ავტორი:

როგორ მზადდებოდა შუმერული ლუდი, რომელსაც თავისი ქალღმერთი ჰყავდა - არქეოლოგებმა უძველესი რეცეპტი აღადგინეს

როგორ მზადდებოდა შუმერული ლუდი, რომელსაც თავისი ქალღმერთი ჰყავდა -  არქეოლოგებმა უძველესი რეცეპტი  აღადგინეს

ლუდი ისტორიაში ერთ-ერთი უძველესი სასმელია, რომელსაც კაცობრიობა რამდენიმე ათასი წელია მიირთმევს. ზოგიერთ უძველეს ცივილიზაციაში ლუდი პურთან ერთად მოხსენიებულია ყოველდღიურ მენიუში.

შუმერები და ძველი ეგვიპტელები ლუდის განსაკუთრებულ რეცეპტს ფლობდნენ. მაგალითად, შუმერებს ლუდის საკუთარი ქალღმერთი - ნინკასი ჰყავდათ. ისტორიკოსების აზრით, შუმერებმა ჯერ კიდევ ფულის გამოგონებამდე რამდენიმე საუკუნით ადრე გამოიგონეს ლუდი და გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მას როგორც გადახდის საშუალებას იყენებდნენ.

გარდა უამრავი არქეოლოგიური აღმოჩენისა, ლუდის გამხმარი ნაშთებითა და ნაპოვნი ინგრედიენტებით, ისტორიკოსებმა მოახერხეს შუმერული ლუდის რეცეპტის აღდგენა. ამაში ძალიან დაეხმარათ შუმერული ლექსი, "ნინკასის ჰიმნი“ რომელიც თიხის ფილებზე იყო დაწერილი. ლექსი თარგმნა ჩიკაგოს უნივერსიტეტის შუმეროლოგიის პროფესორმა მიგელ სივილმა, ხოლო Anchor Brewing Company-ის დამფუძნებელმა, სანფრანცისკოელმა ფრიც მაიტაგმა მისგან ხელახლა შექმნა რეცეპტი,

რომლის მიხედვით, მიღებული სასმელი ნახევრად მშრალია და სულაც არ აქვს მწარე გემო. ალკოჰოლის შემცველობით 3,5%-ით კი თანამედროვე ლუდთან ახლოს დგას.

  • შუმერული ხარშვის ტექნოლოგია

უძველესი ლუდის დამზადება ბუნებრივ ფერმენტაციას ეფუძნებოდა. მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ შუმერული ლუდი მზადდებოდა სვიის გარეშე, რომელიც იმ დროისთვის უცნობი იყო მესოპოტამიაში, ამიტომ ლუდს გაციებისთანავე სვამდნენ დიდი ჩალის დოქების საშუალებით.

ნინკასის ჰიმნი დეტალურად აღწერს შუმერული ხარშვის ტექნოლოგიის ეტაპებს. პროცესი სპეციალურ ორმოში იწყებოდა, სადაც დაფშვნილ ბაპირს (შუმერული ქერის პური) ამატებდნენ თაფლს, ფინიკს და აცხობდნენ ღუმელში. მიღებულ ფაფისებურ მასას, ტოვებდნენ დადუღებამდე, შემდეგ წურავდნენ, ამატებდნენ ღვინოს და თაფლს და ისევ ადუღებდნენ. მიღებულ ნარევს ფილტრავდნენ და გადაჰქონდათ სპეციალურ ჭურჭელში, აციებდნენ და დოქებით სვამდნენ.