ავტორი:

"ჯერ ამხელა ტრაგედია მეუღლეზე, შემდეგ მარის დაოჯახება... სულ მარტო დავრჩი" - როგორ ცხოვრობს უკრაინაში, 2 წლის წინ დაღუპული ქართველი მებრძოლის მეუღლე?

"ჯერ ამხელა ტრაგედია მეუღლეზე, შემდეგ მარის დაოჯახება... სულ მარტო დავრჩი" - როგორ ცხოვრობს უკრაინაში, 2 წლის წინ დაღუპული ქართველი მებრძოლის მეუღლე?

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, უკრაინაში საბრძოლველად არაერთი ქართველი მოხალისე წავიდა. მათი დიდი ნაწილი გამოცდილი მებრძოლები და ყოფილი ჯარისკაცები არიან. ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში პირველი ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

2022 წლის 18 მარტს მთელმა საქართველომ გაიგო, რომ კიევის ოლქში, შეტაკებისას ორი ქართველი მებრძოლი, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი დაიღუპნენ. ქართველი მებრძოლები ირპენში აფეთქებას ემსხვერპლნენ. როგორც მაშინ უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები წერდნენ, დაბომბვაში დაახლოებით 10 ქართველისგან შემდგარი ჯგუფი მოჰყვა.

დავით რატიანი 53 წლის იყო, გია ბერიაშვილი 45 წლის. გიას მეუღლე და ერთი შვილი დარჩა. დაღუპვიდან ორი წლის თავზე, გიას მეუღლე, ქეთი ხელაძე გადატანილ ტრაგედიაზე ემოციის გარეშე ვერ საუბრობს. გიას ბავშვობიდან იცნობდა, შემდეგ კი როგორც ცოლ-ქმარმა, 25 წელი გაატარეს ერთად...

- ქეთი, თქვენი მეუღლე იყო ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი ქართველებიდან რუსეთ-უკრაინის ომში.

- დიახ, 2014 წლის შემდეგ, პირველი მსხვერპლი იყვნენ დავით რატიანი და გია ბერიაშვილი. საერთოდ, გაზაფხული განსაკუთრებულად მძიმეა ჩვენთვის, 18 მარტს ხდება გიას გარდაცვალებიდან ორი წელი. ცხოვრება თავისას მოითხოვს და ვაგრძელებთ, მაგრამ ამ ტრაგედიამ ძალიან გამაძლიერა, ჩვენი შვილისთვის, მარისთვის ახლა დედაც მე ვარ და მამაც. დღემდე არ ვიცი, როგორ გადავიტანე ეს ყველაფერი.

- იცოდით, რომ გია უკრაინაში საბრძოლველად წავიდა?

- არა, მე და მარიმ არ ვიცოდით. 5 მარტს ისე წავიდა ჩუმად, რომ წარმოდგენაც არ გვქონდა. იქ რომ ჩავიდა, ფაქტის წინაშე დაგვაყენა, მაგრამ თუ იბრძოდა, ისიც არ ვიცოდით რეალურად. გიას ჩასვლიდან ერთი კვირის შემდეგ გავიგეთ, რომ საბრძოლო ვითარებაში იმყოფებოდა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიდან. თვითონ გვეუბნებოდა, რომ საზღვარზე იყო და მოხალისედ მუშაობდა. გია სამხედრო იყო, 2008 წლის აგვისტოს ომშიც იბრძოდა. ძალიან მიჭირს მასზე საუბარი, ძალიან კარგი მეუღლე იყო. გიას ბავშვობიდან ვიცნობდი, შემდეგ 25 წელი ერთად ვიყავით. სიმართლე გითხრათ, გაზაფხული მეზიზღება, განსაკუთრებულად მარტი.

- ვისგან გაიგეთ მისი გარდაცვალების შესახებ?

- მაგ დღეს, დილით სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ ორი ქართველი დაიღუპა. სამსახურში ვიყავი და ძალიან ვინერვიულე. არ ვიცოდი, რომ ერთ-ერთი მათგანი გია იყო. შემდეგ ერთ-ერთი მებრძოლის მეუღლე მოვიდა ჩემთან და იმან მითხრა.

- ორ დღეში კიდევ ერთი ქართველი გარდაიცვალა, ბახვა ჩიქობავა...

- ბახვა ორი დღის შემდეგ მარიუპოლში დაიღუპა, მისი ცხედარი დღემდე არ აქვს ოჯახს.

- ქეთი, ცოტა ხნის წინ თქვენი შვილი დაოჯახდა...

- მარი ორი თვის წინ დაოჯახდა, ახლა 24 წლის არის. ჯერ ამხელა ტრაგედია მეუღლეზე, შემდეგ მარის დაოჯახება, ჩემთვის ესეც ლამის ტრაგედიის ტოლფასი იყო, რადგან მარტო დავრჩი. მაგრამ ისეთი ბედნიერია, რომ ღირდა. კანონზომიერია, რომ ყველაზე დიდ უბედურებას დიდი ბედნიერება მოჰყვება ხოლმე.

- ქეთი, უკრაინაში სხვა გარდაცვლილების ახლობლებს თუ იცნობთ?

- რატიანის ოჯახთან ძალიან ახლოს ვარ, გობეჯიშვილის ოჯახთანაც, დანარჩენებთან სოციალურ ქსელში ვეხმიანებით ერთმანეთს. საერთოდ მე და ჩემი გოგო ამ მხრივ ძალიან მაგრები აღმოვჩნდით, ხშირად დავდივართ საფლავზე. გია რომ დაიღუპა, მაშინ არც მიფიქრია, რომ ეს ომი ამდენ ხანს გაგრძელდება. ახლა ჩემი ყოველი დღე ამით იწყება, აბა, რას დაწერენ, რა ხდება, როგორ ხდება, ფაქტობრივად მაგით ვცხოვრობთ. საშინელი სიტუაციაა, დასასრულიც რომ არ ჩანს.

- ხშირად გვესმის, ღირდა ამ ადამიანების სიცოცხლე ამხელა მსხვერპლად, რას შეცვლიდით, ის დრო რომ დააბრუნოთ, შეუშლიდით ხელს წასვლაში?

- როდესაც საქმე ქვეყანას ეხება, ძალიან ძნელია იმის თქვა, ღირდა თუ არა, ალბათ თავისუფლებისთვის სიცოცხლის გაწირვად ღირს, მე ასე ვფიქრობ. რომ მცოდნოდა გია სად მიდიოდა, არ გავუშვებდი, ალბათ წინააღმდეგობას გავუწევდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არ დაგვიჯერებდა, არც მე და არც მარის, ჩვენს შვილს. იცოდა, რომ ჩვენ წინააღმდეგობას გავუწევდით და იმიტომაც დაგვიმალა და ჩუმად წავიდა.