ბოლო ათწლეულის განმავლობაში ერთი შეკითხვა აწუხებდა ლი ერიუს - რას ნიშნავს "კონტაქტის დაკარგვა" - ასე უთხრა მას მალაიზიის ავიახაზებმა, როდესაც რეისი MH370 გაუჩინარდა, ბორტზე მისი ვაჟი იანლინი იმყოფებოდა.
"წლებია, მე ვეკითხები, რას გულისხმობთ "დაკარგულ კონტაქტში"? მგონია, რომ თუ ვინმესთან კონტაქტს დაკარგავ, უნდა შეგეძლოს მასთან დაკავშირება", - ამბობს ბატონი ლი.
ბორტზე მყოფების ოჯახის წევრები 10 წელია სამძებრო სამუშაოების გაგრძელებას ითხოვენ - ლიმ ამ კამპანიის მხარდასაჭერად მთელი მსოფლიო მოიარა. ეწვია მადაგასკარის პლაჟებსაც, სადაც დაკარგული თვითმფრინავის ნამსხვრევები იპოვეს. ამბობს, რომ სურდა ის ქვიშა შეეგრძნო, სადაც სავარაუდოდ, შვილი დაეღუპა.

იგი ახლა მეუღლესთან ერთად ჩინეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. მათი შემოსავლის უმეტესი ნაწილი შვილების სწავლის საფასურს მოხმარდა - იანლინი იყო პირველი ადამიანი მათი სოფლიდან, ვინც უნივერსიტეტში ჩაირიცხა და მიიღო სამუშაო საზღვარგარეთ, მუშაობდა მალაიზიაში ტელეკომის კომპანიაში. ის ჩინეთში ბრუნდებოდა ვიზის მისაღებად, როცა თვითმფრინავი გაუჩინარდა.
სამხედრო რადარის მონაცემებით, თვითმფრინავმა მარშრუტს აფრენიდან ორი საათის შემდეგ გადაუხვია, გაურკვეველი მიზეზის გამო, მოულოდნელად დაბრუნდა მალაიზიაში, შემდეგ კი ინდოეთის ოკეანისაკენ გაემართა. არ ყოფილა ცნობები უამინდობის ან უბედური შემთხვევის შესახებ.

საგამოძიებო მოქმედებები გაუჩინარებიდან 12 საათის შემდეგ დაიწყო. მალაიზიისა და ჩინეთის ხელისუფლებამ სამძებრო სამუშაოებში 142 მილიონი დოლარი დახარჯა. ძიების არეალის გაფართოების შედეგად მათ კიდევ 26 ქვეყანა შეუერთდა, მაგრამ თვითმფრინავის კვალს ვერავინ მიაგნო.
2014 წლის მარტში, ავიაკომპანიამ თვითმფრინავს ჩამოვარდნის ფაქტი აღიარა და ბორტზე მყოფი ყველა წევრი დაღუპულად მიიჩნია.
ერთი წლის შემდეგ, 2015 წლის ივლისში, კუნძულ რეიუნიონზე, MH370-ის ფრთის ფრაგმენტი იპოვეს. წლების განმავლობაში Boeing 777 - ის სავარაუდო ჩამოვარდნის ერთადერთი დამადასტურებელი კვალი სამი ფრთის ფრაგმენტი იყო, რომლებიც ინდოეთის ოკეანის სანაპიროებზე, მადაგასკარში, რეიუნიონის კუნძულსა და ტანზანიაში გამოირიყა.

გაუჩინარებიდან 10 წლის შემდეგ, მალაიზიაში დაკარგულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა: სტუმრებს შორის იყო ბლეინ გიბსონი, რომელმაც MH370-ის ნამსხვრევები აღმოაჩინა.
"როდესაც ვესწრებოდი ერთი წლის საიუბილეო ღონისძიებას, გავიგე, რომ არ იყო ორგანიზებული ძებნა ნაპირებზე გამორიყული ნამსხვრევებისთვის. ისინი მაშინ მილიონობით დოლარს ხარჯავდნენ წყალქვეშა ნავებზე. ალბათ ამ თვითმფრინავის პირველ ნაწილს ის ადამიანი იპოვიდა, ვინც სანაპიროზე სეირნობდა და რადგან ამას არავინ აკეთებდა, ვიფიქრე, რომ მე თვითონ მომეძებნა" - თქვა გიბსონმა და აღნიშნა, რომ 1 წელი ეძებდა პლაჟებზე თვითმფრინავის კვალს, სანამ მოზამბიკის ქვიშის ზოლზე უკანა სტაბილიზატორის ნაწილი იპოვა.
ძებნა, რომელშიც მონაწილეობდა 60 გემი და 50 თვითმფრინავი, 2014 წლის მარტიდან 2017 წლის იანვრამდე გაგრძელდა. თუმცა თვითმფრინავს გაუჩინარების რეალური მიზეზი ყველასთვის უცნობი დარჩა.
ბოინგის გაუჩინარების უამრავი სავარაუდო ვერსია განიხილებოდა, მათგან ყველაზე ცნობილი MH370-ის მფრინავს, ზაჰარ აჰმად შაჰს უკავშირდებოდა, რომლის თანახმადაც მან, თვითმკვლელობის მიზნით, თვითმფრინავი განზრახ ჩამოაგდო.
ფიქრობენ, რომ შაჰმა მეორე პილოტს, ფარიკ აბდულ ხამიდს კაბინის დატოვება აიძულა, 01:20 საათზე თვითმფრინავის მთელი ელექტრონიკა გამორთო, რის გამოც იგი ავიადისპეტჩერთა ეკრანებიდან გაქრა და თვითმფრინავი უკან, მალაიზიის ნახევარკუნძულისკენ მიმართა.

შაჰი თვითმფრინავის მართვას საწვავის ამოწურვამდე აგრძელებს, ექვსი საათის შემდეგ ძრავა ითიშება და ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი იღუპება.
2014 წლის 17 ივლისს, მალაიზიის ავიახაზების მეორე რეისი, სახელწოდებით MH17, რუსეთის მიერ კონტროლირებადმა ძალებმა ჩამოაგდეს, აღმოსავლეთ უკრაინაში. რის შედეგადაც ახალი თეორია გაჩნდა: ვარაუდობდნენ, რომ MH370-ის გაუჩინარებაში რუსი ჯაშუშები იღებდნენ მონაწილეობას. შემდგომი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბორტზე სამი რუსი მგზავრი იმყოფებოდა.
წყარო: BBC
ნახეთ ასევე: