ავტორი:

შავაძის მკვლელობის საქმე: რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი 15 წელზე მეტი ხნის შემდეგ

შავაძის მკვლელობის საქმე: რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი 15 წელზე მეტი ხნის შემდეგ

"დაიკითხა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების რაზმის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი, რომელმაც დაადასტურა, რომ როინ შავაძის უკანონო დაკავების და მისი მკვლელობის პროცესში უშუალო მონაწილეობას იღებდა ალი ბალაძე თეიმურაზ პატარიძესთან ერთად", - ამის შესახებ საქმის პროკურორმა ლაშა ბიწაძემ სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

  • პროკურორის თქმით, ბრალდების მხარემ მტკიცებულებათა გამოკვლევა თითქმის უკვე დაასრულა, ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე კი დაიკითხება საქმის გამომძიებელი და გამოიკვლევენ წერილობითი მტკიცებულებას.

"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე როინ შავაძის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით დაიკითხა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების რაზმის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი, რომელმაც დაადასტურა, რომ უშუალოდ როინ შავაძის უკანონო დაკავების და მისი მკვლელობის პროცესში უშუალო მონაწილეობას იღებდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ალი ბალაძე თეიმურაზ პატარიძესთან ერთად. ის გასცემდა შესაბამის მითითებებს 2008 წლის 16 აგვისტოს დილიდან, როინ შავაძის დაკავების პროცესიდან, ასევე, მისი მკვლელობის პროცესში, ასევე ზოგადად დანაშაულის ინსცენირებისა და მტკიცებულებათა გაყალბების პროცესში“, - განაცხადა პროკურორმა.

  • ალი ბალაძის ადვოკატის განცხადებით, საქმეზე გამამართლებელ ვერდიქტს არანაირი ალტერნატივა არ აქვს.

როგორც ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ აღნიშნა, ბრალდება ორი მოწმის იმედზეა, რომლებიც ჩვენებებზე იმას იტყვიან, რასაც პროკურატურა მათ დაავალებს.

მისივე თქმით, ზემოხსენებული მოწმეები მინიმუმ ოთხჯერ დაკითხეს და მათი ჩვენებები ერთმანეთს არცერთხელ დაემთხვა.

"საქმეში არსებული არცერთი დამაჯერებელი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ალი ბალაძემ რაიმე სახის დანაშაული ჩაიდინა. საქმეში უამრავი მოწმის ჩვენებაა, რომელთა მიხედვითაც არათუ დასტურდება, არამედ გამოირიცხება ალი ბალაძის მხრიდან რაიმე სახის დანაშაული. ბრალდება დარჩენილია მხოლოდ ორი მოწმის იმედად. ეს მოწმეები თავად ბრალდებულები არიან უმძიმესი მუხლებით, ისინი აღიარებენ დანაშაულს და საპროცესო შეთანხმებას ელოდებიან. ამ ადამიანებს რასაც ეტყვის პროკურატურა, იმას გაიმეორებენ. მათი ჩვენებები არასანდო და არასაფუძვლიანია. ისინი მინიმუმ ოთხჯერ დაკითხეს და ყოველ ჯერზე მათი ჩვენებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება.

ამ საქმეზე გამამართლებელ ვერდიქტს არანაირი ალტერნატივა არ აქვს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ცრუ მოწმეების მოყვანით ნაფიც მსაჯულებს შეცდომაში შეიყვანს, ძალიან ცდება. მე ვერ წარმომიდგენია, ნაფიც მსაჯულებს შორის არსებობდეს ერთი ადამიანიც კი, რომელიც ამ ორი ადამიანის ჩვენებას გაიზიარებს“, - განაცხადა ალი ბალაძის ადვოკატმა.

  • ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წლის 15 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა ბათუმში მცხოვრები როინ შავაძის ოპერატიულად შესწავლის დავალება მიიღო, რადგან თითქოს არსებობდა ინფორმაცია, რომ იგი უცხო ქვეყნის "სპეცსამსახურებთან“ თანამშრომლობდა.

კუდ-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები, მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით, ბათუმში მდებარე კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით, სასტიკად გაუსწორდნენ.

სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული როინ შავაძე ერთ-ერთი ავტომობილის უკანა სავარძელზე მოათავსეს და შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს. ბათუმის გასასვლელთან მათ დამატებით სპეცდანიშნულების რაზმის სხვა წევრები შეუერთდნენ. აღნიშნულმა პირებმა უმწეო მდგომარეობაში მყოფი როინ შავაძე ავტომანქანიდან გადაიყვანეს, დააყენეს სავალი გზის გადასწვრივ, ქარსაცავი ხეების ზოლის მიმდებარედ და კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოახდინეს მისი ლიკვიდაცია. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, როინ შავაძეს სხეულზე დაახლოებით 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

გამოძიების ინფორმაციითვე, როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ფაქტის შესანიღბად, კუდ-ის თანამშრომლებმა ყალბი ვერსია შეიმუშავეს, კერძოდ: შედგა ყალბი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, სადაც მიეთითა, რომ თითქოსდა როინ შავაძეს დაკავებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და რეალურად ნარკოტიკული საშუალება დაკავების ადგილზე თავად დაკავების ორგანიზებაში მონაწილე პირებმა მიიტანეს.
ამავე ვერსიის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულისთვის დაკავებულის ეტაპირება უნდა მომხდარიყო თბილისში. მგზავრობის პროცესში, როინ შავაძემ თითქოს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით მოითხოვა მანქანის გაჩერება, რის შემდგომაც მოახერხა სპეცდანიშნულების რაზმის წევრისთვის იარაღის წართმევა, გასროლა მათი მიმართულებით და გაქცევა, რის საფუძველზეც მას საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2020 წლის 19 ნოემბერს საქმეზე - „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის, კერძოდ - სიცოცხლის უფლების როგორც პროცედურული, ასევე არსებითი ნაწილის დარღვევა დაადგინა.

სასამართლოს შეფასებით, იმჟამინდელი მთავრობის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ როინ შავაძის სიკვდილი, დაკავებისას მისი გაქცევის აღსაკვეთად საჭირო ძალის გამოყენების შედეგი იყო, არ შეესაბამებოდა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.

აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფოს დაეკისრა ვალდებულება საქმეზე ჩაეტარებინა ეფექტიანი გამოძიება.

ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას მომჩივნის სასარგებლოდ 40 000 ევროს გადახდა დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურების სახით.