ავტორი:

გაიცანით დედა-შვილი, რომელთა ვიდეომ სოცქსელები მოიარა - "როცა დანიელმა ხელში ამიყვანა, ისეთი მოულოდნელი იყო... დედა, შენ ხომ გაგვზარდე, ახლა შენ ხარ ჩვენი შვილიო"

გაიცანით დედა-შვილი, რომელთა ვიდეომ სოცქსელები მოიარა - "როცა დანიელმა ხელში ამიყვანა, ისეთი მოულოდნელი იყო... დედა, შენ ხომ გაგვზარდე, ახლა შენ ხარ ჩვენი შვილიო"

ემოციური ვიდეო, რომელიც ქორწილშია გადაღებული, ორი დღეა ინტერნეტ ჰიტად იქცა. კადრებში ჩანს, რომ ახალგაზრდა ბიჭი დედას ეტლიდან ხელში იყვანს და მასთან ერთად ცეკვავს. ვიდეოს მთავარი გმირი დანიელ გიგაურია, რომელმაც საკუთარი დის ქორწილში დედა, რომელსაც სიარული არ შეეძლო, აცეკვა.

დანიელის ოჯახი ქარელიდან არის, როდესაც ინტერვიუზე დავუკავშირდით, გვითხრა, რომ თავად ამჟამად ყვარელში ცხოვრობს, დედა, ოჯახთან ერთად ქარელში.

AMBEBI.GE-მ ინტერვიუ ჩაწერა დანიელთან და მის დედასთან, ქალბატონ ნატო გოგიჩაიშვილთან, რომელიც ჩვენთან საუბრის დროს კიდევ ერთხელ ატირდა...

დანიელ გიგაური:

- დედას სიმსივნე ჰქონდა, რომელიც დაამარცხა, მაგრამ ძალიან მძიმე დღეები გადავიტანეთ. თავიდან დედას საკუთარი ღეროვანი უჯრედები გადაუნერგეს, რამაც არ გაამართლა და შემდეგ მისი და იყო დონორი, თურქეთში მეორედ გაუკეთეს გადანერგვა. ამ ეტაპზე სიმსივნის უჯრედები განადგურებულია, მაგრამ რემისიის დროს, როდესაც ორგანიზმი ახალ უჯრედებს ეგუება, სხვადასხვა ორგანოებზე ცუდად იმოქმედა. ამ ეტაპზე დედას გადაადგილება არ შეუძლია, ეტლით მოვიყვანეთ ჩემი დის ქორწილში, ვიდეო, რომელიც მე გამოვაქვეყნე, ჩემმა მეუღლემ გადაიღო.

არ ველოდი ამხელა გამოხმაურებას, არაფერი ისეთი არ გამიკეთებია და დღესაც იმავეს ვამბობ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია, შვილმა დედა რომ ხელში აიყვანოს, როდესაც მას ადგომა არ შეუძლია, უჩვეულო რა არის. ის გავაკეთე, რაც ნებისმიერი შვილის მოვალეობაა. დედასთვის მოულოდნელი იყო რაც მოხდა, ახლა ემოციები მისთვის უფრო გამძაფრებულია.

დანიელ გიგაური

ნატო გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ სამი შვილი გაზარდა და ახლა საკუთარი შვილები ზრდიან, რადგან მას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.

- იმხელა სითბოს და სიყვარულს ვიღებ ხალხისგან, ღმერთო, დალოცვილები ყოფილიყვნენ ჩემი შვილები, ყველამ გაიხაროს. შემოდგომას დანიელს ჯვრისწერა ჰქონდა, მაშინ ლოგინს ვიყავი მიჯაჭვული და ვერ წავედი. ძალიან ვინერვიულე მაშინ. შემდეგ გოგო რომ თხოვდებოდა, ოჯახში თქვა, თუ დედა ჩემს გვერდით არ იდგება, არ მინდა ისეთი ქორწილიო. ეტლით რომ წამიყვანეს, ძალიან ვნერვიულობდი, ხან ცუდად ვხდებოდი.

უცებ გამოაცხადეს, ეს სიმღერა ყველა დედას ეძღვნება და შვილებმა დედები აცეკვეთო. მოვიდა დანიელი ჩემთან და მითხრა, მოდი, დედა, გაგიყვან და გაცეკვებო, ვუთხარი, რომ კარგად არ ვიყავი, მაგრამ დამპირდა, ეტლით გაგაგორებო. ხელში რომ ამიყვანა, ისეთი მოულოდნელი იყო, შემდეგ მეორე დღეს, რაც ვიდეოს მოყვა... არ ველოდი ასეთ გამოხმაურება, ცოტა ხნის წინ ისიც არ მეგონა, რომ შვილის ქორწილში ვიქნებოდი.

ბედნიერი დედა ვარ, სამი შვილი მყავს, უმცროსი 14 წლის. მეუბნებიან, დედა, შენ ხომ გაგვზარდე, ახლა შენ ხარ ჩვენი შვილიო. ცოტა ხნის წინაც ცუდად გავხდი და გათხოვილი გოგო გამოიქცა ჩემთან, რომ მოეხედა. ყველას უღრმესი მადლობა, იმხელა სითბოს ვიღებ, ისე მითბება გული, დანიელს ვეუბნები, ამ ხალხის ლოცვა გაგაბედნიერებს-მეთქი.