რუსეთთან უთანასწორო ომში მყოფმა უკრაინამ 2023 წლის ზაფხულიდან აქტიურად დაიწყო უეკიპაჟო დისტანციურად მართვადი საზღვაო კამიკაძე-კატარღების გამოყენება და რუსეთის არაერთი შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ხომალდი და კატარღა დააზიანა ან ჩაძირა.
გასულ წელს უკრაინული საზღვაო კამიკაძე-კატარღების პირველი თავდასხმების შემდეგ ძალაუნებურად გამიჩნდა დეჟავიუს შეგრძნება - დაახლოებით ასეთი რამ ხომ უკვე ნანახი მქონდა. გავიხსენე და ომების პირად ფოტოარქივშიც მოვძებნე აფხაზეთის ომში ჩემი გადაღებული შავ-თეთრი და შედარებით დაბალხარისხიანი, მაგრამ უნიკალური ფოტოები - ქართველი სამხედროები სოხუმის სანაპიროსთან სარაკეტო დანადგარით აღჭურვილ რადიომართვადი კატარღის მოდელს ცდიან...
ის ახალგაზრდა ქართველი სამხედრო ალეკო ქავთარაძე აღმოჩნდა, რომელიც სამხედრო ფორმის წესრიგიანობითა და წვერგაპარსულობით მართლაც გამოირჩეოდა ბევრი იმდროინდელი ჩვენი მებრძოლისგან და თან საინტერესო მოსაუბრეც გამოდგა, უმაღლესი ინჟინრული განათლება თავისას ამბობდა.
როგორც გაირკვა, ის განსაკუთრებული დანიშნულების დაზვერვის ჯგუფის მეთაური გახლდათ, რომელიც 1992 წლის ოქტომბერში ჩამოყალიბდა 23-ე მექანიზებული ბრიგადის დაზვერვის სამსახურში.
ალეკო ქავთარაძის განსაკუთრებული დანიშნულების დაზვერვის ჯგუფში შედიოდნენ რადიოტექნიკური დაზვერვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის დანაყოფები, რომელთა დანიშნულება იყო მოწინააღმდეგის, აფხაზი სეპარატისტების, ჩრდილოკავკასიელი დაქირავებულებისა და რუსი სამხედროების რადიოსაუბრების დაჭერა, გაშიფვრა, გაანალიზება, ასევე რადიოეთერში რადიოთამაშები მტრის დეზინფორმაციის მიზნით.
თუ რამდენად შედეგიანი იყო ქართული მხარის ომი რადიოეთერში, ამაზე ცალკე დიდი სტატიის დაწერა შეიძლება, მაგრამ ამჯერად ყურადღებას იმაზე შევაჩერებ, რაც იმ დღეს სოხუმის სანაპიროზე ვიხილე....წაიკითხეთ სრულად