ავტორი:

ფიგუს საჩუქარი რამაზ დავლაძის ვაჟს: რა მოხდა ლეგენდების მატჩის შემდეგ ბათუმში - "დემე ახლაც ემოციებშია" (ფოტოები)

ფიგუს საჩუქარი რამაზ დავლაძის ვაჟს: რა მოხდა ლეგენდების მატჩის შემდეგ ბათუმში - "დემე ახლაც ემოციებშია" (ფოტოები)

7 მარტს ბათუმი ფეხბურთის ლეგენდებს მასპინძლობდა. "აჭარაბეთ არენაზე" პროექტის, Legend Series-ის პირველი თამაში გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მილანის "ინტერის“ ლეგენდარული ფეხბურთელები დაუპირისპირდნენ. სტადიონზე მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა ისეთი ვარსკვლავები ენახა, როგორებიც არიან - ხავიერ ძანეტი, მარკო მატერაცი, ლუიშ ფიგუ და სხვები...

მატჩი საქართველოს ნაკრებსა და მილანის "ინტერს" შორის 0:2 - საქართველოს ნაკრების დამარცხებით დასრულდა. მატჩში ორივე გოლი ლუიშ ფიგუმ გაიტანა.

პორტუგალიელი ფეხბურთელი თამაშის დაწყებამდე 3 საათით ადრე ჩამოფრინდა ბათუმში და სტადიონზე პირდაპირ აეროპორტიდან მოვიდა.

მიუხედავად ამისა, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მაინც მოახერხა გაებედნიერებინა რამაზ დავლაძის ვაჟი. ცნობისთვის, რამაზ დავლაძემ ბათუმში მომხდარი ტრაგედიისას, ოჯახის ოთხი წევრი დაკარგა - ორი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე და ძმა.

ლეგენდარულ ფეხბურთელთან შეხვედრის კადრებს რამაზ დავლაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს და აჭარის მთავრობას შვილის გაბედნიერების გამო მადლობას უხდის:

"მადლობა აჭარის მთავრობას, რომ ასე გააბედნიერა ჩემი დემე! მადლობა ფიგუს!" - წერს დავლაძე, რომელიც AMBEBI.GE-ს უყვება, რომ ამის გამო მისი ვაჟი დღემდე ემოციებშია. როგორც ირკვევა, დემეს და ლეგენდარული ფეხბურთელის შეხვედრა მატჩის მეორე დღეს მოხდა.

"აჭარის მთავრობის ორგანიზებით მოხდა ეს ყველაფერი. ბატონ თორნიკეს ყოველთვის ყურადღების ცენტრში ჰყავს ჩემი შვილი, როცა ფეხბურთის მატჩი ტარდება, ბილეთებს უგზავნის დემეს. ჩემი შვილი ფეხბურთზე დადის, უყვარს ძალიან ეს სპორტი.

ფიგუსთან შეხვედრა ძალიან გაუხარდა, ახლაც ემოციებშია, კედელზე მიმაკვრევინა ის მაისური, რაც ფიგუმ აჩუქა, ხელიც მოუწერა" - ამბობს რამაზ დავლაძე.