ავტორი:

ბურუსით მოცული ავტოკატასტროფა ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე და საეჭვოდ სწრაფი ექსპერტიზა - ვინ იყო დაღუპული მაღალჩინოსანი: საბჭოთა დროინდელი ამბავი უამრავი კითხვით

ბურუსით მოცული ავტოკატასტროფა ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე და საეჭვოდ სწრაფი ექსპერტიზა - ვინ იყო დაღუპული მაღალჩინოსანი: საბჭოთა დროინდელი ამბავი უამრავი კითხვით
  • ბესიკ ალადაშვილის ბლოგი

თბილისში 1939 წლის ივლისის მორიგი ცხელი დღე დგებოდა. გარეგნულად “მხნე და ბედნიერი” საბჭოთა საქართველოს მოქალაქენი სამსახურებისკენ მიიჩქაროდნენ. ოდნავ მინავლდა წინა წლების სისხლიანი რეპრესიები. ხალხიც თანდათან ივიწყებდა შინსახკომის ტყავის ქურთუკიანი ჯალათების ღამეულ სტუმრობებს, რასაც ნათესავების, მეგობრების და მეზობლების სამუდამო გაუჩინარება მოჰყვებოდა ხოლმე. რკინის მარწუხებით შებოჭილ ქვეყანაში მცხოვრებთ, ფეხბურთი და ახალი გაზეთებიღა ქონდათ გულის გადასაყოლებლად შერჩენილი. ყოველ დილით გაზეთების შეძენა და წაკითხვა უკვე ჩვეულებად ჰქონდათ ქცეული სიმშვიდე მომატრებულ ადამიანებს. საგაზეთო ჯიხურებთან რიგები არ წყდებოდა.

1939 წლის 9 ივლისს დილას თბილისელების ყურადღება საქართველოს კ.პ. (ბ) ცენტრალური კომიტეტის გაზეთ “კომუნისტის” მეორე გვერდზე გამოქვეყნებულმა ოფიციალურმა ცნობამ მიიპყრო:

“9 ივლისს, გამთენიისას, ავტომობილის კატასტროფის შედეგად დაიღუპნენ სსრ კავშირის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ჩინეთში ამხ. ივანე ტროფიმის-ძე ბოვკუნ-ლუგანეცი და მისი ცოლი ნინო ვალენტინის ასული. კატასტროფა მოხდა ქალაქ ქუთაისსა და კურორტ წყალტუბოს შუა, გზატკეცილის მე-6 კილომეტრზე. ქუთაისის საქალაქო საბჭოს მიერ გამოყოფილმა კომისიამ გამოარკვია, რომ ავტომანქანამ ავარია განიცადა საჭესამართავის დაზიანების გამო”.

ოთხი დღის შემდეგ იგივე გაზეთი იტყობინებოდა: “ტრაგიკულად დაღუპული ამხანაგ ლუგანეც-ორელსკის” და მისი ცოლის დაკრძალავის მოსაწყობად გამოიყო მთავრობის კომისია ამხ. კოჭლამაზაშვილის თავმჯდომარეობით და ამხ. ჩერქეზიას, ლ.რუხაძის, ჯორბენაძისა და შელეგიას შემადგენლობით. . . დაკრძალვა მოხდება ა.-წ. 14 ივლისს თბილისში საღამოს 7 საათზე. განსვენებულთა ცხედრებთან გამოსათხოვრად შესვლა დღის 2 საათიდან საღამოს 5 საათამდე წითელი არმიის სახლში. ცხედრების გამოსვენება წითელი არმიის სახლიდან. დაკრძალვა ვერის ახალ სასაფლაოზე საღამოს 6 საათზე”. ოდნავ ქვემოთ დაბეჭდილ ოფიციალურ ნეკროლოგში კი საბჭოთა დიპლომატის ბიოგრაფია იყო მოთხრობილი:

“ამხ. ლუგანეც-ორელსკი დაიბადა 1899 წელს ქ. ვოროშილოვგრადში. მონაწილეობდა სამოქალაქო ომში, როგორც პარტიზანი, წითელარმიელი, პოლიტმუშაკი, და მეთაური. პარტიაში იგი შევიდა 1920 წელს. სამოქალაქო ომის დროს საბრძოლო დამსახურბისათვის ამხ. ლუგანეც-ორელსკიმ მიიღო წარჩინების ნიშნები. მოსკოვში 1931 წელს სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა კიევში, მოსკოვში, სვერდლოვსკში, ხარკოვში და მთელ რიგ სხვა ქალაქებში.

1937 წელს ნოემბერში სსრკ სახკომსაბჭომ ამხ. ლუგანეც-ორელსკი დანიშნა სრულუფლებიან წარმომადგენელად ჩინეთში, სადაც იგი 1939 წლის მაისამდე ასრულებდა თავის პასუხსაგებ მისიას.

ამხ. ლუგანეც-ორელსკი ჩამოვიდა შვებულებაში სსრ კავშირში და სამკურნალოდ წყალტუბოს გაემგზავრა. აქ ბრმა შემთხვევამ ჩვენს რიგებს გამოსტაცა ბოლშევიკური პარტიის აქტიური წევრი და თვალსაჩინო საბჭოთა დიპლომატი.

ჩვენ მწუხარებით ვაცილებთ უდროოდ დაღუპულ ამხანაგს, რომელმაც თავისი სიცოცხლის მეტი წილი შესწირა მუშათა კლასს, ჩვენს პარტიას და საბჭოთა სახელმწიფოს.”

ნეკროლოგს ხელ აწერდნენ სსრკ-ს საგარეო საქმეთა სახ. კომისარიატის ხელმძღვანელები: პოტიომკინი, ლოზოვსკი, დეკანოზოვი, ბოგომოლოვი და სხვები. ნეკროლოგს მხოლოდ საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოლოტოვის ხელმოწერა აკლდა.

  • ჩინეთიდან კი ჩან კაი-ში და მისი მთავრობა გამოსთქვამდა დიდ მწუხარებას. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ელჩი იმ დროს საკმაოდ მაღალ ჩინოვნიკურ საფეხურზე იდგა და უფლებებით საკავშირო მინისტრის მოადგილეს უთანაბრდებოდა, ბოვკუნ-ლუგანეცის გარდაცვალება საქართველოს მოსახლეობისთვის განსაკუთრებით იმიტომ იყო საყურადღებო და ნამდვილად დასამწუხრებელი, რომ ავტოავარია საქართველოში, ქუთაისის მახლობლად მოხდა და სტუმართმოყვარე “მზიურ რესპუბლიკაში” სამკურნალოდ ჩამოსული ახალგაზრდა ცოლ-ქმრის სიცოცხლე აქ დასრულდა.

დაკვირვებული მკითხველი ბევრ შეუსაბამობას აღმოაჩენდა ოფიციალურ ცნობებში: 9 ივლისს “კომუნისტი” იტყობინებოდა ბოვკუნ-ლუგანეცის, ხოლო 14 ივლისს უკვე ლუგანეც-ორელსკის დაღუპვას. რას ნიშნავდა ეს ცვლილება? რა გადაუდებელი მიზნით მიჰქროდა ღამის ორ საათზე ქუთაისისკენ საბჭოთა დიპლომატი? ელჩი ავადმყოფობის გამო, წვეთ ალკოჰოლურ სასმელს არ ეკარებოდა და როგორ გადაიჩეხა მშრალ ამინდში ავტომობილი ხევში? მაინც რატომ კრძალავდნენ თბილისში, ვერის სასაფლაოზე პარასკევ (!) დღეს უკრაინელ კაცს? და რაც ყველაზე მთავარია, რატომ არ აწერდა ნეკროლოგს ხელს მოლოტოვი? – კითხვები კიდევ ბევრი იყო მაგრამ რეპრესიებით დაშინებული მოსახლეობა მეზობელსაც კი ვერ უმხელდა თავის ეჭვებს. მათ რა იცოდნენ, რომ ივანე ბოვკუნი, რომელიც ლუგანეც-ორელსკის გვარით იმყოფებოდა ჩინეთში ელჩად, იმავდროულად საბჭოთა დაზვერვის რეზიდენტი იყო, უამრავ სახელმწიფო საიდუმლოებას ფლობდა და ამიტომაც მტერ-მოყვარის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყო?...წაიკითხეთ სრულად