ავტორი:

"ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ამის შემდეგ ადგე ფეხზე და იცხოვრო, თურმე შეიძლება... საშა ამბობს, რომ საერთო ნერვული კავშირები გვაქვს" - ნინო ჩოგოვაძე წარსულსა და 50 წლის ასაკში შექმნილ ოჯახზე

"ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ამის შემდეგ ადგე ფეხზე და იცხოვრო, თურმე შეიძლება... საშა ამბობს, რომ საერთო ნერვული კავშირები გვაქვს" - ნინო ჩოგოვაძე წარსულსა და 50 წლის ასაკში შექმნილ ოჯახზე

ცნობილი ონკოგინეკოლოგი, ნინო ჩოგოვაძე ნანუკა ჟორჟოლიანს გადაცემაში სტუმრობდა, სადაც პირველად ისაუბრა გულახდილად წარსულზე და 50 წლის ასაკში შექმნილ ოჯახზე. ექიმმა კოლეგაზე, ცნობილ პლასტიკურ ქირურგზე ალექსანდრე კალანტაროვზე 31 დეკემბერს აშშ-ში, ლას ვეგასში იქორწინა.

ამბობს, რომ იყო დრო, როდესაც ვერ წარმოიდგენდა თუ ცხოვრებას თავიდან დაიწყებდა, მაგრამ დღეს ყველაფერი უკვე სხვანაირად არის... ბედნიერია და საკუთარ თავთან დარჩენილი თავს კომფორტულად გრძნობს...

ნინო ჩოგოვაძე:

- საკმაოდ ძლიერი ქალი ვარ, ძალიან ბევრ ქარტეხილებს გავუძელით არა მარტო მე, არამედ ჩვენმა თაობამ. დიდი პრობლემები გადავლახეთ და ბევრს მივაღწიეთ კარიერის თვალსაზრისით. ამას ნამდვილად უნდა ძალა, თვითდაჯერებულობა, შრომისმოყვარეობა და ოპტიმიზმი.

ბევრი მომენტი მქონია, როდესაც მივხვდი, რომ ძლიერი ვარ. ბავშვობიდან დავიწყებ, მამის ტრაგიკული დაღუპვა, რომელიც ჩემს თვალწინ მოხდა, ძალიან ცუდი პერიოდი გვქონდა მე და დედას, რომელიც ავადმყოფობდა ამ ავარიის შედეგად. ამას გავუმკლავდი, ეს ისე რაღაცნაირად მოვიტანეთ... პირველი გამოცდა იყო ეს, როდესაც დავრჩი მამის გარეშე, გოგოების განსაკუთრებული შემთხვევაა.

შემდეგ იყო პირად ცხოვრებაში ეტაპი, როდესაც ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ამის შემდეგ ადგე ფეხზე და იცხოვრო. თურმე შეიძლება...

- როგორ იპოვეთ საკუთარ თავში ძალა, რომ ცხოვრება თავიდან დაიწყეთ?

- ჩემი შვილი, მინდოდა, რომ მას სცოდნოდა, ჰყავს კარგი, შემდგარი, წარმატებული დედა, და არა იმ იმიჯით, რასაც ბევრი ცდილობდა, რომ არასწორად მიეწოდებინათ ეს ინფორმაცია. ასევე დედაჩემი, რომელიც იყო საოცარი ქალი და ყოველთვის გვერდში მედგა და მინდოდა, როგორც ამაყობდა, ისე ეამაყა ისევ, რომ ეთქვა კარგი შვილი ჰყავს. დედა რთული ქალი იყო, ამაყი, იშვიათად შეგაქებდა. ბოლოს რომ ამბობდა, რომ დედუ, შენ კარგი შვილი ხარ, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავდა. ასევე ყველა გვერდში მედგა ნათესავები, ახლობლები. მინდოდა არავის არასოდეს შევცოდებოდი, პირიქით, მე დავჭირვებოდი მათ, ეთქვათ, ნინო ყველასთვის საჭირო ადამიანია და შეუძლია გვერდში დგომა და აქეთ არ არის დასახმარებელი. არ მიყვარს როდესაც სიბრალული უჩნდებათ ადამიანის მიმართ.

- შვილთან ეს დაამტკიცეთ?

- ჯერჯერობით ეს ძალიან რთული თემაა, უკვე დიდი ბიჭია, ექიმის პროფესია აირჩია, ალბათ სადღაც ქვეცნობიერში ჩემი ზეგავლენაც არის. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი დალაგდება, გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და კოსმოსი ყველაფერს ალაგებს. სიკეთის მჯერა და უმაღლესი გონის, რასაც გაუშვებ, იგივე დაგიბრუნდება, ბუმერანგის პრინციპის.

- 50 წლის ასაკში მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ გათხოვილიყავით, გაჰყევით ცნობილ პლასტიკურ ქირურგს საშა კალანტაროვს...

- ამ ასაკში გინდა, რომ საკუთარ თავთან მარტო იყო, თავისუფლებაზე ფიქრობ. მარტო ძილი მირჩევნია... თურმე არ არის ასე. ეს ხდება იქამდე, სანამ არ შეხვდები ადამიანს, რომლის გარეშეც არ შეგიძლია. ეს თავისთავად ხდება. ვთვლი, რომ გვიან ასაკში, გააზრებული და ნამდვილი სიყვარულია, როდესაც გაუცნობიერებლად არ დგამ ნაბიჯს, ყველაფერი გაქვს, არ გაკლია არაფერი, ცნობადობა, ტელევიზია და ამ დროს ხვდები, რომ არსებობს ქვეყანაზე ადამიანი, რომელზეც ყოველ წუთს ფიქრობ და მასთან გინდა. საშა ამბობს, რომ ჩვენ საერთო ნერვული კავშირები გვაქვსო. ამას არ ვეძახი რომ გავთხოვდი, ვცხოვრობ ადამიანთან, რომელთანაც მინდა, რომ ვიყო ცხოვრების ბოლომდე.

ჩემთვის მამაკაცი, პარტნიორულ ურთიერთობაში არის ადამიანი, რომელმაც უნდა გაგანებივროს. როდესაც შეხვდები ასეთ ადამიანს, გეუბნება, არ ინერვიულო არაფერზე, დაიღალე, დაისვენე, აიღე შვებულება, შენ უნდა იყო ლამაზი დასვენებული, ხელს შეგიწყობ, რომ შენ არ დაიღალო. მე ვარ და ნუ გეშინია ნურაფრის. როდესაც არ გეშინია, რომ ავად გახდე და სახლში დაწვე ერთი ხუთი დღე და როგორც ქართველები იტყვიან, ერთი ხუთი დღე გამოშუშდე.

საშა ძალიან მოწესრიგებული ადამიანია, სულ გვაქვს ერთმანეთის დეფიციტი, შეიძლება 72 საათი იყოს სამსახურში. თუ გვაქვს ფუფუნება რომ საღამოს ერთად ვივახშმოთ, ეს ბედნიერებაა. ასევე შაბათ-კვირას ქალაქგარეთ გავდივართ... ამ ასაკში უკვე პირობები აღარ არსებობს, უსიტყვოდ ხვდები, როდის უნდა ილაპარაკო, მხარზე თავი დაადო და გაჩუმდე.

- ამ გადასახედიდან ისე იცხოვრეთ, როგორც გინდოდათ?

- არა, მე რომ ჩემი თავი შემხვდეს ახალგაზრდა, სტუდენტ ნინოს რომ ველაპარაკებოდე, ბევრ რამეს დავარიგებდი, გავაფრთხილებდი, რომ ასე არ უნდა მოქცეულიყო, ასეთ ადამიანებთან არ უნდა ჰქონოდა ურთიერთობა, ცოტა სხვანაირად წაეყვანა თავისი ცხოვრება. კარგი იქნება კალენდრის ფურცლის მოხევა შეგეძლოს და თავიდან დაწყება რაღაცების, თუმცა მეორე მხრივ, რაც არ გვკლავს გვაძლიერებს. შეიძლება ყველაფერი ყოფილიყო ბევრად უფრო მარტივად ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ბევრად უინტერესოდ და აქამდე არ მოვსულიყავი, ვყოფილიყავი ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც ნანუკას შოუში ვერ მოხვდებოდა.

ყველა ასაკში შეიძლება იცხოვრო როგორ გინდა, თუ მიხვდები, რომ ეს ცხოვრება ისე უნდა გაიარო, როგორც შენ გინდა, არ აჰყვე გარემოს... ამას გამოცდილებაც უნდა, რასაც არ გვასწავლიდნენ, ჩვენ ცოტა სხვანაირად გავიზარდეთ და დღევანდელი თაობა უფრო თავისუფალია ამ შაბლონებისგან.

ყველაზე მთავარი ცხოვრებაში ის არის, როდესაც ხვდები, რომ შენს თავთან ხარ კომფორტში. ადამიანს ჰყავს გენიალური პარტნიორი, როგორიც არის საკუთარი თავი. თუ ეს პარტნიორი შენთვის კომფორტულია, მაშინ შენი ადგილი იპოვე, როდესაც მარტო რჩები, მაშინ ხვდები, რომ ეს არის კომფორტი.

წაიკითხეთ ასევე: