ავტორი:

გაიცანით 19 წლის თვითნასწავლი მხატვარი, საინტერესო შემოქმედებით - "სასიამოვნოა, როცა ამბობენ, რომ ჩემს შემოქმედებაში მუნკის, ვან გოგის გავლენა ჩანს"

გაიცანით 19 წლის თვითნასწავლი მხატვარი, საინტერესო შემოქმედებით - "სასიამოვნოა, როცა ამბობენ, რომ ჩემს შემოქმედებაში მუნკის, ვან გოგის გავლენა ჩანს"

"რა თქმა უნდა სასიამოვნოა, როცა ამბობენ, რომ ჩემს შემოქმედებაში მუნკის, ვან გოგის გავლენა ჩანს. მათ მაგალითზე და გამოცდილებაზე ვისწავლე ბევრი რამ და ვსწავლობ მუდმივად" - ამბობს 19 წლის თვითნასწავლი მხატვარი, სერგი სულაბერიძე და თავის საინტერესო შემოქმედებას გვაცნობს....

- დავიბადე და გავიზარდე ბათუმში, ოჯახში სადაც ხელოვნება ყველასთვის ცხოვრების უდიდეს ნაწილს წარმოადგენდა. ბაბუაჩემი მხატვარი იყო, შესაბამისად 2 წლის ასაკიდან დავიწყე დამოუკიდებლად ხატვა და სწორედ ბაბუაჩემი გახდა პირველი ადამიანი, ვინც ხელოვნებას მაზიარა. დღემდე უდიდეს გავლენას ახდენს ის გარემო, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე, რადგან გარდა ემოციური ფონისა და კავშირისა, პირველი ნაბიჯები ჩემს შემოქმედებაში სწორედ ამ გარემოში გადავდგი და აღმოვაჩინე, რომ ხელოვნება არის ჩემი ცხოვრება. აგრეთვე ის მხარდაჭერა რომელიც გამაჩნია ჩემი ოჯახისგან მაძლევს თავისუფლებასა და მოტივაციას, სიყვარულით ვაკეთო ის რასაც 2 წლიდან ვაკეთებ...

- პროფესიული სასწავლებლები დაამთავრეთ?

- თვითნასწავლი მხატვარი ვარ, არასდროს შემისწავლია პროფესიულად და არც პედაგოგებთან. მაგრამ რა თქმა უნდა ვაპირებ სამომავლოდ... ჩემი შემოქმედება წლების მანძილზე ყალიბდებოდა და დღემდე არ აქვს საბოლოო სახე მიღებული. დღესაც მუდმივად ძიების პროცესში ვარ. ასაკისა და გამოცდილების მატებასთან ერთად მიჩნდებოდა სურვილი უფრო მეტი შემექმნა, უფრო მასშტაბური ვიდრე მანამდე და იდეურად სიღრმისეული, რაც მოითხოვს გარკვეულ ინტელექტუალურ რესურსს, რომლის გარეშეც, ჩემი აზრით, შეუძლებელია დამოუკიდებელ ხელოვანად ჩამოყალიბება. ხატვის დაწყებამდე ნახატზე ფიქრს უდიდეს დროს ვუთმობ, ხოლო ხატვის პროცესი კი უკვე სიუჟეტებს მთავაზობს. ჩემი მოვალეობა კი სწორი სიუჟეტის განვითარებაა, რაც საბოლოო შედეგის სახით ხდება თვალსაჩინო. ვცდილობ მეტი ექსპერიმენტი გავაკეთო, იქნება ეს განსხვავებული ტექნიკებითა და მასალებით ხატვა თუ შინაარსობრივი მრავალფეროვნება.

- რამდენად მრავალფეროვან ჟანრში მოღვაწეობთ?

- ვცდილობ მუდმივად შევცვალო შინაარსი და ჟანრი. ჩემი შემოქმედების განუყოფელი ნაწილია მუსიკა, ფილმი, წიგნი, რაც ფაქტობრივად უსასრულო ინსპირაციის წყაროა და ნახატს უქმნის ქვეტექსტს, რომლის ამოკითხვაც მხოლოდ დამთვალიერებელს შეუძლია. სწორედ იდეაზეა დამოკიდებული ჟანრის ცვალებადობა. ჩემი აზრით, განსხვავებული იდეა განსხვავებულ საშემსრულებლო ტექნიკას და სტილს მოითხოვს. თავდაპირველად მიყვარდა ცნობილი ნამუშევრების გადახატვა. ამ პროცესში ბევრი რამ ვისწავლე და თავი იმ მხატვრების ამპლუაში წარმოვიდგინე, რომლებიც ქმნიდნენ ამ ნახატებს.

- რომელმა მსოფლიო მხატვრებმა მოახდინეს თქვენს შემოქმედებაზე განსაკუთრებული გავლენა?

- ჩემთვის თავდაპირველად კარავაჯო გახდა მაგალითი სრულყოფილებისა, რამაც გამიჩინა სურვილი, რომ ჩემი შემოქმედებაც უფრო დახვეწილი გამხდარიყო. შემდეგ უკვე ჟან მიშელ ბასკია, რა პერიოდშიც თითქოს დესტრუქცია მოხდა ყველაფრის, რაც გამოსახული იყო ტილოზე და მიიღო პრიმიტიული ფორმა, უფრო მეტ უპირატესობას ვანიჭებდი და დღემდე ვანიჭებ შინაარსს და უკანა პლანზე გადაიწია კარავაჯოს სრულყოფილმა ფიგურებმა. ქართველი მხატვრებიდან კი კარლო კაჭარავა, რომლის შემოქმედება ჩემში ყველაზე დიდ, განუმეორებელ ემოციებს აღძრავს და მანიჭებს უდიდეს სიამოვნებას.

- კონკურსებში, გამოფენებში მონაწილეობთ?

- სკოლის პერიოდში კონკურსებში მიმიღია მონაწილეობა, სადაც რამდენიმეჯერ გავიმარჯვე, ხოლო გამოფენას რაც შეეხება პირველი გამოფენა შარშან სწორედ ჩემს სკოლაში მოვაწყვე... ახლა კი იდეის დონეზე მაქვს გამოფენები დაგეგმილი, რასაც მინდა რომ მთელი ჩემი რესურსი დავახარჯო, რათა ისეთი გამოვიდეს როგორიც ჩაფიქრებული მაქვს...

- რამდენად ხელსაყრელი გარემოა დღეს მხატვრისთვის საქართველოში?

- მე 19 წლის გახლავართ და ჯერ არ ვარ დარმწუნებული საქართველოში რამდენად არის ხელსაყრელი პირობები მხატვრებისთვის სამოღვაწეოდ, მაგრამ ვისურვებდი მეტ ხელშეწყობას რაც თუნდაც გამოფენებს გულისხმობს. დღევანდელ სამყაროში უბრალოდ სოციალური ქსელები ამარტივებს შემოქმედების პოპულარიზაციას და საკუთარი თავის წარდგენა უფრო მარტივია.

- საზღვარგარეთ გადასვლას გეგმავთ?

- დიახ, რამდენიმე წელში მინდა რომ გავემგზავრო საზღვარგარეთ და იქ გავაგრძელო მოღვაწეობა, საინტერესოა როგორ აისახება ეს ჩემზე და ჩემს შემოქმედებაზე.

- რას იტყვით, როცა ამბობენ, რომ თქვენს შემოქმედებაში მუნკის, ვან გოგის გავლენა ჩანს?

- რა თქმა უნდა სასიამოვნოა, რადგან მათ მაგალითზე და გამოცდილებაზე ვისწავლე ბევრი რამ და ვსწავლობ მუდმივად. ბუნებრივია ზოგჯერ გაუაზრებლადაც მათი გავლენით დამიხატავს ესა თუ ის ნახატი და მხოლოდ ბოლოს მივმხვდარვარ, რომ ნამდვილად შესამჩნევი ყოფილა დიდი მხატვრების უნიკალური ელემენტები ჩემს ნახატებში... და ვინჩის აქვს ნათქვამი, რომ ხელოვნება არასდროს არის დასრულებული, ის არის ასე ვთქვათ მიტოვებული. ვეთანხმები და მიმაჩნია, რომ მხატვარმა თავის ნახატში საფიქრალი უნდა დაუტოვოს დამთვალიერებელს. აგრეთვე პიკასოს აქვს ნათქვამი, რომ ყველაფერი რასაც წარმოიდგენ არის რეალობა, ვფიქრობ რომ მხატვრის დანიშნულებაა წარმოდგენა გამოსახოს რეალობად და არა დაინახოს, არამედ სხვებს დაანახოს.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- რამდენიმე საინტერესო პროექტი მაქვს დაგეგმილი, ასევე ვაპირებ გამოფენის გაკეთებასაც, რომელიც მინდა, რომ მასშტაბური იყოს და რაც მთავარია ხარისხიანი და ორიგინალური, ამ იდეის ფორმირებაზე ბევრს ვმუშაობ და სხვადასხვა ვარიანტებს ვარჩევ. აუცილებლად ვცდი რაღაც ახლის შექმნას იქნება ეს ინსტალაციები თუ ვიდეოარტი, რაც სამომავლოდ მინდა გახდეს ჩემი შემოქმედების ახალი ნაწილი.