ავტორი:

"ადრე გვებრძოდნენ მუსულმანები, ახლა გვებრძვიან რუსულმანებიო... ამის გამო გაზეთში უბინძურესი წერილი დაუწერეს და ამ წერილმა შეიწირა" - თაკო ჩარკვიანის მოგონებები მამაზე

"ადრე გვებრძოდნენ მუსულმანები, ახლა გვებრძვიან რუსულმანებიო... ამის გამო გაზეთში უბინძურესი წერილი დაუწერეს და ამ წერილმა შეიწირა" - თაკო ჩარკვიანის მოგონებები მამაზე

"1990 წელს, ზვიად გამსახურდიას მიერ მომზადებული მიტინგი ჯანსუღს მიჰყავდა. ჩნდება ლოგიკური შეკითხვა: განა რა მოხდა იმ ერთ წელიწადში, რომ ისინი სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ?"

პოლიტიკოს თაკო ჩარკვიანს ჩვენი საზოგადოება ემოციური, კრიტიკული გამოსვლებით იცნობს. ის ყველგან დაუფარავად გამოთქვამს თავის აზრს - საქართველოს პარლამენტის კედლებში და მის გარეთაც. ამჯერად ქალბატონ თაკოს სულ სხვა ამპლუაში წარმოგიდგენთ: ის იგონებს მამას - ჯანსუღ ჩარკვიანს და მის შეუდარებელ სამეგობროს, რომელმაც ქართული კულტურის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა.

- როდესაც მამაზე და მის სამეგობროზე ვფიქრობ, ყოველ ჯერზე ვრწმუნდები, რომ 60-იანელთა ფანი ვარ. ჯერ როგორი კურსელები ჰყავდა: ოთარ და თამაზ ჭილაძეები, ტარიელ ჭანტურია, გივი გეგეჭკორი, ვახტანგ ჯავახაძე, გივი სამსონაძე... - ამდენი ვარსკვლავი თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მხოლოდ ერთ კურსზე სწავლობდა! საოცარი მეგობრობა ჰქონდათ, ერთმანეთს ყოველთვის მხარში ედგნენ და მათ შორის ოდნავი შური ან დაპირისპირებაც კი არ იყო. მერე ეს მეგობრობა ნათელმირონობაში გადაიზარდა: ჩვენს ოჯახს ნათელ-მირონი აკავშირებს ტარიელ ჭანტურიასთან, ოთარ ჭილაძესთან, იოსებ ნონეშვილთან, თამაზ ჭილაძესთან და იმ დროის სხვა ცნობილ ხელოვანებთან. როდესაც მათ ვიხსენებ, ვხვდები, მსგავსი ადამიანები საუკუნეში ერთხელ იბადებიან. მახსოვს, როცა ჯანსუღის ლექსები გამოქვეყნდა, ჩვენს ტელეფონზე ღამის ზარი შემოვიდა, ეს ოთარ ჭილაძე იყო, რომელიც მამას მთელი ხმით ულოცავდა და ეუბნებოდა: ახლა წავიკითხე შენი გულიანი ლექსები, შენ გენაცვალეო. როგორც გითხარით, მათ შორის კონკურენციის ნასახიც კი არ იგრძნობოდა. პირიქით, ერთმანეთს აგულიანებდნენ და ყველა სტრიქონს უწონებდნენ, რასაც შემოქმედისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. პოეზია მეც ძალიან მიყვარს და ეს ჯანსუღის დამსახურებაა, ყველა ნიჭიერი პოეტის ლექსებს ის დიდი სიყვარულით მაწვდიდა. იცით ახლა რას ვდარდობ ყველაზე მეტად? - მათი მოლხენა და ქეიფი ვერ ჩავიწერე, ვერ შემოვინახე.

ჩვენს სახლში კარი არ იკეტებოდა და ღამის ზარებიც არ გვიკვირდა: მამა სულ იმეორებდა: გააღეთ, ან ბიჭები იქნებიან, ან ვიღაცას უჭირსო. ორი ოთახი გვქონდა და მამაჩემი შუაში კარს არ სვამდა, მეგობრები რომ ვიკრიბებით, ადგილი არ გვყოფნისო. ამიტომ, დედამ ეს ორი ოთახი ლამაზი ფარდით გადატიხრა.

დედაჩემმა, ირმა ჩხეიძემ მამას ძალიან კარგი მეუღლეობა გაუწია, ალბათ იმიტომ, რომ ერთნაირი მენტალიტეტი და ერთი ჭკუა ჰქონდათ: დედაც ლიტერატორია, ენათმეცნიერი, თვითონაც კარგად წერდა და მთელი ცხოვრება კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებას იკვლევდა - მას სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაციები აქვს გამსახურდიაზე დაცული.

- ყველაზე მეტად ვის აფასებდა სამეგობროდან?

- მამას განსაკუთრებით უყვარდა მუხრან მაჭავარიანის და მურმან ლებანიძის პოეზია, მათი ლექსები მეც შემაყვარა. მარტო სტუდენტობის ამხანაგებთან კი არა, ყველასთან მეგობრობდა, მაგრამ ნოდარ დუმბაძესთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. მათი ტანდემი ნამდვილ ფეიერვერკს ჰგავდა, რადგან ორივე გამორჩეული იუმორით იყო დაჯილდოებული. ერთ ამბავს გავიხსენებ: საბჭოთა პერიოდში უცხოეთში გასვლა რთული იყო. ერთ-ერთ კონკურსში ჯანსუღის ლექსმა გაიმარჯვა და იუგოსლავიაში უნდა წასულიყო. ეს ლექსი გახლდათ "მწყურვალისათვის მიმატანინე წყალი", რომელმაც პრემიაც მოიპოვა. მამას ბილეთები უკვე ნაყიდი ჰქონდა, როცა ნოდარმა მწვავე ინფარქტი მიიღო. ჯანსუღმა ბილეთები ჩააბარა და იუგოსლავიის ნაცვლად, მეორე დილას საავადმყოფოში მივიდა. მის თავთან იჯდა. როცა ნოდარმა თვალი გაახილა და გაოცებულმა ჰკითხა, "ჯანუკა, ბიჭო, შენ აქა ხარ? მე უკვე წასული მეგონე". - ბიჭო, ნოდარა, მეც რა ხნის წასული მეგონე, მაგრამ აგერ წევხარ და მელაპარაკებიო, - უპასუხა მამამ. ასე შეხუმრებულები იყვნენ და იუმორით ბევრი რამ გაიტანეს.

ჯანსუღ ჩარკვიანი და ნოდარ დუმბაძე
ჯანსუღ ჩარკვიანი და ნოდარ დუმბაძე

კიდევ ერთი მოგონება დედაჩემმა შემოინახა: ნოდარს სერიოზული ინფარქტი მოუვიდა. როგორც კი გამოკეთდა, მამას წერილი გამოუგზავნა: რეაბილიტაციის ცენტრში ვწევარ და იცი, რას ვაკეთებ? შენს სტროფანტინს ვკითხულობო. ნოდარ დუმბაძეს ძალიან უყვარდა ლექსი "ლამაზი სიკვდილი" და მას სტროფანტინი დაარქვა - იმ წამლის სახელი, რომლითაც მკურნალობდა. ეს წერილი შენახული გვაქვს. ხშირად ვფიქრობ: ალბათ დიდ ნიჭს შეუძლია ასე უშურველად სხვისი ნიჭის დანახვა და აღიარება.

- როგორ გავრცელდა ხალხში საოცარი სიტყვები - "თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია"?

- ეს სიტყვები პოემაში ჰქონდა შეტანილი, რომელიც 1972 წლით თარიღდება. ბავშვობაში ამას ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ ახლა, როცა წლები გავიდა და ვხედავ, რუსეთის სახით როგორ მონსტრს ვებრძვით, კარგად ვხვდები, რამხელა წნეხს უძლებდა ეს თაობა და რა ფასად უჯდებოდა თითოეულს ნებისმიერი თამამი სტრიქონის გამოქვეყნება. სხვათა შორის, ერთხელ დედას ვკითხე, - როგორ ახერხებდა ასეთი სიტყვების დაბეჭდვას-მეთქი? მიპასუხა, - აბა, ერთი დათვალე, რამდენი ინფარქტი აქვს მიღებულიო?! პირველი ინფარქტი მამამ 40 წლის ასაკში გადაიტანა და მერე სულ ხუმრობდა, ინფარქტებს ვაგროვებო. განსაკუთრებით მძიმე იყო მისთვის 1977 წელი: მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი იყო და მან ერთადერთმა არ მოაწერა ხელი ზვიად გამსახურდიას გარიცხვას მწერალთა კავშირიდან. ამის საპასუხოდ, ე.წ. კოლეგებმა ანონიმური წერილები დაუწერეს და მოსკოვში უჩივლეს. ერთ-ერთ ასეთ წერილს ხელს აწერდა მაშინდელი "სამშობლოს" რედაქტორი გივი კარბელაშვილი, რომელმაც "ცეკას" ასეთი თხოვნით მიმართა: იქნებ თქვენ მიხედოთ ამ პოეტს, თავისუფლებაზე წერს და ტყვიას ითხოვსო...

- ეს ამბავი როგორ დასრულდა?

- მამას ისევ სამეგობრო დაუდგა გვერდით: კერძოდ, რეზო ჭიჭინაძე - მსახიობ დოდო ჭიჭინაძის ძმა, რომელმაც თქვა, ამ ყველაფერს მარტო მე არ ვეყოფი, ვიღაც უნდა დამეხმაროსო. ასეთი დამხმარე აღმოჩნდა მსახიობი არჩილ გომიაშვილი, რომელსაც მოსკოვში ბევრი როლი ჰქონდა შესრულებული და ძალიან პოპულარული იყო. საქმეში ჩართეს კიდევ უფრო ცნობილი და გავლენიანი რუსი არტისტი - ულიანოვი და ყველაფერი გააკეთეს, რომ ანონიმურ წერილს ცუდი შედეგი არ მოჰყოლოდა. ასე ებრძოდნენ ყველა პატრიოტულ სტრიქონს, მაგრამ კიდევ კარგი, რომ ქართველმა მწერლებმა თავიანთი მტკიცე წრე შეკრეს და ერთმანეთს ეხმარებოდნენ - ამიტომაც ვამბობ, 60-იანელების ფანი ვარ-მეთქი! ისინი დანის პირზე გადიოდნენ, მაგრამ ხალხში პატრიოტული სულის გაღვიძებას მაინც ახერხებდნენ. იმ წლებში, მამა "ცისკრის" რედაქტორი გახლდათ, სადაც უმწვავესი ანტისაბჭოური წერილები იბეჭდებოდა. მასში დაიბეჭდა "დათა თუთაშხია", აკაკი ბაქრაძის და სხვათა მწვავე, კრიტიკული წერილები. განაგრძეთ კითხვა