ავტორი:

"დაიღუპნენ მამა-შვილი და კიდევ ორი გოგონა... როგორც ვიცით, ფოტოებს იღებდნენ და ფეხი დაუცურდათ" - საზანოს ტრაგედიის დეტალები

"დაიღუპნენ მამა-შვილი და კიდევ ორი გოგონა... როგორც ვიცით, ფოტოებს იღებდნენ და ფეხი დაუცურდათ" - საზანოს ტრაგედიის დეტალები

ტრაგედია დატრიალდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საზანოში. მდინარე ძუსაში ოთხი ადამიანი დაიხრჩო. მაშველებმა მეოთხე გარდაცვლილის ცხედარი მდინარიდან ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს. ადგილზე სამძებრო- სამაშველო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთი ადამიანი მდინარეში გადავარდა, ოთხი კი მის დასახმარებლად შევიდა. მათგან მაშველებმა მხოლოდ ერთის გადარჩენა შეძლეს, ის კლინიკაშია გადაყვანილი.

  • AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, დაღუპულებს შორის არიან საზანოში მცხოვრები მამა, მისი ქალიშვილი და გოგონას მეგობრები, რომლებიც სოფელში სტუმრად ჭიათურიდან იყვნენ ჩასულები.

"მდინარე ძუსას ე.წ. ჩანჩქერი ტურისტული ადგილია ჩვენს სოფელში. იქ მამა, ქალიშვილთან და მის მეგობრებთან ერთად იყო მდინარეზე. როგორც ვიცი, ფოტოებს იღებდნენ და ერთ-ერთ გოგონას ფეხი დაუცურდა და მდინარეში ჩავარდა. ამის შემდეგ ეს კაციც გადამხტარა მის საშველად, შემდეგ კი დანარჩენი ნაპირზე მყოფებიც მიჰყოლიან მას. მაშველებმა მხოლოდ ერთის გადარჩენა შეძლეს. მცოცავი რელიეფია და ალბათ ფეხი ამიტომ დაუცურდათ" - ამბობენ ადგილობრივები.

AMBEBI.GE თერჯოლის მერს მანუჩარ რობაქიძეს დაუკავშირდა:

"ზედა საზანოში, მდინარე ძუსაში დღეს 4 ადამიანი დაიხრჩო. ამ ეტაპზე ოთხივეს გვამი ნაპოვნია. ახლა შემთხვევის ადგილზე ვარ. რა მოხდა, როგორ მოხდა, ზუსტად არ ვიცი. დაღუპულთა შორის არიან გოგონა და მამა და ამ გოგონას 2 თანაკლასელი. რა ინფორმაციაც მაქვს, ის ბავშვები ჭიათურის პირველი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები არიან. ამბობენ, რომ ისინი მდინარეზე სურათებს იღებდნენ, მეტი არაფერი ვიცი" - ამბობს რობაქიძე.

ნახეთ ასევე: