ავტორი:

როგორ იქცა ყოფილი პოლიციელი კრიმინალური ბანდების ლიდერად - ვინ არის ჯიმი შერიზიე, მეტსახელად, "ბარბექიუ"?

როგორ იქცა ყოფილი პოლიციელი კრიმინალური ბანდების ლიდერად - ვინ არის ჯიმი შერიზიე, მეტსახელად, "ბარბექიუ"?

ჰაიტი სამოქალაქო ომისა და სახელმწიფო გადატრიალების წინაშე დგას. ყოფილმა პოლიციელმა ჯიმი შერიზიემ, მეტსახელად "ბარბექიუმ“ ქვეყნის კრიმინალური დაჯგუფებები გააერთიანა და მათ ლიდერად იქცა. ახლა ქვეყნის დედაქალაქის, პორტ-ო-პრენსის დიდ ნაწილს სწორედ ისინი აკონტროლებენ. ისინი მოქმედი პრეზიდენტის, არიელ ანრისა და მისი მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

  • ვინ არის ჯიმი შერიზიე?

2 მარტს შეიარაღებულმა კრიმინალებმა ჰაიტის უმსხვილესი ციხე აიღეს და 4000-მდე პატიმარი გაათავისუფლეს, რომლებმაც ქვეყნის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში არეულობა მოაწყვეს. შეიარაღებული ბანდები ახლა ქვეყნის დიდ ნაწილს აკონტროლებენ.

ამბოხი მას შემდეგ დაიწყო, რაც შერიზიემ, რომელიც ყოფილი პოლიციელია, კრიმინალურ დაჯგუფებებს გაერთიანებისა და პრემიერ-მინისტრის ჩამოგდებისკენ მოუწოდა. 46 წლის "ბარბექიუ" ადრე ჰაიტის ეროვნული პოლიციის ოფიცერი იყო.

შერიზიე დიდი შემწყნარებლობით სამართალდამცველად მუშაობის დროსაც არ გამოირჩეოდა. გაეროს მონაცემებით, ის მონაწილეობას იღებდა მასობრივ მკვლელობებში, მათ შორის 2018 წელს, როდესაც დედაქალაქში რეიდისას, 70 ადამიანი მოკვდა, ხოლო 400-ზე მეტი სახლი დაიწვა.

ის მას მერე მოექცა ყურადღების ცენტრში, რაც 2020 წელს დედაქალაქის 9 დაჯგუფება გააერთიანა და ერთ ალიანსად გადააქცია, რომელსაც "G9 ოჯახი და მოკავშირეები“ ჰქვია.

ის კარგა ხანია გაეროსა და აშშ-ის მიერ არის დასანქცირებული. "როიტერის" ინფორმაციით, ის პორტ-ო-პრენსის დელმას რაიონიდან არის.

განახლებული კრიმინალური ჯგუფი მსოფლიო სიახლეების მთავარ თემად 2021 წელს იქცა, როდესაც ჰაიტის მთავარი ნავთობის პორტი აიღეს და ქვეყნის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზე მოკლეს.

ამით, გაერთიანებამ, ფაქტობრივად, მთელი ქვეყანა მძევლად აიყვანა - ტრანსპორტი გაჩერდა, საავადმყოფოების ენერგომომარაგება შეწყდა. ბლოკადა 1 თვის შემდეგ დასრულდა.

პრეზიდენტის მკვლელობის შემდეგ ქვეყანაში გარდამავალი პერიოდი გამოცხადდა და ხელისუფლებაში არჩევნების გარეშე მოვიდა არიელ ანრი. თებერვლის დასაწყისში ათასობით ჰაიტელი პროტესტის ნიშნად ქუჩებში გავიდა და ხელისუფლების გადადგომა მოითხოვა. მათ ბოლო ვადად 7 თებერვალი დაასახელეს, მაშინ ანრი ხალხის მოთხოვნას დათანხმდა, თუმცა საბოლოოდ, ეს ნაბიჯი არ გადადგა, რასაც არეულობა მოჰყვა.

ანრი სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. "ვფიქრობ, მოვიდა დრო, რომ სხვანაირად მოვიქცეთ და ჰაიტი გადავარჩინოთ“, - განაცხადა მან 8 თებერვალს.

არიელ ანრი

მისი თქმით, ჰაიტელებს მშვიდობა, უსაფრთხოება, სამსახური და ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილების საშუალება სჭირდებათ. ის მოსახლეობას საყოველთაო არჩევნებს დაჰპირდა, თუმცა არჩევნები, მისი თქმით, ჩატარდება მაშინ, როცა ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემები მოგვარდება.

"თუ ანრი არ გადადგება და საერთაშორისო საზოგადოება გააგრძელებს მის მხარდაჭერას, ჩვენ სამოქალაქო ომში გავეხვევით, რაც გენოციდს გამოიწვევს“, - ამბობდა იმჟამად შერიზიე.

"ჰაიტი ან სამოთხე გახდება, ან ჩვენ ყველასთვის ჯოჯოხეთად იქცევა. გამორიცხულია, რომ მდიდარი ადამიანების მცირე ჯგუფმა, რომლებიც ძვირფას სასტუმროებში ცხოვრობენ, ჩვენი ხალხის ბედი გადაწყვიტონ“, - განაცხადა მან.

დაჯგუფებებს ახლა დედაქალაქის სტრატეგიული და სამთავრობო ობიექტები აღებული აქვთ, მათ შორის ორი აეროპორტი, პოლიციის განყოფილება და პორტი.

მათ 4 და 5 მარტს ტუსსენ-ლუვერტიურის აეროპორტის აღების მცდელობა ჰქონდათ, თუმცა ამ ეტაპისთვის გაურკვეველია, მიაღწიეს თუ არა მიზანს.

პრეზიდენტი ანრი კი, ბოლო ცნობებით, პუერტო-რიკოში იმყოფება და კრიზისის დაძლევის გეგმაზე მუშაობს.

  • მოამზადა ანრი კურტანიძემ