ცესკოს დელეგაცია გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით კალიფორნიის შტატში პრეზიდენტის პრაიმერის არჩევნებს დააკვირდა

ცესკოს დელეგაცია გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით კალიფორნიის შტატში პრეზიდენტის პრაიმერის არჩევნებს დააკვირდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) დელეგაცია გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით კალიფორნიის შტატში - ლოს ანჯელესში გამართულ პრეზიდენტის პრაიმერის არჩევნებს დააკვირდა. დელეგაცია კალიფორნიაში ლოს ანჯელესის ადმინისტრაციული ოლქის ხელმძღვანელის დინ ლოგანისა და საერთაშორისო ორგანიზაცია Transparencia Electoral-ის მიწვევით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი, ცესკოს წევრები გიორგი ძაგანია და არჩილ ანასაშვილი.

დელეგაციის წევრები არჩევნებისთვის მზადების პროცესსა და იმ სიახლეებს გაეცნენ, რომელიც ამ არჩევნებისთვის დაიგეგმა და განხორციელდა. კერძოდ კი ყველასთვის ხელმისაწვდომი საარჩევნო უნიკალური სისტემის (VSAP) ინოვაციებს. ისინი ასევე იმყოფებოდნენ საარჩევნო უბნებზე და დეტალურად გაეცნენ საარჩევნო ტექნოლოგიების მუშაობას. შეისწავლეს სასაწყობე ინფრასტრუქტურის მუშაობა, ასევე იმყოფებოდნენ დათვლის ახალ ცენტრში და გაეცნენ იქ არსებულ ბიზნეს-პროცესებს და ოპერაციებს.

ვიზიტის ფარგლებში ცესკოს დელეგაციის წევრები შეხვდნენ ლოს ანჯელესის ოლქის ადმინისტრაციის მთავარ მოხელეს დინ ლოგანს, მის მოადგილეს ჯერემი გრეის, Transparencia Electoral-ის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, ამერიკის შეერთებული შტატების საარჩევნო ხელშეწყობის კომისიის წევრს კრისტიან მაკ კორმიკს.

როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, შეხვედრების ძირითადი თემა საარჩევნო საკითხებზე გამოცდილების ურთიერთგაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები იყო.

„ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებო მიმართულება იყო ამომრჩეველთა ინფორმირება, ლოგისტიკური საკითხები, ბიზნესპროცესები, საწყობის მართვა, დეზინფორმაციასთან გამკლავება. ძირითადად ამ საკითხებზე გვქონდა განხილვა. დინ ლოგანთან შეხვედრისას ხაზი გავუსვით როგორც ჩვენს ქვეყნებს შორის, ისე ჩვენი ინსტიტუციების თანამშრომლობის მნიშვნელობას, შეთანხმდით ამ თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაც დადებითად აისახება ჩვენი საქმიანობის განხორციელებაში. მინდა აღვნიშნო, რომ ამ ბოლო პერიოდში ეს არის ცესკოს დელეგაციის მესამე ვიზიტი აშშ-ში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ მათი გამოცდილების გათვალისწინებით ჩვენ ახალ სასაწყობე სისტემას ვაყალიბებთ. რა თქმა უნდა, ამ ღირებული გამოცდილების ურთიერთგაზიარება ეფექტიანად აისახება ჩვენი საარჩევნო პროცესების გაუმჯობესებაზე, დახვეწასა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელებაზე“, -აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.

ვიზიტის ფარგლებში ცესკოს დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ სადამკვირვებლო მისიით მყოფი სხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს, განიხილეს სხვადასხვა საარჩევნო საკითხი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

R