ავტორი:

გარდაიცვალა ცნობილი საოპერო მომღერალი ლამარა ჭყონია

გარდაიცვალა ცნობილი საოპერო მომღერალი ლამარა ჭყონია

93 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი საოპერო მომღერალი ლამარა ჭყონია. ინფორმაციას ლამარა ჭყონიას ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

"მე და ნატოს დედა აღარ გვყავს...დღეს, 14 მარტს გარდაიცვალა ლამარა ჭყონია", - წერს მისი ქალიშვილი ეთერ ჭყონია - ლამორისი.

ლამარა ჭყონია 1956-1960 წლებში იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. 1960-1968 წლებში იყო კიევის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. შესრულებული აქვს: მარო, ეთერი (ზ. ფალიაშვილის "დაისი“, "აბესალომ და ეთერი“), ტატიანა, იოლანტა (პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი“, "იოლანტა“), ჩიო–ჩიო–სანი (პუჩინის "ჩიო–ჩიო–სანი“, ტოკიოს საერთაშორისო კონკურსის II პრემია ამ პარტიის შესრულებისთვის, 1967), ვიოლეტა (ვერდის "ტრავიატა“).

სპექტაკლში "ტრავიატა"

მომღერალი პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. 1987-1991 წლებში იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი.

ლამარა ჭყონია იყო გლინკას სახელობის კონკურსის (1960), პრაღის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის (1960), სოფიის საერთაშორისო კონკურსის III პრემიისა და ტოკიოს საერთაშორისო კონკურსის II პრემიის (1967) ლაურეატი. მიღებული აქვს თამარ მეფის ორდენი (2011), ასევე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (2011).

ლამარა ჭყონიას შაბათს, 16 მარტს დაკრძალავენ. მას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიდან გამოასვენებენ.