ავტორი:

"პუტინს ქედს არ მოვუხრი" - უკრაინის საკითხი, ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის გადაწყვეტა ორი სახელმწიფოს პრინციპზე: რა თქვა ჯო ბაიდენმა კონგრესში - მთავარი გზავნილები

"პუტინს ქედს არ მოვუხრი" - უკრაინის საკითხი, ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის გადაწყვეტა ორი სახელმწიფოს პრინციპზე: რა თქვა ჯო ბაიდენმა კონგრესში - მთავარი გზავნილები

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა. სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა სხვადასხვა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. გთავაზობთ ძირითად აქცენტებს მისი გამოსვლიდან:

  • "თუ ვინმე ფიქრობს, რომ პუტინი უკრაინაზე გაჩერდება, გარწმუნებთ, რომ არა"

"თუ ამ დარბაზში ვინმე ფიქრობს, რომ პუტინი უკრაინაზე გაჩერდება, გარწმუნებთ, ის არ გაჩერდება, მაგრამ უკრაინას შეუძლია შეაჩეროს პუტინი, თუ ჩვენ დავდგებით უკრაინის გვერდით და მივაწოდებთ იარაღს, რომელიც მას სჭირდება თავის დასაცავად.

უპრეცედენტო მომენტის წინაშე ვდგავართ. ჩემი მიზანია, გავაღვიძო ეს კონგრესი და გავაფრთხილო ამერიკელი ხალხი, რომ ეს ჩვეულებრივი მომენტი არ არის. რუსეთის პუტინი შეჭრილია უკრაინაში და თესავს ქაოსს მთელს ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ. თუ ვინმე ამ ოთახში ფიქრობს, რომ პუტინი უკრაინაზე გაჩერდება, გარწმუნებთ, ის ამას არ გააკეთებს. მაგრამ უკრაინას შეუძლია შეაჩეროს პუტინი, თუ ჩვენ დავდგებით უკრაინის გვერდით და მივაწვდით იარაღს, რომელიც მას სჭირდება თავის დასაცავად. სულ ესაა, რასაც უკრაინა ითხოვს. ისინი არ ითხოვენ ამერიკელ ჯარისკაცებს. ფაქტობრივად, უკრაინის ომში ამერიკელი ჯარისკაცები არ არიან და მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, ასე გაგრძელდეს“, - აღნიშნა ბაიდენმა.

მისი თქმით, უკრაინისთვის დახმარების მიწოდებას ბლოკავენ ისინი, ვისაც სურთ, მსოფლიო ლიდერობისგან აშშ-მ უკან დაიხიოს.

"არც ისე დიდი ხნის წინ იყო, როდესაც "რესპუბლიკელმა“ პრეზიდენტმა, რონალდ რეიგანმა დასჭექა: "ბატონო გორბაჩოვო, დაანგრიეთ ეს კედელი. ახლა, ჩემი წინამორბედი, ყოფილი რესპუბლიკელი პრეზიდენტი, ეუბნება პუტინს: "რა ჯანდაბაც გინდა, ის გააკეთე. ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ფაქტობრივად თქვა: ქედი მოუხარეთ პუტინს. ეს აღმაშფოთებელია. ეს საშიშია. მიუღებელია. მე ვეუბნები კონგრესს: წინ უნდა აღვუდგეთ პუტინს. გამომიგზავნეთ ორპარტიული ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი. ისტორია გვაკვირდება. თუ შეერთებული შტატები ახლა უკან დაიხევს, ეს უკრაინას რისკის ქვეშ დააყენებს. ევროპა რისკის ქვეშ, თავისუფალი სამყარო რისკის ქვეშ ამხნევებს სხვებს, რომლებსაც სურთ ჩვენთვის ზიანის მოყენება. ჩემი გზავნილი პრეზიდენტ პუტინის მიმართ მარტივია: არ დავნებდებით, ქედს არ მოვიხრით, ქედს არ მოვიხრი“, - აღნიშნა ბაიდენმა.

  • "ვლადიმერ პუტინს ქედს არ მოვუხრი"

ბაიდენი ნატო-ს ქვეყნებთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას სახიფათოს და მიუღებელს უწოდებს.

"ჩემი წინამორბედი, ყოფილი რესპუბლიკელი პრეზიდენტი, ეუბნება პუტინს : "რა ჯანდაბაც გინდა, გააკეთე" - ეს ციტატაა. ყოფილმა პრეზიდენტმა ფაქტობრივად თქვა, რომ ქედს უხრის რუსეთის ლიდერს. ვფიქრობ, ეს არის აღმაშფოთებელი, საშიში და მიუღებელი”, - განაცხადა ჯო ბაიდენმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ მისი გზავნილი მარტივია:

"არ დავნებდებით, ქედს არ მოვუხრით. მე ქედს არ მოვიხრი“, - აღნიშნა ბაიდენმა.

  • ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის შესახებ:

"ერთადერთი რეალური გამოსავალი არის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა. მე ამას ვამბობ, როგორც ისრაელის მხარდამჭერი და ერთადერთი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც ომის დროს ეწვია ისრაელს.

არ არსებობს სხვა გზა, რომელიც უზრუნველყოფს ისრაელის უსაფრთხოებასა და დემოკრატიას. არ არსებობს სხვა გზა, რომელიც უზრუნველყოფს პალესტინელების მშვიდობიანად და ღირსეულად ცხოვრებას“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მისი თქმით, ისრაელს უფლება აქვს "ჰამასს“ დაუპირისპირდეს და "ჰამასს“ შეუძლია დღესვე დაასრულოს ეს კონფლიქტი მძევლების გათავისუფლებით, იარაღის დაყრით და 7 ოქტომბერზე პასუხისმგებელი პირების ჩაბარებით.

"ისრაელს აქვს დამატებითი ტვირთი, რადგან „ჰამასი“ იმალება და მოქმედებს მშვიდობიან მოსახლეობაში. მაგრამ ისრაელს ასევე აქვს ფუნდამენტური პასუხისმგებლობა, დაიცვას უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები ღაზაში. ამ ომმა უფრო დიდი ზიანი მიაყენა უდანაშაულო მოქალაქეებს, ვიდრე ყველა წინა ომმა ღაზაში ერთად. 30 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. მათი უმრავლესობა არ არის „ჰამასის“ წევრი - ათასობით უდანაშაულო ქალი და ბავშვია. გოგოები და ბიჭები ობლები დარჩნენ. კიდევ 2 მილიონი პალესტინელი დაბომბვის ქვეშაა ან იძულებით გადაადგილებულია. დანგრეული სახლები, უბნები ნანგრევებში, ოჯახები საკვების, წყლის, მედიკამენტების გარეშე არიან დარჩენილი - გულსატკენია“, - აღნიშნა ბაიდენმა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები უწყვეტად მუშაობს ღაზაში დარჩენილი მძევლების გასათავისუფლებლად და ასევე ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მისაღწევად.

"უწყვეტად ვმუშაობთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაუყოვნებლივ დამყარების მიზნით, რომელიც მინიმუმ ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ეს მძევლებს სახლში დააბრუნებს, აუტანელ ჰუმანიტარულ კრიზისს შეამსუბუქებს და რაღაც უფრო მდგრადისკენ წაგვიყვანს“, - აღნიშნა ბაიდენმა.

  • ჯო ბაიდენმა ამერიკელ სამხედროებს ღაზაში დახმარების შესატანად დროებითი პორტის შექმნა დაავალა

”ვაძლევ ბრძანებას აშშ-ის სამხედროებს, უხელმძღვანელონ საგანგებო მისიას ღაზას სანაპიროზე ხმელთაშუა ზღვაში დროებითი ნავმისადგომის შესაქმნელად, რომელიც საკვების, წყლისა და მედიკამენტების დიდი ტვირთების მიღებას შეძლებს”, - განაცხადა ბაიდენმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ღაზაში ამერიკელ ჯარისკაცებს არ გააგზავნიან.

"ამერიკული ჩექმა არ იქნება ადგილზე. დროებითი ნავმისადგომი ხელს შეუწყობს ღაზაში ყოველდღე ჰუმანიტარული დახმარების რაოდენობის ზრდას“, - აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელს მოუწოდა, შეასრულოს თავისი როლი და ღაზაში მეტი დახმარება დაუშვას.

"ისრაელის ხელმძღვანელობას ვეუბნები: ჰუმანიტარული დახმარება არ შეიძლება იყოს მეორეხარისხოვანი საკითხი ან ვაჭრობის საგანი. უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის დაცვა და გადარჩენა პრიორიტეტი უნდა იყოს", - აღნიშნა ბაიდენმა.