ავტორი:

ტანზანიაში ზღვის კუს ხორცით 78 ადამიანი მოიწამლა, გარდაცვლილია 8 ბავშვი და 1 ზრდასრული ადამიანი

ტანზანიაში ზღვის კუს ხორცით 78 ადამიანი მოიწამლა, გარდაცვლილია 8 ბავშვი და 1 ზრდასრული ადამიანი

კუნძულ პემბაზე, ზანზიბარის არქიპელაგში, ზღვის კუს ხორცის ჭამის შემდეგ რვა ბავშვი და ერთი ზრდასრული ადამიანი გარდაიცვალა, 78 სხვა ადამიანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

  • წყლის კუს ხორცი ზანზიბარში დელიკატესად ითვლება, მაგრამ ის პერიოდულად საკვებით მოწამვლის მიზეზიც ხდება, კერძოდ, ის ქელონიტოქსიზმს იწვევს.

ზრდასრული ადამიანი, რომელიც პარასკევს ღამით გარდაიცვალა, ერთ-ერთი დაღუპული ბავშვის დედა იყო, განაცხადა მკოანის რაიონის ექიმმა, ჰაჯი ბაქარიმ. ექიმისავე თქმით, გარდაცვლილმა დედა-შვილმა კუს ხორცი სამშაბათს მიიღო. ბაქარიმ Associated Press-ს განუცხადა, რომ ლაბორატორიული ანალიზის მიხედვით, ყველა ავადმყოფი და გარდაცვლილი ზღვის კუს ხორცით იყო მოწამლული.

კუნძული პემბა

ზანზიბარის ხელისუფლებამ, რომელიც აღმოსავლეთ აფრიკის, კერძოდ ტანზანიის ავტონომიურ რეგიონს წარმოადგენს, ადგილზე კატასტროფების მართვის ჯგუფი გაგზავნა, რომელიც ხალხს კუს ხორცის მირთმევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა.

მსგავსი შემთხვევა კუნძულ პემბაზე 2021 წლის ნოემბერშიც დაფიქსირდა, როცა კუს ხორცის ჭამის შემდეგ 7 ადამიანი, მათ შორის 3 წლის ბავშვი გარდაიცვალა, კიდევ სამი სხვა ადამიანი კი საავადმყოფოში მოხვდა.

წყარო: guardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა