გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია "ძალიან მნიშვნელოვანი საიდუმლო ინფორმაციის გავრცელების“ საქმეს იძიებს. გასულ კვირას რუსმა პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, სადაც მისი ინფორმაციით, ისმის, როგორ განიხილავენ გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალი და რამდენიმე ოფიცერი ე.წ. ყირიმის ხიდზე Taurus-ებით დარტყმას.
მოგვიანებით, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქვეყნის სამხედრო წარმომადგენლების საიდუმლო თათბირი "ნამდვილად ისმინებოდა".
"ჩვენი შეფასებით, სამხედრო საჰაერო ძალების თათბირი ისმინებოდა. ჯერ არ შეგვიძლია იმის მტკიცება, იყო თუ არა რაიმე ცვლილება აუდიოჩანაწერში და გაშიფრულ ვერსიაში, რომელიც ახლა სოციალურ ქსელებში ვრცელდება“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, რომლის სიტყვებს AFP ციტირებს.

სიმონიანის თქმით, ჩანაწერში ისმის გერმანელების 19 თებერვლის თათბირიდან საუბარი. პროპაგანდისტის თქმით, ჩანაწერში ფიგურირებენ გერმანიის სამხედრო საჰაერო ძალების ოპერაციების განყოფილების მეთაური და სწავლების მეთაურობა.
სიმონიანმა ჩანაწერის რუსულ ენაზე თარგმანი გამოაქვეყნა. ამ თარგმანის მიხედვით, ერთ-ერთი მოსაუბრე ამბობს, რომ გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი „აპირებს შეიმუშავოს საკითხი, რომლის განხორციელების შემდეგ უკრაინას Taurus-ებს გადასცემენ“ და ამატებს: "არავინ არ იცის, რატომ ბლოკავს ფედერალური კანცლერი რაკეტების გადაცემას“.
29 თებერვალს შოლცმა განაცხადა, რომ არ სურს უკრაინისთვის Taurus-ების გადაცემა, რადგან მათი მოქმედების არეალი საშუალებას იძლევა, სამიზნეებს მოსკოვში დაარტყან.
"Taurus-ის მოქმედების რადიუსი 500კმ-ს აღწევს და თუკი მას არასწორად გამოიყენებენ, კონკრეტულ მიზნებს მოსკოვშიც მიაღწევს“, - განაცხადა კანცლერმა.
ამასთან, მათი აზრით, თუკი მიწოდება განხორციელდება, მათ მიწოდებიდან 8 თვის შემდეგ გამოიყენებენ.
ჩანაწერის მიხედვით, მონაწილეები საუბრობენ შესაძლო სამიზნეებზე, რომლებზეც ამ რაკეტებით მიიტანენ იერიშს.

თუმცა მოსაუბრეების მთავარი კითხვაა, რა გზით შეიძლება დარტყმის სამიზნეები მონიშნონ ისე, რომ პროცესში პირდაპირი ჩართვა არ გამოუვიდეთ.
"ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ თავიდანვე არ იყოს ფორმულირება, რაც ჩვენ კონფლიქტის მხარედ გვაქცევს“, - ამბობს ერთ-ერთი ოფიცერი.
ოთხშაბათს შოლცმა განაცხადა, რომ ქვეყნები, რომლებიც უკრაინას იარაღს აწვდიან, განსაზღვრავენ ამ იარაღის გამოყენების პირობებს. გერმანიის შემთხვევაში კი გამოდიოდა, რომ სამხედროებს რაკეტების გაშვებაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა. "ჩვენს შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ მოგვიწევდა მონაწილეობა მიგვეღო. ვფიქრობ, ეს გამორიცხულია“, - განაცხადა კანცლერმა.
Spiegel წერს, რომ გერმანიის თავდაცვის სამინისტროში წუხან, რომ არ არის გამორიცხული, ამ საუბრის დროს, სხვა, შიდა ინფორმაციაც გაჟონილიყო. გაზეთის მიხედვით, ოფიცრების საუბარი არადაცული ხაზით, არადაშიფრულ პლათფორმა WebEx-ზე მიმდინარეობდა.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჩანაწერის გამოქვეყნება შემთხვევითი არ ყოფილა.
"გასულ კვირას კანცლერმა უკრაინისთვის Taurus-ების გადაცემა გამორიცხა. ექსპერტების თქმით, რუსეთს სურს, რომ ამ გადაწყვეტილებას კანცლერმა მწვანე შუქი არ აუნთოს“, - ციტირებს DW თავდაცვის ექსპერტს მარი-აგნეს შტარკ-ციმერმანს.
ფრთოსანი Taurus-ი "ჰაერი-ხმელეთის“ კლასის რაკეტაა, რომელსაც შვედურ-გერმანული კომპანია Taurus Systems აწარმოებს. მისი მოქმედების არეალი 500-კმ-მდეა. როგორც Deutsche Welle-ს რუსული სამსახური წერს, ჩანაწერის გაჟონვამ გერმანელ პოლიტიკოსებში მრისხანე რეაქცია გამოიწვია, რომლებსაც ახლა საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხოებასთან კითხვები აქვთ.
"დარწმუნებულები ვართ, სხვა საუბრების მოსმენაც მიმდინარეობდა, შესაძლოა, უფრო გვიან, რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე, ისინიც გავრცელდეს“, - ამბობს როდერიხ კიზევეტტერი, რომელიც თავდაცვის საკითხებში ექსპერტია.