პროკურატურამ ლილოს დასახლებაში, 21 წლის გოგოს მკვლელობისთვის დაკავებულ ოთარ ცინდელიანს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, მას ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე წარედგინა.
გენერალაური პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 თებერვალს, თბილისში, ბრალდებულმა მეგობარ ქალს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ცნობისათვის, ქეთი ჯავახიშვილის ცხედარი 28 თებერვალს დილით, სახლთან ახლოს იპოვეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. რაც შეეხება მოტივს, გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული, რომელიც ჯავახიშვილების ნათელ-მირონია, ახალგაზრდა ქალს აშანტაჟებდა და ფულს სძალავდა, მკვლელობის მომენტში კი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
წაიკითხეთ ასევე: