ავტორი:

ფიგუ, ძანეტი, მატერაცი, ვერონი, ქეცბაია, არველაძეები, კალაძე და სხვები "ბათუმი არენაზე" - ლეგენდების მატჩის დღე

ფიგუ, ძანეტი, მატერაცი, ვერონი, ქეცბაია, არველაძეები, კალაძე და სხვები "ბათუმი არენაზე" -  ლეგენდების მატჩის დღე

ბათუმის "აჭარაბეთ არენაზე“ დღეს, ახალი პროექტის, Legend Series-ის პირველი თამაში გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მილანის "ინტერის“ ლეგენდარული ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.

კახა კალაძემ Legend Series-ის პირველი თამაშის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ ბათუმის არენაზე მსოფლიო დონის ვარსკვლავების ხილვა თამაშს სანახაობრივს გახდის და ამასთან ხელს შეუწყობს ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციას.

"მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ჩავატარო შეხვედრა "ინტერთან“. წლების განმავლობაში ჩვენ მოწინააღმდეგეები ვიყავით. უბედნიერესი ვარ, რომ ღმერთმა "მილანში“ თამაშის შესაძლებლობა მომცა. როგორც ფეხბურთელმა საკლუბო დონეზე, რაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი მოვიგე. ამ შეხვედრის ორგანიზატორებს მადლობას ვუხდი პროექტისთვის. ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის ასეთი თამაშები ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შეხვედრა სანახაობრივადაც საინტერესო იქნება. ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მიეცემა მსოფლიო დონის ვარსკვლავების ხილვის შესაძლებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პრესკონფერენციაში, კახა კალაძესთან ერთად, არჩილ არველაძემ, მარკო მატერაციმ და ხავიერ ძანეტმა მიიღეს მონაწილეობა.

ვეტერანმა ფეხბურთელმა მარკო მატერაციმ "ინტერში“ თამაშის წლები გაიხსენა და თამაშზე ქართველი მეტოქეების სიძლიერეს გაუსვა ხაზი.

"მქონდა შესაძლებლობა მეთამაშა და დავპირისპირებოდი ისეთ ფეხბურთელს, როგორიც კახა კალაძეა. ბევრი თამაში ჩავატარეთ, სამწუხაროდ, მოგვიწია ბევრჯერ მატჩის დათმობა, რადგან ძლიერი მოთამაშე იყო. 7 მარტს გვექნება საშუალება, კიდევ ერთხელ შევხვდეთ ამხანაგურ მატჩზე. გარდა თამაშისა, იქნება მხიარული გარემო და ბევრი ღიმილი“, - აღნიშნა მარკო მატერაციმ.

პრესკონფერენციაზე კახა კალაძემ მილანური დერბის თამაშებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გოლის გატანის სიხარული მისთვის ახლაც დიდი ემოციაა, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში დაცვაში ითამაშებს.

"მილანური დერბი ყოველთვის განსაკუთრებულია. ამაში დამეთანხმება გულშემატკივარი. სრულიად ქალაქი ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადება ამ თამაშისთვის. "ინტერი“ – "მილანის“ თამაში არის რადიკალურად განსხვავებული ყველა დანარჩენი შეხვედრისგან. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ მქონდა შესაძლებლობა, გამეტანა "ინტერის“ კარში და მოგვეგო ის შეხვედრა ანგარიშით 1:0. რთულია იმ ემოციების გადმოცემა, რასაც მაშინ ვგრძნობდი და ბიჭები დამერწმუნებიან, თუ რამხელა სიხარული აქვს იტალიაში, მილანურ დერბში გამარჯვებას. ეს არის უდიდესი პოზიტივი გულშემატკივრებისთვის და ფეხბურთელებისთვის. მე ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ მომეცა შესაძლებლობა, საკუთარ თავზე გამომეცადა ეს ყველაფერი. გამიხარდება, თუ მომეცემა გოლის გატანის შესაძლებლობა, თუმცა ისეთი ფეხბურთელები გვყავს - შოთი, აჩი, გიო ქინქლაძე, დემეტრაძე, იაშვილი, კობი, ქეცბა, რომლებმაც უნდა გაიტანონ. ჩვენ დავიცავთ“, - განაცხადა ვეტერანმა ფეხბურთელმა.

ჩვენი ნაკრებისა და იტალიური გრანდის ვეტერანი ვარსკვლავების შემადგენლობები:

  • GEO11

მეკარეები: გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი

მცველები: კახა კალაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, მალხაზ ასათიანი, კახა ცხადაძე, გიორგი ნავალოვსკი, ალექსანდრე ამისულაშვილი, ლაშა სალუქვაძე.

ნახევარმცველები: თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, ჯანო ანანიძე, გიორგი ნემსაძე, ლევან ყენია, გოჩა ჯამარაული, სანდრო კობახიძე, გოგა გახოკიძე, ლევან ცქიტიშვილი.

თავდამსხმელები: შოთა არველაძე, არჩილ არველაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, დავით სირაძე, ლევან მჭედლიძე.

  • Inter Legends

მეკარეები: ჟულიო სეზარი, სებასტიან ფრეი.

მცველები: ხავიერ ძანეტი, მარკო მატერაცი, ლუსიო, მაიკონი, ივან კორდობა, ფრანჩესკო კოლონეზე, ანდრეა რანოკია.

ნახევარმცველები: ლუიშ ფიგუ, ესტებან კამბიასო, ხუან ვერონი, ვესლი სნეიდერი, გეორგიუს კარაგუნისი, ბორხა ვალერო, ჰუსინ ხარჯა.

თავდამსხმელები: დიეგო მილიტო, როდრიგო პალასიო, გორან პანდევი, დავიდ სუასო.