ავტორი:

"არმან, რამდენჯერ დაწვებოდი მასთან?" - აშშ-ში მცხოვრები ბათუმელი "ტიკტოკერის" მოულოდნელი კითხვა UFC-ის სომეხ მებრძოლს და დაბნეული ჟურნალისტები: რა უპასუხა ცარუკიანმა?

"არმან, რამდენჯერ დაწვებოდი მასთან?" - აშშ-ში მცხოვრები ბათუმელი "ტიკტოკერის" მოულოდნელი კითხვა UFC-ის სომეხ მებრძოლს და დაბნეული ჟურნალისტები: რა უპასუხა ცარუკიანმა?

14 აპრილს UFC საიუბელიო ტურნირს UFC 300-ს გამართავს. საღამოს მთავარი შეხვედრა ნახევრადმძიმე წონის ჩემპიონს ალექს პერეირასა და იამაჰალ ჰილს შორის გაიმართება. ამავე ტურნირზე ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი არმან ცარუკიანი ბრაზილიელ ჩარლს ოლივეირას შეხვდება.

რატომ არის კარგად ნაცნობი ცარუკიანი ჩვენთვის?

პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ არმან ცარუკიანი მსუბუქი წონის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია, რომელიც საქართველოში, კერძოდ კი ახალქალაქში დაიბადა. პერიოდულად არმანი საქართველოში ჩამოდის. თუმცა გასულ წელს გავრცელდა ვიდეო, სადაც ცარუკიანი ყვებოდა, რომ რუსეთში უფრო გემრიელი ხაჩაპური კეთდება.

"მე საქართველოში დავიბადე და თუ შევადარებთ ხაჭაპურს საქართველოში და მოსკოვისა და კრასნოდარის ხაჭაპურებს, რუსეთში უფრო გემრიელია. იაპონური სამზარეულოც რუსეთში უფრო გემრიელია, ვიდრე იაპონიაში" - ყვებოდა მებრძოლი. (წაიკითხეთ ასევე: "მე საქართველოში დავიბადე, მაგრამ ხაჭაპური რუსეთში უფრო გემრიელია" - ვინ არის საქართველოში დაბადებული სომეხი მებრძოლი, არმან ცარუკიანი, რომლის ვიდეოც სკანდალად იქცა)

აღნიშნულმა განცხადებამ გულშემატკივარში ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. სხვათაშორის, საქართველოში დაბადებული, რუსეთში გაზრდილი და სომხეთის სახელით მოასპარეზე არმანი, ამერიკაში სახლის ყიდვაზე ოცნებობს.

გუშინ UFC 300-ის მცირე მედია პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მებრძოლებს კითხვებს გულშემატკივრებიც უსვამდნენ.

მოულოდნელად კითხვის დასმა ცნობილმა ტიკტოკერმა და ბლოგერმა, ბათუმელმა ვახო ბრუკლინმა გადაწყვიტა. მან ცარუკიანს რუსულ ენაზე ჰკითხა: "არმან, ეგ გოგონა, გვერდზე რომ გიზის (გულისხმობს კაილა ჰარისონს, რომელიც ცნობილი ქალი მებრძოლია), რამდენჯერ დაწვებოდი მასთან? გულახდილად თქვი. "ცარუკიანმა გვერდზე მიმოიხედა და უპასუხა: "რამდენჯერმე“.

ცარუკიანის პასუხზე ვახოს სიცილი აუტყდა, ხოლო სცენაზე მყოფმა ჟურნალისტმა მეგან ოლივიმ იკითხა, იქნებ ჩვენც გვითხრათ, რა გკითხაო, რაზეც არმანმა უპასუხა, რომ უბრალოდ, სულელური კითხვა იყო.

ვინ არის ვახო ბრუკლინი?

ვახოზე ღია წყაროებში ბევრი არაფერია ცნობილი. ის პროფესიონალი პოკერის მოთამაშეა, ამჟამად ცხოვრობს აშშ-ში და "ტიკტოკსა" და "ინსტაგრამზე" საკმაოდ პოპულარულია. ის მეგობრობს ბევრ რუს მებრძოლთანაც.

ავტორი ანრი კურტანიძე