12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების გამოძიებისას მტკიცებულებების დაზიანების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პროკურატურამ ექსპერტისთვის წარდგენილი ბრალი შეცვალა (დაუმძიმა).
ექსპერტს ბრალი ედება მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლაში, რაც, საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობაში და, შედეგად, ნივთმტკიცების დაზიანებაში გამოიხატა.
ოჯახისა და "უფლებები საქართველოს“ ადვოკატების არაერთი მიმართვის შემდეგ, 2024 წლის 9 იანვარს, პროკურატურამ ბრალი დააზუსტა და 370-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გადააკვალიფიცირა, რაც გულისხმობს მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას, რაც ექსპერტის მიერ გაუფრთხილებლობით საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობაში გამოიხატა. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახით, მხოლოდ ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"დავით გრიგოლიამ დააზიანა ანაწმენდები, რომელიც მან არასწორად აიღო და შეფუთა. მას შეეძლო დაეწერა, რომ ეს ანაწმენდები იყო მხოლოდ ტრანსპორტირებისთვის. არ დააწერა. ასევე არ აიღო დაზიანებული უბნიდან ანაწმენდები. თმა, რომელიც ბავშვს ფრჩხილში ჰქონდა, ვერ შენიშნა.
ეს იყო იმ ღამეს მთავარი ბერკეტი, რაც ხელში გვქონდა. ის არ არის რიგითი თანამშრომელი. დასასჯელი ყველა უნდა დაისაჯოს. ამ ნაგავმა ყველაფერი მოსპო იმ ღამეს. ამბობს, სასწაულ დღეში ჰქონდა ყელი და ჩავთვალე, რომ არ უნდა ამეღო ნიმუშებიო. რანაირად? 15 წლიანი სტაჟი აქვს, 15 წლის მანძილზე რომ ეს არ იცის, ეს არცოდნაა? ეს შეგნებულად არის გაკეთებული" - განუცხადა "ტვ პირველს" ნატო ხუტაშვილმა.
ცნობისთვის, დიდ დიღომში, 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.