ავტორი:

"ბეჭდიანი ხელი მომიქნია და ცხვირში მომხვდა... არც მე დამიკლია" - რას ამბობს იაგო ხვიჩია თავდასხმაზე

"ბეჭდიანი ხელი მომიქნია და ცხვირში მომხვდა... არც მე დამიკლია" - რას ამბობს იაგო ხვიჩია თავდასხმაზე

გუშინ იაგო ხვიჩიას "გირჩის“ ოფისში თავს დაესხნენ და მას ექიმების დახმარება დასჭირდა. პოლიტიკოსმა ამერიკული ჰოსპიტალი ცოტა ხნის წინ დატოვა. როგორც ხვიჩია ამბობს, მას მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა, ეს ყოველივე კი " ქართული ოცნებისა“ და საპატრიარქოს პროპაგანდის ნაწილია.

როგორც ირკვევა, გუშინ საღამოს საათებში ოფისში მივიდა მამაკაცი, რომელიც შეურაცხყოფას აყენებდა იქ მომუშავე ადამიანებს, ამ ყველაფრის მიზეზი კი ის იყო, რომ მამაკაცის ძმა პარტია "გირჩმა“ იხსნა სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან.

დაპირისპირების შედეგად იაგო ხვიჩიამ სახის არეში მიიღო დაზიანებები და ამიტომ გახდა მისი ჰოსპიტალში გადაყვანა საჭირო.

ambebi.ge იაგო ხვიჩიას დაუკავშირდა, რომელიც ინციდენტის შესახებ გვიყვება:

"ეს ყველაფერი გამოწვეულია "ქართული ოცნების“ და საპატრიარქოს ბინძური პროპაგანდით. ადამიანი საღამოს მოვიდა ოფისში, რომლის ძმაც თავის დროზე ჯარიდან დავიხსენით "ბიბლიური თავისუფლების“ დახმარებით. მან დაიწყო ჩხუბი იმაზე, რატომ მივეცით მის ძმას "ბიბლიური თავისუფლების“ საბუთი და რატომაა ამერიკაში, ნაცვლად სამხედრო სამსახურისა, ეს იყო შინაარსი. ადამიანი გვიმტკიცებდა, რომ ჩვენ სატანისტები ვართ, რომ მისი ძმაც სატანას ვაზიარეთ, ის თანამშრომლებს აყენებდა შეურაცხყოფას. ამ ადამიანს არ ვიცნობ, არასდროს მინახავს. როცა თანამშრომლების შეურაცხყოფაზე გადავიდა, ავდექი და გარეთ გავაგდე. გაგდების დროს მან ბეჭდიანი ხელი მომიქნია, ცხვირში მომხვდა და კანი მაქვს გახეული, არაფერი განსაკუთრებული. არც მე დამიკლია, სიმართლე გითხრათ. არ მგონია, მას სხვებმა მიბაძონ, ამის სურვილი გაუჩნდეთ ამის შემდეგ. ჩივილი ჩვენი საქმე არ არის, არ ვთანამშრომლობ გამოძიებასთან, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ჩააყუდებენ ციხეში, ასე დამთავრდება ეს ისტორია. ჩივილი ჩვენი საქმე არ არის, ჩვენ პასუხი გავეცით, კიდევ თუ შეგვხვდა, კიდევ გავცემთ".