ავტორი:

ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა

ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა

ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა. სარჯველაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

"როგორც მოგეხსენებათ, გასული ერთი კვირის განმავლობაში გვქონდა კონსულტაციები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესარჩევად. ამ ერთი კვირის განმავლობაში გვქონდა ინდივიდუალური კონსულტაციები, როგორც ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებთან, ასევე სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან. კონსულტაციების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ის, თუ რამდენად უნდა ყოფილიყო ახალი მინისტრი სამედიცინო წრეების წარმომადგენელი.

ამ საკითხთან დაკავშირებით როგორც პოლიტიკურ გუნდში, ისე სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის აზრი იყო ორად გაყოფილი. ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ახალი მინისტრი აუცილებლად სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო. მეორე ნაწილი ზუსტად ამის საპირისპირო მოსაზრებას გამოხატავდა. კონსულტაციების საფუძველზე მივედი დასკვნამდე, რომ მინისტრის პოსტზე შეიძლებოდა როგორც სამედიცინო წარმომადგენლების, ისე სხვა კანდიდატების განხილვა. საბოლოოდ, უპირატესობა მივანიჭე ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრს, რომლის პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების, გამოცდილების მიმართ განსაკუთრებული ნდობა მაქვს.

მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად დაინიშნა ბატონი მიხეილ სარჯველაძე. მას განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. 2012 წლამდე ბატონი მიხეილი ეწეოდა წარმატებულ საადვოკატო საქმიანობას, 20121 წლის შემდეგ მას საჯარო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა.

შეგახსენებთ, მიხეილ სარჯველაძე იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი. მოგვიანებით, ის იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 21012 წლიდან ის გახლავთ საპარლამენტო გუნდის წევრი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.

მინდა წარმატებები ვუსურვო მიხეილ სარჯველაძეს, რომელიც დღეიდან რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მიმართულებას გაუძღვება. ეს არის ჯანდაცვა, მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა, დევნილების ინტერესების დაცვა, დასაქმება და შრომის საკითხები. გამოწვევა არის უამრავი. ყველა მიმართულებით არის სერიოზული გამოწვევა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, მისი პროფესიონალიზმი და გამორჩეული პიროვნული თვისებებით იქნება საუკეთესო მინისტრი და მნიშვნელოვან წარმატებას მოუტანს ამ დარგს“, - განაცხადა კობახიძემ.

რა თქვა სარჯველაძემ მინისტრად წარდგენისას?

"უპირველესად მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიმართ გამოცხადებული ნდობისთვის, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ძვირფასია ჩემთვის. ჩემთვის პატივია, რომ მექნება შესაძლებლობა ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით, მის გუნდში ქვეყნის სამსახური გავწიო და ვიყო სასარგებლო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ეს განსაკუთრებული პატივია და ამავდროულად, უზარმაზარი პასუხისმგებლობაც. ჩემს დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს ასევე, ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა სამედიცინო საზოგადოებისადმი, რომელიც გამაჩნია.

ვთვლი, რომ [სამედიცინო პერსონალი] არის ამ ქვეყნის უზარმაზარი ინტელექტუალური პოტენციალის მქონე საზოგადოება, რომელთან თანამშრომლობითაც შესაძლებელი იქნება ყველა დასახული მიზნის მიღწევა და ნებისმიერი ამოცანის გადაჭრა, იქნება ეს სამართლიანი სოციალური პოლიტიკის გატარება, თუ იქნება ეს თითოეული პაციენტის უფლებების სადარაჯოზე დგომა. ამიტომ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრის შემწეობით, მისი მხარდაჭერით შევძლებთ ვიყოთ წარმატებული გუნდი. დაუღალავად ვიშრომებთ იმისთვის, რომ მათ, შორის თითოეული დევნილი წელგამართული შეხვდეს იმ სანუკვარ მომენტს, როდესაც ისინი შეძლებენ საკუთარ მიწა - წყალზე დაბრუნებას“,- განაცხადა მიხრილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძემ ამ პოსტზე ზურაბ აზარაშვილი შეცვალა.