ავტორი:

"უბედურება ტრიალებს ჩვენს უბანში, ნინი თითით საჩვენებელი ბავშვი იყო... როგორც ვიცით, დაშავებულები არიან მისი ძმა და რძალიც" - რას ჰყვებიან ავარიისას დაღუპულ მოსწავლეზე?

"უბედურება ტრიალებს ჩვენს უბანში, ნინი თითით საჩვენებელი ბავშვი იყო... როგორც ვიცით, დაშავებულები არიან მისი ძმა და რძალიც" - რას ჰყვებიან ავარიისას დაღუპულ მოსწავლეზე?
  • ფოტოზე: ნინი ტაბატაძე

დღეს კიდევ ერთი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა აგარა-გომის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 16 წლის ნინი ტაბატაძე.

  • როგორც ჩანს, გოგონა ოჯახის წევრებთან ერთად მანქანით მიდიოდა, დაშავდა მისი ოჯახის ორი წევრი, ძმა და რძალი, ისინი ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან.

გლოვაა მის მშობლიურ ქალაქში, ნინი ტაბატაძე ოჯახთან ერთად დაბა სურამში ცხოვრობდა. გოგონა სურამის პირველი საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე იყო. იმდენად განიცდიან მომხდარს მისი პედაგოგები, რომ საუბარი უჭირს.

"ძალიან ცუდ დღეში ვართ, ვერაფერს ვერ გეტყვით ისე განვიცდით და გაგვანადგურა ამ ამბავმა. ნინი ჩვენი სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა, დღეს დილით დაახლოებით 9 საათსა და 30 წუთზე გავიგეთ ეს თავზარდამცემი ამბავი. რა ვითარებაში მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, ჩემთვის უცნობია. როგორც ჩანს, დილით ადრე მიდიოდნენ და ამ დროს დატრიალდა ეს ტრაგედია.

არც ის ვიცი საჭესთან ვინ იჯდა. როგორც შევიტყვე, ავარიის დროს დაშავდა ნინის ძმა და რძალი, ძმა დაოჯახებულია, ისინი ახლა კლინიკაში რჩებიან. ოჯახში ჯერ არ მივსულვართ სამძიმარზე. ვიცი, რომ ძმა ცუდად არის. ნინი არაჩვეულებრივი, თითით საჩვენებელი ბავშვი იყო, საუკეთესო, მდგომარეობიდან ვერ გამოვდივარ, ისეთ დღეში ვარ. სიტყვები უძლურია იმ უბედურების გადმოსაცემად, რომელიც თავს დაგვატყდა…" - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში სკოლის დირექტორი ჟანა ტაბატაძე.

ნინიზე წარსულში საუბარი დღეს ყველას უჭირს.

"აბა რა გითხრა, ასეთი უბედურება დატრიალდა ჩვენს უბანში. დაიღუპა ავარიით ეს ულამაზესი გოგო. თავზარდამცემი ამბავია, რომ შემეძლოს ერთი წუთით არ დავფიქრდები და გავუცვლიდი ჩემს სიცოცხლეს. ისე განვიცდი, ჯერ იქამდეც ვერ გავსულვარ, გული მიკვდება, მოუკვდეს ჩემი თავი. ჩემს თვალწინ გაიზარდა. უფალსაც კარგი უნდაო, ხომ გაგვიგია. რა უნდა ვუთხრა მის მშობლებს, როგორ მივუსამძიმრო, როგორ ვანუგეშო" - ამბობს ნინის მეზობელი ქალბატონი.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.