ავტორი:

დასთან ერთად გატაცებული,19 წლის ბიჭის ისტორია - "მაია დამემშვიდობა, მითხრა, რომ თუ ცოცხალი გადავრჩებოდი, მშობლებისთვის მეთქვა, რომ ისინი ძალიან უყვარდა"

დასთან ერთად გატაცებული,19 წლის ბიჭის ისტორია - "მაია დამემშვიდობა, მითხრა, რომ თუ ცოცხალი გადავრჩებოდი, მშობლებისთვის მეთქვა, რომ ისინი ძალიან უყვარდა"

სამი თვის წინ 19 წლის იტაი რეგევი ღაზის ტყვეობიდან გაათავისუფლეს. ის ერთ-ერთი იყო 103 მძევლიდან, რომელიც "ჰამასმა" 240 პალესტინელ პატიმარში გაცვალა. მართალია, ახალგაზრდა თავისუფალია, მაგრამ ის ძალიან დარდობს იმ ადამიანებზე, რომლებიც დღემდე "ჰამასის" ტყვეობაში არიან. იტაი ამბობს, რომ მსოფლიომ დაივიწყა ისინი და მოუწოდებს ისრაელის მთავრობას, ყველაფერი გააკეთოს მათ დასაბრუნებლად.

რეგევი თავის და, მაიასთან და მეგობართან ერთად, "ნოვას" მუსიკალურ ფესტივალზე თავდასხმის დროს გაიტაცეს.

ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. მაგრამ ჯერჯერობით მხარეებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაბრკოლება "ჰამასის" მოთხოვნაა ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზიდან ისრაელის ჯარების გაყვანის შესახებ, რასაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ "ბოდვა" უწოდა.

"ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დარჩენილი მძევლები გამოვიყვანოთ იქიდან. ისინი ნებისმიერ ფასად უნდა დავაბრუნოთ“, - ამბობს BBC-სთან ინტერვიუში იტაი.

ამჟამად ღაზაში 130-მდე მძევალია, მათ შორისაა იტაის მეგობარი ომერი. ისრაელის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მძევალთაგან დაახლოებით 30 ადამიანი დაღუპულია.

იტაი ახლა ლონდონშია, რათა ბრიტანეთის პარლამენტის წევრებთან ერთად განიხილოს მძევლების ბედი. მას სურს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მეტი გააკეთოს მძევლების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.

"მძევლები იქ ხუთი თვის განმავლობაში იმყოფებიან. პასუხი ნათელია: არა, საკმარისი არ კეთდება. ხუთი თვე მზის სინათლე რომ არ დაინახო, არ იცოდე, რა დაემართა შენს ოჯახს, იყო საშინელ პირობებში, შიმშილობდე... ისინი რაც შეიძლება მალე უნდა გამოიყვანონ იქიდან. მძევლები თავს საშინლად გრძნობენ, რადგან არ იციან, რა ბედი ელით", - ამბობს ახალგაზრდა.

ტყვეობაში ყოფნის 54 დღეს იტაი ჯოჯოხეთად აღწერს. ამბობს, რომ შეეგუა იმ აზრს, რომ მოკლავდნენ.

"სულ მშივრები ვიყავით. 54 დღე შხაპი არ მიმიღია. ის ადამიანები, ვინც ტყვედ ამიყვანეს, ძალიან გაბოროტებულები იყვნენ. მათ არ აინტერესებდათ, რა მდგომარეობაში ვიყავი. ფეხებზე ჭრილობები მქონდა.

ჩვენ იქ ვცხოვრობდით შიშის საშინელი გრძნობით. ყოველი წამი ამ გრძნობით ცხოვრება საშინელებაა - იმის განცდა, რომ არ იცი, დილას რომ გაიღვიძებ, რა მოხდება - რაკეტა მოგხვდება თუ შემოვლენ და იარაღს გესვრიან. იქ ძალიან რთული პირობებია“, - ამბობს იტაი.

შეგახსენებთ "ჰამას" - ისრაელის ომი მას შემდეგ დაიწყო, რაც "ჰამასის" მებრძოლები 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელს თავს დაესხნენ. დაიღუპა დაახლოებით, 1200 ადამიანი, 253 მძევლად აიყვანეს. "ჰამასის" მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის საპასუხო დარტყმების შედეგად ღაზაში 31 200-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

7 ოქტომბერს, დილას, "ჰამასის" ტერორისტები "ნოვას" მუსიკალური ფესტივალის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, რომელიც ღაზას სექტორის სიახლოვეს მიმდინარეობდა.

ფესტივალის მონაწილე 360-ზე მეტი ახალგაზრდა ადგილზე მოკლეს, სცემეს ან ცოცხლად დაწვეს. კიდევ 40 ადამიანი, მათ შორის იტაი, მძევლად აიყვანეს.

"მანქანაში ჩავსხედით, გაქცევა ვცადეთ და ხუთი წუთის შემდეგ ტერორისტების ფურგონს შევხვდით, რომლებიც უმოწყალოდ ესროდნენ ყველა მანქანას. ფეხში დამჭრეს, ჩემს დასაც ფეხში ესროლეს, ტერორისტები ფურგონიდან გადმოვიდნენ, ხელები შემიკრეს და ტყვედ ამიყვანეს“, - იხსენებს ბიჭი.

თავიდან ეგონა მოკლავდნენ, რადგან ხელით ანიშნეს, რომ ყელს გამოჭრიდნენ.

"ვნახე, რომ ჩემი და მაია დაშავდა და ტიროდა. იმ დღეს მაია დამემშვიდობა, მითხრა, რომ თუ ცოცხალი დავაღწევდი იქაურობას, მშობლებისთვის მეთქვა, რომ ისინი ძალიან უყვარდა. ეს დღე სიცოცხლის ბოლომდე არ დამავიწყდება “.

ტყვეები ღაზაში გვირაბის საშუალებით გადაიყვანეს.

"როდესაც ღაზაში შევედით, ტერორისტებმა ყვირილი და ზეიმი დაიწყეს. ეს ყველაფერი დიდ წვეულებას ჰგავდა".

შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც "ძალიან შეშფოთებული" ექიმი და "ჰამასის" რამდენიმე მებრძოლი იმყოფებოდნენ. მისი თქმით, ექიმმა ტყვია ფეხიდან ნარკოზისა და ტკივილგამაყუჩებლის გარეშე ამოუღო. უთხრეს გაჩუმებულიყო და არ მოკლავდნენ. მთელი ამ ხნის განმავლობაში აფურთხებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ.

და-ძმა ერთმანეთს დააშორეს, თუმცა მათ მაინც მოახერხეს კომუნიკაცია. გამტაცებლებმა მაიას ძმის ნახვაზე უარი თქვეს, მაგრამ მისგან წერილი გადასცეს. ისინი ამ გზით ურთიერთობდნენ ტყვეობის განმავლობაში.

იტაი და მაია, რომლებიც ტერორისტებმა ფეხში დაჭრეს, გათავისუფლების შემდეგ საავადმყოფოში მკურნალობდნენ

გათავისუფლების შემდეგ მაიას სიარული არ შეეძლო. ქალი ახლაც რეაბილიტაციას გადის.

იტაი, რომელიც გასულ კვირას 19 წლის გახდა, ბედნიერია, რომ თავისუფალია, მაგრამ წუხს, რომ სხვა მძევლები, განსაკუთრებით მისი მეგობარი ომერი, კვლავ ტყვეობაში რჩებიან.

"რატომ არის ომერი ისევ იქ და მე აქ? ხანდახან თავს დამნაშავედ ვგრძნობ. ყველაფერს გავაკეთებდი მის დასაბრუნებლად... მასთან ერთად ვიყავი და მშვენივრად მესმის, რას გრძნობს. მინდა ვიყვირო მის ტკივილზე, რადგან თვითონ არ შეუძლია ამის გაკეთება. მას ამის უფლებაც არ აქვს... ის სრულიად უმწეოა", - ამბობს იტაი.