ავტორი:

ტოკიოს ერთ-ერთმა კომპანიამ მამაკაც თანამშრომლებს მენსტრუალური ციკლის ტკივილი გამოაცდევინა: განცვიფრებული კაცების განცდები და ემოციები - "აუტანელი იყო... ახლა მესმის"

ტოკიოს ერთ-ერთმა კომპანიამ  მამაკაც თანამშრომლებს მენსტრუალური ციკლის ტკივილი გამოაცდევინა: განცვიფრებული კაცების განცდები და ემოციები - "აუტანელი იყო... ახლა მესმის"

ტოკიოში დაფუძნებულმა სატელეკომუნიკაციო ფირმა EXEO Group-მა თანამშრომელ მამაკაცებს მენსტრუაციის სიმულაციური ტკივილები გამოაცდევინა. კომპანიის თქმით, ეს ღონისძიება ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოეწყო. მათი მიზანია, რომ მომავალში კაცი თანამშრომლები უფრო მეტი თანაგრძნობით მოეკიდონ ქალ კოლეგებს.

მოწყობილობა, რომელსაც "პერიონოიდი" ჰქვია, ნარას ქალთა უნივერსიტეტმა და სტარტაპ Osaka Heat Cool-ის მკვლევარებმა ერთობლივად შეიმუშავეს. ბალიშები, რომლებიც მამაკაცებს ჭიპის ქვემოთ დაუმაგრეს, ისეთივე შეგრძნებებს იწვევდა, როგორიც მენსტრუაციას ახლავს თან.

"მოძრაობა არ შემეძლო. აუტანელი ტკივილი იყო",- განაცხადა 26 წლის მასაია შიბასაკიმ მოწყობილობის გამოყენების შემდეგ. "ახლა მესმის, რომ ქალებს ყოველთვე ამ ტკივილის ატანასთან ერთად ჩვენს ოფისში მუშაობაც უწევთ. გასაოცარია, როგორ ახერხებენ ამას. მათ მიმართ პატივისცემა ვიგრძენი",- თქვა შიბასაკიმ.

  • კომპანიის თქმით, მათ სურთ ისეთი გარემო შექმნან, სადაც მათი მამაკაცი თანამშრომლები ქალ კოლეგებს უფრო გაგებით მოეკიდებიან, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მენსტრუალურ შვებულებას ეხება.

  • იაპონიაში დაფუძნებულ კომპანიებს კანონით მოეთხოვებათ, რომ ქალებს მენსტრუალური შვებულების აღების ნება დართონ. ამის მიუხედავად, შვებულების ანაზღაურებადობის შესახებ მოთხოვნა ჯერ კიდევ არაა შემუშავებული და როგორც გამოკითხვები აჩვენებს, ქალების დაახლოებით ნახევარი ასეთი შვებულების აღებას ერიდება.

"იმედი გვაქვს, რომ ვინც დღეს მენსტრუალური ტკივილი გამოსცადა, სამუშაო ადგილზე დაბრუნდება და თავის გამოცდილებას სხვებსაც გაუზიარებს, რათა სხვების ცნობიერებაც აამაღლონ",- თქვა EXEO-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერმა მაკი ოგურამ.

წყარო: reuters

მოამზადა: ანა სიბოშვილმა