ავტორი:

შვეიცარიის მთებში ხუთი მოთხილამურის ცხედარი იპოვეს - მაშველები კიდევ ერთ დაკარგულს ეძებენ

შვეიცარიის მთებში ხუთი მოთხილამურის ცხედარი იპოვეს - მაშველები კიდევ ერთ დაკარგულს ეძებენ

შვეიცარიის ალპებში ხუთი დაკარგული მოთხილამურე გარდაცვლილი იპოვეს. ადგილობრივი ხელისუფლება მეექვსე პირს ამ დრომდე ეძებს. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც შაბათს, ჯგუფი 3706 მეტრი სიმაღლის ტეტ ბლანშის მთასთან დაიკარგა.

ისინი ცნობილი მატერჰორნის მთის სახლიდან აროლას მიმართულებით გაემგზავრნენ.

ექვსი მოთხილამურიდან ხუთის ცხედარი ადგილობრივი დროით 21:20 საათზე იპოვეს. ხელისუფლების განცხადებით, მოთხილამურეები შვეიცარიის მოქალაქეები იყვნენ და მათი ასაკი 21-დან 58 წლამდე იყო. ადგილობრივი პოლიციის თქმით, სამაშველო სამუშაოები მალევე დაიწყო, თუმცა უამინდობა ძებნის პროცესს აფერხებდა - უკვე რამდენიმე დღეა ალპებში ძლიერი ქარია, ბოლო 24 საათის განმავლობაში კი ძლიერად თოვს.

ანჯან ტრუფერმა, ზერმატის საჰაერო სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელმა BBC-ის განუცხადა, რომ ამინდის გაუარესების გამო, ზვავის რისკი შეიქმნა, "რთული იყო ხილვადობაც", მისივე თქმით, ჯგუფის წევრების გარდაცვალების მიზეზი სწორედ უამინდობა უნდა გამხდარიყო.

მარშრუტი ზერმატიდან აროლაში საკმაოდ პოპულარულია, მაგრამ შესაფერისია მხოლოდ ყველაზე გამოცდილი მოთხილამურეებისთვის, მის გავლას კი შესაძლოა, რამდენიმე დღე დასჭირდეს.