომ „ციმციმა“ შეუდარებელი, არაჩვეულებრივი და განუმეორებელი იყო, მაგრამ ამ კადრებმა გააორმაგა ეს შეფასებები. მოლოდინს გადააჭარბა. ეს ისეთი გრძნობაა, რამაც აქამდე მომიყვანა, ძალიან ამაყი ვარ. მადლობა მინდა ყველას გადავუხადო, ვინც ეს კადრები მოიპოვა, კერძოდ, დათო გვეტაძეს და მირანდა ბაღდადიშვილს, ვინც პირველად გააზიარა. მადლობა ასეთი კომენტარებისთვის და შეფასებისთვის.

ეკა ცინცაძე შვილებთან ერთად

იზოლდა აბაიშვილი იური ცინცაძის მეუღლეა. ის ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმის სპეციალისტია, სადაც 60 წელია მუშაობს:

- დღეს იმდენი ადამიანი მეხმიანება, ტირის, მეც მატირეს, სიხარულის ცრემლებიც იყო, გახსენებაც, დიდ ემოციებში ჩავვარდით...

- როდის და როგორ გადაიკვეთა თქვენი გზები?

- სტუდენტი ვიყავი, ფილოლოგიურზე ვსწავლობდი, რომ შემამჩნია, მისი სურვილი იყო, გავეცანი და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გამეცნო. თან მუზეუმში ვმუშაობდი და იქ მომაკითხა. მერე დავმეგობრდით. ისტორიებს მიყვებოდა თავის თავზე. 6 თვის შემდეგ შევუღლდით. შეგვეძინა 2 შვილი - უფროსი, ვაჟი დათო და უმცროსი - ეკა. ჩემი ბიჭი ძალიან კარგი, ნიჭიერი, ჭკვიანი იყო, მაგრამ 1992 წელს დამეღუპა, დამრჩა გოგო ეკა, რომელიც გათხოვდა მამულაძეზე და ჰყავს 2 ბიჭი, კარგი სიძე და შვილიშვილები მყავს. ბედნიერი ვარ, მაგრამ მოგონებები მძიმე მაქვს...

- ბატონი იური ვერ მოესწრო, ხომ შვილის დაღუპვას?

- ვერა, 1992 წელს უკვე ცოცხალი აღარ იყო... ჩემს მეუღლეს ვეუბნებოდი კიდეც, ასეთი ცხოვრებით დიდხანს ვერ გასტან-მეთქი, არ დაგვიჯერა, თავს არ მიხედა, ქეიფი, სმა და ღვიძლი დაუზიანდა... ჩემზე გადაიარა დიდმა ნერვიულობამ. ყველაფერი მარტომ გავაკეთე, რომ შვილები ფეხზე დამეყენებინა. გვქონოდა ისეთი ოჯახი, რაც მასაც გაუხარდებოდა... ჯანმრთელი ორგანიზმი ექნებოდა, კარგი ქორეოგრაფი, კარგი მოცეკვავე და კარგი მამაც იქნებოდა, თავის თავისთვის რომ მიეხედა. მაგრამ დიდი სიძნელეები რომ ჰქონდა ცხოვრებაში გადატანილი და ალბათ იმის ბრალიც იყო...

იზოლდა აბაიშვილი, იური ცინცაძის მეუღლე

- რა სიძნელეები?

- რომ დაიბადა, მამა ომში იყო და 1942 წელს პოლიტიკურ ნიადაგზე დაუხვრიტეს. დარჩა ობოლი, რადგან დედა გათხოვდა. წავიდა. მამამ დაუბარა ბებიას და ბაბუას, ეს ბავშვი მაინც გამიზარდეთო. ისინიც ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ კარგი გამოსულიყო... იურის ბებია ისე უყვარდა, რომ ბებია და ბაბუასთან ერთად მშობლებად მიაჩნდა. სახლში ჰყავდა ასევე ბიცოლა და ბიძა, ყველა თავს ევლებოდა, მაგრამ მაინც ობოლი ბავშვის ცხოვრებით ცხოვრობდა. ხელმოკლეებიც იყვნენ. მამა პოლიტიკურზე კი დაუხვრიტეს, მაგრამ მისი ერთი ძმა კონტრაბანდის გამო დაიჭირეს და საპყრობილეში გარდაიცვალა, დამ ინერვიულა და 17 წლის გოგო სახლში გარდაიცვალა. სამი შვილის დამკარგავი დედა, ელიჩკა ზრდიდა შვილიშვილს. ბებოს ცოცხალი მხოლოდ ერთი შვილი ჰყავდა და ისიც ომის მონაწილე. ასეთ რთულ პირობებში ცხოვრობდა და იზრდებოდა.

იური ცინცაძის მამა, რომელიც 1942 წელს პოლიტიკურ ნიადაგზე დაუხვრიტეს

- მიუხედავად ამისა, მოახერხა, ასეთი მოცეკვავე გამხდარიყო...

- რაღაც თავისებური ცეკვის სტილი ჰქონდა. ამიტომ ერქვა სცენის ციმციმა და მეტსახელად „ციმციმა“ დაარქვეს. რომ გარდაიცვალა, მაშინ საბჭოთა პერიოდი იყო და განცხადებაში მინდოდა, იური ცინცაძე (ციმციმა) დაეწერათ და რედაქციამ არ დამანება. მეტსახელი არ შეიძლებაო. გავიდა წლები და მის სახელზე ანსამბლიც შეიქმნა. გენო ჭელიძემ მისი ხათრით ანსამბლს "ციმციმა" დაარქვა. მერე მასთან ცეკვაზე ჩემი შვილიშვილი მივიყვანე. გენო თავად "ციმციმას" მოსწავლე იყო და ბაძავდა კიდეც მას. "ციმციმა" ნომერ 2-ად ითვლებოდა. იურის სიტყვებიც კი მახსოვს, რომ გენო ჭელიძე და იური ბიბილეიშვილი თითქოს ჩემი მემკვიდრეები არიანო... ეს სტილი თვითონ ჰქონდა დამუშავებული, ცეკვისთვის იყო დაბადებული, ეამაყებოდა, უყვარდა ეს პროფესია. "სუხიშვილებმა" რომ იხილეს მისი ცეკვა, იმ დღიდან ანსამბლში წაიყვანეს. თენგიზ სუხიშვილი მის ძმაკაცად ითვლებოდა. „სუხიშვილებში“ 1958 წლის მერე1960-წლის ჩათვლით იყო, მაგრამ პოლიტიკურზე დასჯილი მამის შვილი საზღვარგარეთ გასტროლებზე არ გაუშვეს. ის აფიშები, სადაც მისი გვარი და სახელი, როგორც მონაწილის ფიგურირებდა, გადაკეთდა. მერე გული დასწყდა და ანსამბლიდან ბათუმში წამოვიდა. ცხოვრებაც აერია. ვეცადე, მის იმ მდგომარეობიდან გამოყვანას, მაგრამ არ გამომივიდა, მაგრამ ოჯახი დარჩა ისეთი, როგორიც ალბათ მას უნდოდა რომ ჰქონოდა.

ცნობილი მოცეკვავე ავტოგრაფს არიგებს

- ამ გადასახედიდან რა იყო ამ ადამიანის გაცნობა თქვენთვის და მისი მეუღლეობა?

- ძალიან რთული აღმოჩნდა, თითქმის მარტომ ვზიდე ტვირთი, ის ამით ამაყობდა, მაგრამ ვერაფრით მეხმარებოდა, პირიქით, იქით ვეხმარებოდი. სულ მეუბნებოდა, შენი იმედი მაქვსო. ალბათ ამ იმედით ვცხოვრობ დღემდე. ჩემი და შვილების დიდი პატივისმცემელი იყო... რომ გარდაიცვალა, დათო 16 წლის იყო, მითხრა, დედა, ის ჩვენი მამაა და რაც საჭიროა, ყველაფერი გაუკეთეთ. ასეც იყო, მისი ამხანაგები მხარში დამიდგნენ. დღეს რატომღაც დილიდან ეკლესიაში წავედი, ყველა მიცვალებულს სანთელი დავუნთე, მერე სამსახურში მივედი და თანამშრომლებმა მითხრეს - ასეთი ვიდეო ვნახეთ და თვალს ვერ ვწყვეტთო. რაღაცნაირი დამთხვევა იყო. ვიდეო რომ ვნახე, იმის მერე ემოციებში ვარ...

ნახეთ "ციმციმას" ცეკვა, რომელმაც ინტერნეტი მოიცვა