ავტორი:

"თან ბიზნესით ვარ დაკავებული, თან - ხელოვნებით... ყოფილა შემთხვევა, გიტარის ქეისში 1000 ლარი ჩაუდიათ" - გზა მეგაპროექტებიდან "ქუჩის მუსიკოსობამდე": დოდონა ნამორაძე მრავალფეროვან კარიერაზე

"თან ბიზნესით ვარ დაკავებული, თან - ხელოვნებით... ყოფილა შემთხვევა, გიტარის ქეისში 1000 ლარი ჩაუდიათ" - გზა მეგაპროექტებიდან "ქუჩის მუსიკოსობამდე": დოდონა ნამორაძე მრავალფეროვან კარიერაზე

დოდონა ნამორაძეს ადამიანების ნაწილი ქართული მეგაპროექტებიდან იცნობს, ნაწილი როგორც ქუჩის მუსიკოსს, რომელიც "მშვიდობის ხიდზე" მღეროდა. მართალია ნიჭიერ გოგონას ქართულ კონკურსებში არ გაუმართლა, მაგრამ 2023 წელს "ბერძნული ხმის" ფინალისტი გახდა და მეორე ადგილიც დაიმსახურა. შარშან „იუმორინას“ ხელმძღვანელმა გია ბაღაშვილმა მიიწვია და მისი დებიუტი მათ კონცერტზეც სიმბოლურად "იუმორინას" "ქუჩის მუსიკოსებთან" ერთად წარმატებით შედგა.

დოდონა ნამორაძე ახლა AMBEBI.GE-ს სტუმარია და მის შესახებ უფრო მეტს მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ბავშვობა

- მშობლებისგან ვიცი, რომ ბავშვობაში ძალიან ნიჭიერი და ცელქი ვყავი, პაპაჩემი ტორნადოს მეძახდა. ამასთან, მუდმივად ვმღეროდი. ჩემი გაჩუმება მხოლოდ მუსიკის მოსმენისას, ან წიგნის კითხვისას ხდებოდა. კითხვა 3 წლისამ ვისწავლე, 4 წლისამ კი უკვე „ტომ სოიერი“, „ბიძია თომას ქოხი,“ „პეპი გრძელი წინდა“ წავიკითხე - ისეთი ლიტერატურა, რომელსაც ბავშვები ცოტა გვიან კითხულობენ. ჩემთვის სულ პირველმა წიგნმა „ბურატინომ“ (საბავშვო ვერსიამ) მახსოვს, საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა და 10 წუთში წავიკითხე. მაშინ მშობლები მიხვდნენ, რომ ჩემთვის ბევრი წიგნის ყიდვა დასჭირდებოდათ... მოკლე დროში და სწრაფად ბევრ წიგნს ვკითხულობდი.

სპორტი და ინგლისური

- სპორტული აქტივობა 11 წლიდან დავიწყე, როცა ოჯახი ფილიპინებზე წავედით. იქ დღეში 8-9 საათს ვვარჯიშობდი. ინგლისურად დათვლა ბადმინტონის თამაშის დროს კორტზე ვისწავლე. ზოგადად ინგლისური, ჩასვლიდან ერთ თვეში ავითვისე.

დოდონა ნამორაძე - ფრენბურთის გუნდის კაპიტანი, ფილიპინები

მშობლები

- დედა მღერის, მამაჩემი პროფესიონალი კლარნეტისტია, მაგრამ რაღაც პერიოდში შეწყვიტა ეს საქმიანობა და სწავლა სხვა კუთხით გააგრძელა - ანთროპოლოგიის პროფესორია. დედასაც განათლების განხრით დოქტორანტურა აქვს დამთავრებული. ფილიპინებზე ამიტომ იყვნენ წასულები, სწავლობდნენ. მშობლები ახლა ჩემს ძმასთან ერთად ამერიკაში არიან. მამა მიწვეული პროფესორია. დედა ჯერჯერობით არ მუშაობს, ჩემი ძმა კი სკოლას ამთავრებს. მე ჯერჯერობით არსად წასვლა არ მინდა, კარიერის გაგრძელებას და დამკვიდრებას აქ ვაპირებ.

ფილიპინები

- ფილიპინებზე რომ მივფრინავდით 11 წლის თვითმფრინავში გავხდი. იქიდან კი 16 წლის დავბრუნდი. ის წლები ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი პერიოდი აღმოჩნდა, ხანდახან მენატრება ხოლმე. იქ ძალიან კარგი მეგობრები მყავს, სასიამოვნო გარემო იყო. საერთაშორისო კამპუსზე ვიყავი, სადაც ჩემი მშობლები სწავლობდნენ. სტუდენტები თავიანთი შვილებით 66 სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ ჩამოსული. ძალიან მრავალფეროვან გარემოში ვიყავი. ამიტომ დღეს თითქმის ყველა ქვეყანაში გვყავს ნაცნობი, მეგობარი, სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან მაქვს დასარჩენი და ყველგან მეპატიჟებიან.

ფილიპინელ მეგობრებთან ერთად

ფილიპინებზე პირველი და ერთადერთი ქართველი ოჯახი გახლდით. ყოველ წელს ტარდებოდა კულტურული საღამოები და ყველა თავის ქვეყანას წარადგენდა. ვმღეროდით, ვიცეკვეთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვავლენდით. სხვათა შორის, ძალიან ვუყვარდით და მოსწონდათ ასევე ჩვენი სამზარეულოც. ყველა ინგლისურად, მაგრამ ცოტა განსხვავებული აქცენტით ლაპარაკობს. ამის შემდეგ მათი ენა - ტაგალოგია, რომელზეც ჩვეულებრივად მეც ვსაუბრობდი...

ბოლო დროს ძალიან ვმეგობრობდი აფრიკელებთან. ისე ვერავის ემეგობრები, თუ არ გაეცნობი მათ კულტურას, ამიტომ აფრიკული კერძები გავსინჯე, მომეწონა (ხელით ჭამენ) ვისწავლე მომზადებაც. მათთან ერთად ვმღეროდი, ცეკვაზე ძალიან ბევრი ვიწვალე, მაგრამ არ გამომივიდა... ძალიან მაგრად ცეკვავენ. ვაღიარებ, რომ ცეკვის ნიჭი არ მაქვს. თუმცა ძალიან მიყვარს ცეკვის ვიდეოების ყურება. ფილიპინური კერძის მომზადებაც ვიცი, სახლში ზოგადად აზიურ კერძებს ვაკეთებ ხოლმე.

განათლება

- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბაკალავრიატი ინგლისურენოვანი მარკეტინგის კუთხით დავამთავრე... მეკითხებიან, რატომ ბიზნესიო? 10-ე მუსიკალურ სკოლაში ფორტეპიანოს მიმართულებით 11 წელი ვისწავლე. მერე არჩევანი ბიზნესსა და მუსიკას შორის უნდა გამეკეთებინა. ბიზნესი ავარჩიე, რადგან ეს სფეროც ძალიან მიყვარს და გამომდის კიდეც. ბევრი წელია, „ტურისტული“ მაქვს და კიდევ რაღაცებს ვაკეთებ, გაჩერება არ შემიძლია. მუსიკას ჩემს ცხოვრებაში 50% უკავია, ბიზნესსაც ამდენივე. მიხარია, რომ შემიძლია ვიყო თან ხელოვანი, თან ბიზნესით დაკავებული და ვცდილობ, ეს სფეროები ერთმანეთისგან მაქსიმალურად გავმიჯნო. ხანდახან ბიზნესში ხელოვნებაა საჭირო და ხელოვნებაში ბიზნესი. ამიტომ ჩემს ცხოვრებაში რაღაცნაირად ამ ყველაფრის შერწყმა ხდება. მაგისტრატურაში, ალბათ, ერთ წელიწადში ჩავაბარებ.

კარგი ადამიანები გავიცანი

- ბოლო პერიოდში ისეთი კარგი ადამიანები გავიცანი გია ბაღაშვილისა და თამრიკო ჭოხონელიძის სახით, მათგან, ვფიქრობ, ბევრი რამეს ვისწავლი. კონსერვატორიაში ვოკალის განხრით ჩაბარებას ჯერ არ ვაპირებ...

ერთი რამ უნდა ვთქვა - ბებიაჩემი დოდო (მისი სახელი მქვია, უბრალოდ, დოდონას მეძახიან) მორწმუნე ქალია. ღმერთო, დოდონა გია ბაღაშვილს შეახვედრე, ან თამრიკო ჭოხონელიძესო, თურმე ლოცულობდა. ახლა ამბობს, ღმერთმა ორივე ერთად ამისრულაო.

"ბერძნული ხმის" ფინალისტი და მეორე ადგილი

- რატომ საბერძნეთში? ერთმანეთს ბევრი რამ დაემთხვა - „ტიკ-ტოკის“ ფილტრით დაწყებული, რომელმაც მითხრა, საბერძნეთში სიმღერის კონკურსზე მივდიოდი, მერე მალევე მომივიდა შეტყობინება ბატონი მამუკასგან, რომელმაც გამომიგზავნა ბმული „ბერძნული ხმაში“ მონაწილეობისთვის... საბოლოოდ მივხვდი, რომ ამდენი დამთხვევა შემთხვევითობა არ იყო და კონკურში ჩავერთე... ფინალში მოხვედრა და მეორე ადგილი რომ დავიმსახურე, ვერ ვიჯერებდი. ქართველმა ემიგრანტებმა იყოჩაღეს და ასევე ბევრმა ბერძენმა მომცა ხმა. უცხო ქვეყანაში მეორე ადგილს რომ იმსახურებ, ეს გამარჯვებაა და არა მარტო ჩემი, საქართველოსიც. ემიგრანტები მწერდნენ - ქუჩაში რომ გამოვდივართ, შენი წარმატების შემდეგ თავაწეულები დავდივართ. ვინმე თუ გვეკითხება, საიდან ხართ, შენს ვიდეოს ვურთავთ და ვეუბნებით, ამ გოგონას ქვეყნიდანო. ეს დიდი ბედნიერება.

ქართული "X ფაქტორი" და "ნიჭიერი"

- აქ "X ფაქტორზე" რომ გამოვედი, არ ვიყავი ისეთ ფორმაში, რომ გამარჯვებას ვიმსახურებდი. თან პატარაც გახლდით, უბრალოდ, გული იმაზე დამწყდა, რომ კონკურსს ასე ადრე გამოვეთიშე. იმის მერე გადავწყვიტე, ქუჩის მუსიკოსი გავმხდარიყავი. ქუჩის მუსიკოსობიდან კიდევ ერთხელ მოვინდომე კონკურსზე გამოსვლა და ეს იყო „ნიჭიერი“. მერე ჩემი ვიდეო "ნიჭიერის“ გლობალურ არხზე მოხვდა და „იუთუბზე“ მსოფლიო აუდიტორიის დიდი სიყვარული დავიმსახურე. „ნიჭიერი“ კარგი გამოცდილება იყო, მაგრამ კონკურსს ნახევარფინალში გამოვეთიშე. არც ხალხის ხმა მეყო და ჟიურიმაც არ გადამიყვანა. ამის მერე ცოტა გულდაწყვეტილი კი ვიყავი და ქუჩის მუსიკოსობა ისევ გავაგრძელე. საბერძნეთის ამბავი კი უკვე ამას მოჰყვა. კონკურსში, როგორც იქნა, წარმატებას მივაღწიე.

დოდონა და ბერძნული "ვოისის" მწვრთნელი

ქუჩის მუსიკოსობა

- როდესაც ივენთს ატარებ, კონცერტი გაქვს, ან რესტორანში მღერი, იქ ადამიანი მოდის და უნდა თუ არა, არჩევანი არ აქვს, ზის და გისმენს, რადგან მოვიდა. ქუჩაში რომ მღერი და ადამიანი მოსასმენად ჩერდება, იცი, რომ მხოლოდ შენი მოსმენა უნდა. ეს დიდი პატივია. სულ ვამბობ, ქუჩა არ გაძლევს იმის უფლებას, რომ რამე თავში აგივარდეს.

ყოფილა შემთხვევა, ადამიანს გიტარის ქეისში 1000 ლარი ჩაუგდია და ყოფილა შემთხვევა 20 თეთრიანი გადმოუგდია ისე, რომ შიგნით არც ჩავარდნილა... რაღაც მომენტში გრძნობ, რომ ეს შენ ხომ არ დამიმსახურებია? არც ის, რომ კარგი მშობლების შვილი ვარ, რომ საქართველოში დავიბადე, რომ ბავშვობიდან ფუფუნება მქონდა, კარგი მუსიკისთვის მომესმინა...

"მშვიდობის ხიდზე"

"მშვიდობის ხიდი" იმიტომ მიყვარს, რომ "ქართლის დედას" ვუყურებ, ეს დიდ ძალას მმატებს და მოტივაციას მიზრდის, ის ხომ ძლიერი ქალის სიმბოლოა?!

ქუჩაში სიმღერა არასდროს მრცხვენოდა კი არა, ჩემთვის ყოველთვის პატივი იყო. მუსიკალურად ქუჩაში გავიზარდე. პირიქით, ძალიან ამაყად ვამბობ, რომ ქუჩის მუსიკოსი ვიყავი და იმედია, სულ ვიქნები და მექნება ამის შესაძლებლობა. ძალიან სახალისო ისაა, რომ „იუმორინაში“ სწორედ „ქუჩის მუსიკოსებთან“ მქონდა დებიუტი, კარგი დამთხვევა იყო... თავიდან გია ბაღაშვილმა რომ მითხრა, „ქუჩის მუსიკოსებთან“ მინდა, ნომერი გააკეთოო. პირდაპირი გაგებით წარმოვიდგინე: კი, ქუჩის მუსიკოსებს ვიცნობ-მეთქი.

იოსებ ახალკაციშვილი

- "მშვიდობის ხიდზე“ ვისთან ერთადაც ვმღეროდი, იოსებ ახალკაციშვილი საოცარი მომღერალი და მუსიკოსია, მისგან დიდი პატივია, რომ მე აკომპანემენტს მიკეთებდა. თორემ თავის თავსაც მშვენიერ აკომპანემენტს უკეთებს და საოცარ სიმღერებს წერს, გემოვნებიანი ადამიანია. როდესაც ჩემს პირველ საავტორო სიმღერას გამოვუშვებ, იოსებ ახალკაციშვილთან ძალიან მაგარ სიმღერას აუცილებლად ჩავწერ, ან იმას, რაც ერთად უკვე დაწერილი გვაქვს, რომელიც მხოლოდ ხიდზეა გაჟღერებული. მისი სტუდიური ვარიანტი უნდა ჩაიწეროს.

იოსები სუფთა და კარგი ადამიანია, ჩემი ძმაა, არა სისხლისმიერი, არამედ გულით და სულით. მის ოჯახს კარგად ვიცნობ - ცოლს, შვილებს. შეიძლება ითქვას, მათი ოჯახის წევრი ვარ.

თავიდან ასე გავიცანი, ჩემი დაქალი დეპრესიაში იყო და ხშირად ვსეირნობდით ხოლმე. ერთხელაც „მშვიდობის ხიდზე“ გავედით (ჩემი დაქალიც მუსიკოსია) და იქ სოსე დაგვხვდა. სულ ამბობს, სოსემ (ასე ვეძახით) გადამარჩინაო. ყოველ დღე დავდიოდით, მერე დავმეგობრდით და ერთხელაც ვუთხარი, იქნებ რამე დამიკრა და მეც ვიმღერო-მეთქი.

"მშობლები წინააღმდეგები არ ყოფილან"

- მამა მუდმივად, პირველივე დღიდან იქ იყო, ყველას ძალიან უკვირდა, კლასიკოსს, პროფესორს როგორ გიხარია, რომ შვილი ქუჩის მუსიკოსიაო? მამაჩემი ამბობდა, ჩემი შვილი დოდონა, ყველგან დოდონა იქნება სადაც არ უნდა იმღეროსო. მამა საერთოდ ბავშვობიდან სულ მეუბნებოდა, ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ ჩამოყარო ყურები და არ დანებდე. იცოდე, მეფის შვილი ხარ, პრინცესა და ეს არ უნდა დაგავიწყდესო.

"სცენა ჩემი სახლია"

- ქუჩა ყველაზე დიდი სცენაა იმ სცენებიდან, სადაც ვმდგარვარ და დიდი სცენებზეც გამოვსულვარ. ქუჩაში ყველაზე რეალური ხარ და იქ სიმღერა დღემდე დიდი გამოწვევაა. უნდა ვიყო ის, ვინც ვარ. ბოლომდე ამომაქვს ყველა ემოცია, რაც პროფესიონალურ სცენაზე შეიძლება არ გამოვიდეს, არც იყოს გამართლებული და საზოგადოების რაღაც ნაწილმა, უპატივცემულობად მიიღოს. ამ ყველაფერს ქუჩაში თუნდაც დახეული ჯინსითაც იმღერებ. ქუჩა გიღებს ისეთს, როგორიც ხარ. ჩემთვის ის წმინდა ადგილია... ამიტომ შემოსული თანხიდან თითქმის არაფერი არასდროს ამიღია. შეიძლება ხანდახან 5 ლარი, როცა გვიან მიწევდა სახლში ტაქსით დაბრუნება. იცით რატომ არ ამიღია? ბიზნესი ვიცი, რა არის და ამასთან, იქ შემოსავლისთვის არასდროს მიმღერია. ახლა იმ ეტაპზე ვარ, რომ ჩემი საავტორო სიმღერის გამოშვება მინდა და მაქვს კიდევ საინტერესო გეგმები.