ავტორი:

"ქვეყანაში პედოფილიის ეპიდემია მძვინვარებს... ეს კიდევ დგას და სქესის არჩევაზე ლაპარაკობს" - თამარ ჩერგოლეიშვილი

"ქვეყანაში პედოფილიის ეპიდემია მძვინვარებს...  ეს კიდევ დგას და სქესის არჩევაზე ლაპარაკობს" -  თამარ ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" დამფუძნებელი და "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის შალა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

"პედოფილიის ეპიდემია რომ მძინვარებს; მოზარდთა 67 პროცენტს რომ წაკითხულიდან შინაარსი ვერ გამოაქვს; ოჯახები დახლეჩილია და ბავშვების დიდი ნაწილი მშობლების გარეშე იზრდება; ეს და სხვა მრავალი რეალური პრობლემა რომ დგას, ეს პოლიტიკური არარაობა კიდევ დგას და სქესის არჩევაზე ლაპარაკობს.

უცხოელი ბავშვების პრობლემებს არჩევენ, ნაცვლად იმისა, რომ ქართველი ბავშვების რეალურ პრობლემებზე ილაპარაკონ.

შედეგად ძალადობის საფრთხეს უზრდიან და ცხოვრებას ურთულებენ ჩვენი საზოგადოების წევრებს, რომლებიც განსხვავებული სექსუალური ორიენტაციით დაიბადნენ და არაფერ შუაში არიან აი, ამ ორუელის ღორების ბოდვებთან", - აცხადებს ჩერგოლეიშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებით ლაპარაკისას, პაპუაშვილმა განაცხადა:

"თუ დააკვირდებით დასავლეთის მედიაში და მათ შორის საზოგადოების მსჯელობას, პირდაპირ არის მოთხოვნა, რომ სქესი არ არის ანატომია და არის არჩევანი, მიუხედავად ანატომიისა. და არამხოლოდ სქესი ორ სქესს შორის, არამედ ნებისმიერი მრავალფეროვნება სქესისა, რომელსაც ნებისმიერ სახელს დაარქმევ და იქნები ის სქესი თუ გენდერი და ა.შ.

...

მახსოვს, ჯერ კიდევ კონსტიტუციური რეფორმის დროს, 2017 წელს, როდესაც ქორწინების დეფინიცია განისაზღვრა, როგორც კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის, მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციების საჯარო ერთობლივი განცხადებაც კი იყო ამასთან დაკავშირებით. სწორედ ისინი ეწინააღმდეგებოდნენ, რომ ქორწინების დეფინიცია ყოფილიყო როგორც ორ სხვადასხვა სქესს შორის კავშირი. ეწინააღმდეგებოდნენ იმ არგუმენტაციით, რომ დაშვებული უნდა იყოს, მათ შორის შესაძლებლობა ერთნაირსქესიანთა ქორწინების. დღეს ვხედავთ, რომ "ენჯეო“ სექტორი ჩუმად არის, თუმცა ისინი სხვა დროს არ იყვნენ ჩუმად, ამ საკითხზე გარკვეული პოზიციები დაფიქსირებული აქვთ. ეს არის სერიოზული თემა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას უდგას. საქმე იმაშია, რომ ჩვენ არ უნდა ჩავდგეთ იმ მდგომარეობაში, სადაც სხვა ქვეყნები უკვე აღმოჩნდნენ, როდესაც ამ მანკიერი წრიდან გამოსვლა უჭირთ უკვე და პრემიერ-მინისტრების დონეზე უწევთ შემდეგ რაღაც განცხადებების კეთება. ჩვენ აქამდე არ უნდა მივიდეთ, რადგან შემდეგ რთულია ამ მანკიერი წრის გარღვევა. დრო არის, სივრცე ღიაა, რათა ვიმსჯელოთ, როგორ მოხდეს იმის ჩამოყალიბება, რომ, ერთი მხრივ, სრულად უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებები, მეორე მხრივ, ასევე უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოების უფლებები და მანკიერი პროპაგანდისგან იყოს დაცული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.