ავტორი:

10 წლის წინ გაუჩინარებული თვითმფრინავის იდუმალებით მოცული ამბავი - რატომ გადაწყვიტა მალაიზიამ ძებნის კიდევ ერთხელ განახლება?

10 წლის წინ გაუჩინარებული თვითმფრინავის იდუმალებით მოცული ამბავი - რატომ გადაწყვიტა მალაიზიამ ძებნის კიდევ ერთხელ განახლება?

მალაიზიამ შესაძლოა, გაუჩინარებული თვითმფრინავის, რეისის - MH370 ძებნა განაახლოს, ამის შესახებ ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა განაცხადა - ენტონი ლოკის თქმით, ტეხასის შტატში დაფუძნებულმა კომპანია Ocean Infinity-მ ინდოეთის ოკეანეში, თვითმფრინავის ჩამოვარდნის სავარაუდო ადგილას აქამდე ჩატარებული სამძებრო სამუშაოების არეალის გაფართოება შესთავაზა.

  • მისივე თქმით, კომპანია პირობას დებს, რომ თუ თვითმფრინავს ვერ იპოვიან, ძებნის ოპერაციის ხარჯების ანაზღაურებას არ მოითხოვენ. Ocean Infinity -მ დაკარგული თვითმფრინავის პოვნა ბოლოს 2018 წელს სცადა.

”მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ამ ტრაგედიის განმეორების თავიდან ასაცილებლად. ჩვენ ველოდებით Ocean Infinity-ს, რომ მოგვაწოდოს შესაფერისი თარიღები. მე მათ მაშინ შევხვდები, როდესაც მზად იქნებიან მალაიზიაში ჩასასვლელად. მოხარული ვარ, რომ გარკვეული პროგრესი შეინიშნება ზოგიერთ ახალ კვლევასა და ტექნოლოგიებში, ამიტომ ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ ძებნის შედეგად თვითმფრინავის პოვნა შესაძლებელი გახდება“, - თქვა ლოკმა.

  • რეისი MH370, Boeing 777, კუალა ლუმპურის აეროპორტიდან პეკინის მიმართულებით, 2014 წლის 8 მარტს, ადგილობრივი დროით 12:41 საათზე გაემგზავრა. ბოლო ხმოვანი კომუნიკაცია კაბინიდან, აფრენიდან ერთ საათზე ნაკლებ დროში გაისმა - "ღამე მშვიდობისა, Malaysian 370“ ამის შემდეგ, სახმელეთო კონტროლთან კავშირი შეწყდა.

სამხედრო რადარის მონაცემებით, თვითმფრინავმა მარშრუტს აფრენიდან ორი საათის შემდეგ გადაუხვია, გაურკვეველი მიზეზის გამო, მოულოდნელად დაბრუნდა მალაიზიაში, შემდეგ კი ინდოეთის ოკეანისაკენ გაემართა. არ ყოფილა ცნობები უამინდობის ან უბედური შემთხვევის შესახებ.

საგამოძიებო მოქმედებები გაუჩინარებიდან 12 საათის შემდეგ დაიწყო. მალაიზიისა და ჩინეთის ხელისუფლებამ სამძებრო სამუშაოებში 142 მილიონი დოლარი დახარჯა. ძიების არეალის გაფართოების შედეგად, მათ კიდევ 26 ქვეყანა შეუერთდა, მაგრამ თვითმფრინავის კვალს ვერავინ მიაგნო.

2014 წლის მარტში, ავიაკომპანიამ თვითმფრინავს ჩამოვარდნის ფაქტი აღიარა და ბორტზე მყოფი ყველა წევრი დაღუპულად გამოაცხადა.

ერთი წლის შემდეგ, 2015 წლის ივლისში, კუნძულ რეიუნიონზე, MH370-ის ფრთის ფრაგმენტი იპოვეს. წლების განმავლობაში Boeing 777 - ის სავარაუდო ჩამოვარდნის ერთადერთი დამადასტურებელი კვალი სამი ფრთის ფრაგმენტი იყო, რომლებიც ინდოეთის ოკეანის სანაპიროებზე, მადაგასკარში, რეიუნიონის კუნძულსა და ტანზანიაში გამოირიყა.