ავტორი:

ბრიტანეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთისას 7 წლის გოგონა დაიხრჩო

ბრიტანეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთისას 7 წლის გოგონა დაიხრჩო

ჩრდილოეთ საფრანგეთიდან დიდ ბრიტანეთში მიმავალი ნავი, რომელშიც მიგრანტები ისხდნენ, ამობრუნდა და 16-ივე მგზავრი გაყინულ წყალში ჩავარდა. შედეგად, 7 წლის გოგონა დაიხრჩო.

საფრანგეთის ჩრდილოეთის დეპარტამენტის პრეფექტურის განცხადებაში ნათქვამია, რომ "ნავი სათანადო ზომის არ იყო, რომ ამდენი ადამიანი გადაეყვანა", რის გამოც ის მალევე ამოტრიალდა. პოლიცია და მეხანძრეები შემთხვევის ადგილზე მას შემდეგ მივიდნენ, რაც სასეირნოდ გამოსულმა ადამიანმა ზღვაში მიგრანტები შენიშნა და განგაში გამოაცხადა.

პრეფექტურის განცხადებაში ნათქვამია, რომ 7 წლის გოგონას სამივე დედმამიშვილი მშობლებთან ერთად საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც გაირკვა, ოჯახის გარდა ნავში კიდევ ერთი წყვილი, ორი მამაკაცი და 6 მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა, რომელთაგან ყველა საავადმყოფოშია.

ინგლისის არხზე მიგრანტთა არალეგალური მიმოსვლა ორივე ქვეყნისთვის პრობლემურ საკითხად რჩება. 2023 წელს გაფორმებული შეთანხმების თანახმად, ბრიტანეთი ასობით ფრანგ პოლიციელს 586 მილიონი დოლარით დააფინანსებს, რათა ზღვაში მიგრანტების შესვლა თავიდან აირიდონ. ბრიტანეთის შსს მინისტრმა, ჯეიმს ქლევერლიმ თებერვალში AFP-ს განუცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა წარმატებული გამოდგა და 2023 წელს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის რიცხვი 36%-ით იყო შემცირებული.

წყარო: telegraph

მოამზადა: ანა სიბოშვილმა