კარგი პოეზია იმით იცნობა, რომ დროს უძლებს. დაზეპირება არ სჭირდება და მეხსიერებაში ერთი ფრაზითა თუ წინადადებით შემორჩება. ნაწყვეტის გახსენება კი ზუსტად იმ ემოციას აღძრავს, რაც პირველი წაკითხვისას დაგეუფლა.
„ჩემი სამშობლო ტერფისხელა მიწიდან იწყება“, - ეს თეიმურაზ ჭუმბურიძის ერთი ლექსის ერთი სტრქიონია. ეს თითქოს მთელი ცხოვრებაა დაბადებიდან მიწაზე ფეხისდაბიჯებამდე. იმ შეგრძნებაზე, როცა პირველად იგრძენი სიმყარე და საკუთარ თავს უთხარი - შენ ფეხზე დგახარ! ეს არის ის შინაარსი, რომელიც აქტუალობას არასდროს დაკარგავს, დროისა თუ ფასეულობების ცვლილების მიუხედავად. ავტორს მოაქვს ფილოსოფიური ცოდნა და სამშობლოს გააზრებას ახალფეხადგმული ბავშვის მიერ მიწაზე შეხებას ადარებს, როგორც სიმყარეს და ბალანსის დამცველს წონასწორობის შესანარჩუნებლად, სამშობლოს შესაგრძნობად. ამ ლექსს ჰქვია „ტერფისხელა მიწა“, რომელმაც საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა და სწორედ ამ ლექსით, მან 2014 წელს ეროვნული ჯილდო „ოქროს პერგამენტი“ მიიღო. ეროვნული ჯილდო მას მიღებული აქვს 2011 წელსაც.
მისი შემოქმედება განუყოფელია ადამიანურ გრძნობებისგან: სიმარტოვის, სევდის, სიხარულის, ტკივილისა თუ სისასტიკისგან.. ერთი ამოსუნთვით წაიკითხავ და ხვდები რომ რაღაც დიდი წაიკითხე. ზოგჯერ ისეთი განწყობა გეუფლება, როგორც თავად ამბობს ერთ-ერთ ლექსში - „ცა მომეჩვენა ძალზე დაბალი, დედამიწა კი უფრო მაღალი“.
თეიმურაზ ჭუმბურიძე ცნობილი ქართველი მწერალი, ფილოლოგი და ფსიქოლოგია. ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, როცა მისი შემოქმედება შეუმჩნებელი არ დარჩენია ლიტერატურით დაინტერესებულ მკითხველს. ბუნებით მშვიდი და მორიდებულია. არ უყვარს როცა აქებენ. ინტერვიუზეც იშვიათად თანხმდება. ის სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა არაერთ გამოცემაში: გაზეთი „თბილისი“, საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის ლიტერატურის რედაქცია. გაზეთი „ახალი 7 დღე“, გაზეთი „მთავარი გაზეთი“, გაზეთი „კვირა“ და გაზეთი „ალია“, გაზეთი „პრემიერი“ ა.შ. იყო ჟურნალების „თბილისის ოპერისა“ და „მარჯანიშვილის“ ლიტერატურული რედაქტორი. საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს გამოცემის ლიტერატურული რედაქტორი და გამოცემის სლოგანის - „ღვინის პირველი წვეთი“ – ავტორი. არის რამდენიმე ფილმის სცენარის ავტორი. სხვადასხვა დროს იყო არაერთი ლიტერატურული კონკურსის ჟიურის წევრი. ლიტერატურულ პროცესებში მონაწილეობისათვის მიღებული აქვს არაერთი მადლობის სიგელი, ჯილდო და დიპლომი. მის მიერაა შექმნილი „ქართული ლიტერატურის ოქროს ფონდი“, რომელიც ლიტერატურის მოყვარულთათვის უძვირფასეს საგანძურს წარმოადგენს.
ეს ყველაფერი თეიმურაზ ჭუმბურიძეს მაღალი ინტელექტისა და არსობრივ მოაზროვნედ წარმოგიდგენს, რომელსაც მისი შემოქმედებაც ადასტურებს. კითხულობ მის შემოქმედებას და ხვდები რომ მისი მასშტაბები დიდია. მის შემოქმედებას მოაქვს ის ცოდნა, რომელიც აუცილებელად ჩაგაფიქრებს და გიბიძგებს ზოგადი ფილოსოფიური დისკურსი უფრო მიწერი და ხელშესახები გახადო, შენთან თანაცხოვრებადი და არა განყენებული თაროზე შემოდებული თეორია. დიდი ცოდნითა და პოეტური ხერხებით აუცილებლად მიგიყვანს პასუხამდე, რომ ცხოვრება იმად ღირს რომ იცოცხლო და რომ „დარდი და მწუხარება ამოიწურა, ახალი დროა, ახალი ფურცელია“.
თეიმურაზ ჭუმბურიძის შემოქმედება ემოციებში მოგზაურობას გპირდებათ. ემოციებში, რომელიც მარადიულად შემორჩება თქვენში და ლექსები კი დარჩება, როგორც ამ ემოციების ფიზიკური რეპრეზენტაცია. დიდხანს არ დაგავიწყდება და თითქოს ხვდები, რომ ეს პოეზია ირეკლავს შენს ყოველდღიურობას. ამიტომაც ახდენს შენში ასეთ ამბოხს - აღმავალი და დაღმავალი ემოციებით.
არ შემიძლია არ ვახსენო მისი კიდევ ერთი შესანიშნავი ლექსი „მე დავიბადე ოქტომბერში, ფოთოლცვენის დროს“. მართლაც ოქტომბერში დაბადებული ავტორი, კიდევ ერთი ფილოსოფიის ლექსად რეპრეზენტაციას ახდენს, რომ წარსულის დავიწყება არ შეიძლება. რომ წარსულის გადაშლა ჰგავს ოქტომბერში ჩამოცვენილი ფოთლების „ფეხვეშ დაჟანგებას“, რომლის კვალს თოვლი შლის. ლექსს კი ღია კითხვით ასრულებს, რომელი კითხვაც მუდმივად რჩება შენს მეხსიერებაში: „მაშინ რაღა ვქნათ, თუ წარსულით გვინდა გათბობა, როგორ ვიცხოვროთ თოვლში, მარტო უისტორიოდ?!“.
მიხეილ გეწაძე