ავტორი:

"მალე შეხვდები ვახოს, რაზეც ხშირად ლაპარაკობდი" - ლევან თედიაშვილისა და ომში დაღუპული მისი ვაჟის უნიკალური ფოტო, რომელსაც ბესარიონ თედიაშვილი აქვეყნებს

"მალე შეხვდები ვახოს, რაზეც ხშირად ლაპარაკობდი" - ლევან თედიაშვილისა და ომში დაღუპული მისი ვაჟის უნიკალური ფოტო, რომელსაც ბესარიონ თედიაშვილი აქვეყნებს

ლეგენდარული ფალავანი ლევან თედიაშვილი დღეს 76 წლის გახდებოდა. მისი ვაჟი ბესარიონ თედიაშვილი სოციალურ ქსელში უნიკალურ ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

"დღეს 76 წელი შეგისრულდებოდა. მშვიდად გეძინოს მამა და მალე შეხვდები ვახოს, რაზედაც ხშირად ლაპარაკობდი".

ცნობილია, რომ ტიტულოვანი ქართველი სპორტსმენი დიდ ტკივილს ატარებდა, რომელიც მისი ვაჟის გარდაცვალებით იყო გამოწვეული. 1993 წელს აფხაზეთის ომში ვახო მოხალისედ წავიდა სამშობლოს დასაცავად. რა თქმა უნდა, უბრძოლველად ლევანიც ვერ გაჩერდებოდა, ისიც ფრონტის ხაზისკენ, შვილთან ერთად გაემართა.

სექტემბერში ბაბუშერაში მტერმა თვითმფრინავი ააფეთქა. დაშავებულების და დაჭრილების გამოყვანა გახდა საჭირო. აეროპორტზე შეტევა გრძელდებოდა, სეპარატისტულმა ჯარებმა და მათმა მოკავშირეებმა არტილერია გამოიყენეს, რა დროსაც აფეთქებული ჭურვის ერთ-ერთი ნაწილი 19 წლის ვახოს მოხვდა. ეს ყველაფერი მამის თვალწინ ხდებოდა, საავადმყოფოში სწორედ ლევანმა წაიყვანა, თუმცა სისხლდენა იმდენად ძლიერი იყო, მამას შვილი ხელებში ჩააკვდა...

ლევან და ვახო თედიაშვილები

შვილის ტრაგედიამ მამაზე მძიმედ იმოქმედა. ჯანმრთელობა შეერყა, ცოტა ჩაიკეტა, მაგრამ არ გატყდა... "კვირის პალიტრის" არქივში ინახება ბესარიონ თედიაშვილის ინტერვიუ, სადაც ის ოჯახის ტრაგედიას და მათთვის ყველაზე მძიმე პერიოდს იხსენებს:

"ჩემი ძმის ამბავმა ძალიან შეცვალა. მამა არასდროს გამოხატავდა, რას გრძნობდა. ორმოცი რომ გავიდა, ყველა გააფრთხილა, შავებით არავინ იაროთო, მაგრამ ჩაეძინებოდა თუ არა, ვახოს სახელს ყვიროდა. ჩემი ძმა რომ მიყვარდა, ასე არავინ მყვარებია. ბიჭი რომ გვეყოლა, ყველას ეგონა, ლევანს დავარქმევდით, მაგრამ ვახო დავარქვი. ამერიკაში ვიყავი, როცა გარდაიცვალა. რომ ვრეკავდი, ვითომ არაფერი, სიცილით მპასუხობდა ყველა.

ვახო დამალაპარაკეთ-მეთქი. გული ცუდს მიგრძნობდა. თურმე პანაშვიდები იყო და მიმალავდნენ. დედა დაკრძალვიდან ერთი კვირის შემდეგ ჩამოვიდა ამერიკაში. შავები არ ეცვა. მეგობართან ერთად დავხვდი აეროპორტში. სახლში რომ მივედით, სთხოვა, ბესოსთან მარტო დამტოვეო. მაშინ მითხრა, ვახო სოხუმიდან არ დაბრუნებულაო! სანთელს რომ ვანთებ, დღესაც ისევ ცოცხალს წარმოვიდგენ, ისეთს, როგორიც იყო მაშინ, 19 წლისა. 23 სექტემბერს დაიღუპა, 25 დეკემბერს 20 წლის ხდებოდა" - ჰყვებოდა ბესარიონ თედიაშვილი.

ლევან თედიაშვილი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა და ის მშობლიურ საგარეჯოში დაკრძალეს. ის იყო ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი (1972, 1976) ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973). ასევე მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973).

1971, 1973 და 1974 წლებში დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად.

1987 წელს გამოვიდა რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმი "ხარება და გოგია", რომელშიც მთავარ როლებს ლევან თედიაშვილი და ველოსიპედისტი ომარ ფხაკაძე ასრულებდნენ.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ 1999 წელს ორგანიზებულ გამოკითხვაში XX საუკუნის მესამე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა (მძლეოსან ვიქტორ სანეევის და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გივი კარტოზიას შემდეგ) და ბრინჯაოს პრიზი გადაეცა.

ლევან თედიაშვილი ერთადერთი მოჭიდავეა, რომელმაც ჩემპიონის ტიტული სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა: 82 და 90 კგ წონებში ოლიმპიადა და მსოფლიო პირველობები მოიგო, 100 კგ წონით კატეგორიაში კი ევროპის ჩემპიონის ტიტული.

ნახეთ ასევე: