ავტორი:

რა უნდოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლად სკანდალურ ბიზნესმენ დავით ხიდაშელს, რომელსაც ბიზნესი და საეჭვო კავშირები რუსეთში აქვს?

რა უნდოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლად სკანდალურ ბიზნესმენ დავით ხიდაშელს, რომელსაც ბიზნესი და საეჭვო კავშირები რუსეთში აქვს?

15 მარტს, თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა "მთავარი არხის"მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სანქცირებულ რუს ოლიგარქთან დაკავშირებული ბიზნესმენი დავით ხიდაშელი წლების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობდა. ლაპარაკია ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯუანშერ ბურჭულაძის მინისტრობის პერიოდებზე.

ოფიციალური ცნობით, დავით ხიდაშელი მინისტრის მრჩეველი იყო 2020 წლიდან 2024 წლის თებერვლამდე პერიოდში.

"მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე თავდაცვის სამინისტროში დავით ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობასთან დაკავშირებით, საზოგადოებისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, გვსურს განვმარტოთ შემდეგი: 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად. იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, დავით ხიდაშელს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის, მე-2 პუნქტის მიხედვით, შეუწყდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მას შემდეგ თავდაცვის უწყებაში აღარ მუშაობს. ამასთან, დავით ხიდაშელს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში არ ჰქონია სახელმწიფო საიდუმლო ცნობებზე დაშვება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. - წერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

"საჯარო სამსახურის შესახებ" (მუხლი 81) საქართველოს კანონის მიხედვით, თუ მინისტრი ტოვებს თანამდებობას, ავტომატურად გათავისუფლებულად ითვლება მისი მრჩეველიც. გამოდის, რომ ხიდაშელის დანიშვნის გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტროში ორივე ყოფილმა მინისტრმა მიიღო.

თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ახალი მინისტრის დანიშვნის შემდეგ ხიდაშელი აღარ არის მრჩეველი.

  • ვინ არის დავით ხიდაშელი?

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი რუსეთში საქმიანობს და დაკავშირებულია რუს ოლიგარქ ვლადიმირ ევტუშენკოვთან. ევტუშენკოვი, მსხვილი რუსული კორპორაცია "სისტემის“ მფლობელია, ის რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა.

ხიდაშელის სახელი და გვარი უკავშირდება ე.წ. კარტოგრაფების საქმეს - ის მთავარი მოქმედი პირია, გამოძიება მის მიერ რუსეთში მოპოვებული რუკების საფუძველზე დაიწყო.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იმჟამინდელი სახალხო დამცველის შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ეს საქმე ცალსახად პოლიტიკურად მოტივირებული იყო. თავად დავით ხიდაშელის თქმით, რუკების მოპოვება მას პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა, სთხოვა.

ის კიდევ ერთ ხმაურიან ამბავს უკავშირდება - 2022 წელს დავით ხიდაშელთან დაკავშირებულმა კომპანიამ შპს "ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკამ" რაჭაში, 104 712 ჰექტარი ტყე 49-წლიანი იჯარით მიიღო. ხიდაშელს სანადირო მეურნეობის შექმნის მიზნით, შესაბამისი ლიცენზია 1 151 832 ლარად გადასცეს. მიზანი კეთილშობილი ირმისა და კავკასიური დომბის, იგივე ევროპული ბიზონის მოშენება იყო.

2023 წლის ნოემბერში კი ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიას, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია გაუუქმა. განცხადებაში, რომლის სააგენტომ გაავრცელა, აღნიშნული იყო, რომ შესაბამისი ლიცენზია ძალადაკარგულია.

"კომპანიის "ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკის" მიერ სალიცენზიო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მიმდინარე წლის მაისში იქნა შედგენილი. ლიცენზიების და ნებართვების კანონი, ისევე როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ითვალისწინებს გარკვეულ სამართლებრივ ქმედებებს, თუკი სახეზე არის ვალდებულებების შეუსრულებლობა. აღნიშნულის საფუძველზე, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების პროცესი დაიწყო. წარმოების ფარგლებში, სააგენტომ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები", - წერია განცხადებაში.

2023 წლის 15 ნოემბერს გავრცელდა "ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკის” განცხადებაც, რომლის მიხედვითაც, კომპანია ამბობდა, რომ სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადიოდა... "კარგად იყვნენ უჩემოდ", - განაცხადა იმხანად დავით ხიდაშელმა.

თავის მხრივ, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ლიცენზიის მფლობელს მეურნეობის მოსაწყობად 5 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო და კიდევ მთელი რიგი ვალდებულებები აეღო, რეალურად კი არაფერი გაუკეთებია.

  • ხიდაშელის მრჩევლობის შესახებ რა განაცხადა თავდაცვის ექსმინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ?

"მთავარმა არხთან" ამ საკითხზე ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ შემდეგი განაცხადა:

"ნუ, იცით თქვენ, რომ ვმუშაობდით დავით გარეჯის საქმეზე და ჩართული იყო დავითიც ამ საკითხზე და ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ რაღაცაში დაგვჭირდებოდა, ვკითხავდით… არა მგონია, დღეს, ალბათ, არ იქნება გაფორმებული”.

  • რა შეფასებები მოჰყვა გავრცელებულ ინფორმაციას?

„ივანიშვილის პარტიის პირობებში ღიად თუ დაფარულად, პრორუსი ჩინოვნიკების დანიშვნა მათი გამდიდრების მიზნით, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, თუმცა ერთეულ თანამდებობაზე ფოკუსირება არ უნდა მოვახდინოთ, რამდენადაც მნიშვნელოვანია ძირეული ცვლილება მოვიტანოთ მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით. 26 ოქტომბერი უდიდესი შესაძლებლობაა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ივანიშვილის კორუმპირებული მთავრობა ჩანაცვლდეს კოალიციური, პროდასავლური პარტიათა ერთობით, რომელიც ჩვენს ქვეყანას დაჩქარებული წესით შეიყვანს ევროკავშირში“, - განაცხადა ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ.

"სავარაუდო ღია ღალატთან გვაქვს საქმე" - ასე გამოეხმაურა დავით ხიდაშელის თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობას "ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი.

მისი თქმით, დავით ხიდაშელის თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობა სავარაუდოდ რუსეთის მოთხოვნა იყო.

"მე სხვა ახსნას ვერ ვპოულობ თუ არა ის, რომ რუსეთის მოთხოვნა იყო, მას რაღაც ოფიციალური სტატუსი ჰქონოდა. სხვა შემთხვევაში რაში სჭირდებოდათ? სამწუხაროდ, ისედაც ხომ აკონტროლებენ ჩვენს ვითარებას, ინფილტრირებულია ისედაც შესაბამისი სამსახურები. როგორც ჩანს ეს იყო რუსეთის მოთხოვნა. ჩვენ არ ვიცით თვითონ ეს ადამიანი რაში იყენებდა ამ სტატუსს. მისი ბიზნეს საქმიანობა საკმაოდ საეჭვო ხასიათისაა. შესაძლოა, მას ეს სტატუსის თავად სჭირდებოდა საკუთარი ბიზნეს ინტერესების განსახორციელებლად. ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ინტერესებთან რომ ამას საერთო ვერაფერი ვერ ექნებოდა, ამაზე, მე მგონი, ყველა ვთანხმდებით“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, დავით ხიდაშელის ბიზნესი რუსეთის შემაიარაღებელ "შავბნელი ინდუსტრიასთანაა“ დაკავშირებული:

"დავით ხიდაშელი ნავთობს, გაზს ან რაიმე მსგავსს კი არ უკავშირდება, ის იყო იმ ბიზნეს სქემაში, რომლის მეშვეობითაც იარაღით მარაგდებოდა სირია, ჩრდილოეთ კორეა და თვითონ ვლადიმერ პუტინის რეჟიმი. ის ყველაზე შავბნელი ინდუსტრიის წარმომადგენელია, რომელიც პირდაპირ პუტინის რეჟიმის შემაიარაღებელია. სწორედ ამიტომ დაუწესდა სანქციები დიდი ბრიტანეთის მიერ მის ბიზნეს პარტნიორს. ამ ადამიანის ოფიციალურად საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლად დანიშვნა, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რადგან მტრული სახელმწიფოსთვის ინფორმაციის მიღების გაადვილება და სახელმწიფოს წინააღმდეგ დაგეგმილი ქმედებების ხელშეწყობა და ა.შ. აღწერილია სისხლის სამართლის კოდექსში და ისჯება შესაბამისის მუხლებით“.

ერთი კვირის წინ კი ხიდაშელი მორიგი სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია მისი და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის საუბარზე. ისინი აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან საქართველოს კონფედერაციის პერსპექტივას განიხილავდნენ. პარლამენტის გვერდით კაფეში გამართულ შეხვედრაზე ასევე იყო ლაპარაკი აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან პირდაპირი კავშირების დამყარება, აფხაზეთში რკინიგზის 37-კილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენის აუცილებლობა და ოს და აფხაზ წარმომადგენლებთან ბიზნეს გეგმები განიხილეს.

"დავით ხიდაშელმა დამირეკა, მას არ ვიცნობდი, მითხრა, აფხაზეთთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრებები მაქვსო. ვიდეო რომ გავრცელდა, ვერ მივხვდი, მათი ტაშ-ფანდურის მიზეზი რა იყო, თუმცა გეტყვით, რომ კაფეში ძალიან ხმამაღლა საუბრობდნენ, ისე რომ მიმტანსა და ყველა იქ მჯდომ ადამიანს ესმოდა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ხიდაშელს არანაირად არც ანტიდასავლური, არც პრორუსული და არც, მით უმეტეს, ანტიქართული იდეა არ გამოუმჟღავნებია.

"საუბარი ჰქონდა იმაზე, რომ 2011 წელს"ნაცმოძრაობის“ პერიოდში რუსეთთან და შვეიცარიასთან საერთაშორისო მონაწილეობით შეთანხმება იყო, მათ შორის საქართველომ საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის წევრობას მწვანე შუქი აუნთო და თუ შესაძლებელია, ეს სატრანზიტო მოძრაობა ამ შვეიცარიის მხარის ჩართულობით აღდგეს იმ შეთანხმებით, რომელიც 2011 წელს „ნაცმოძრაობამ“ რუსეთთან გააფორმა. ჩემი დიდი პასუხები არც დასჭირვებია, თავადვე კარგად ესმის და თავისი პოზიციაც გამოხატა, რომ დღევანდელ ვითარებაში, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, მას შემდეგ რუსეთი შეიჭრა და ახდენს უკრაინული ტერიტორიების ოკუპაციას, რაიმე მოლაპარაკება საერთაშორისო მონაწილეობით, მით უმეტეს, რუსეთთან, პრაქტიკულად, არა მხოლოდ შეუძლებელია, არამედ გამორიცხულია და ამას პერსპექტივა არ გააჩნია და ეს თვითონაც კარგად ესმის... მან ისიც თქვა, რომ იქნებ პირადი ურთიერთობები აფხაზურ მხარესთან კარგი იყოს. ამას დიდი ხანია საუბრობენ, მაგრამ ავუხსენი, რომ აფხაზურ მხარეს უნდა, ქართულ მხარეს ელაპარაკოს, როგორც აფხაზეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკას და ეს გარემოება შეუძლებელს ხდის რაიმე პირადი კონტაქტების და ურთიერთობების ჩამოყალიბებას. არსებობს ჟენევის ფორმატი და ამ ფორმატიდან გასვლას აზრი არ აქვს, მაგრამ ეს ჩემი რადიკალური დაპირისპირებული განცხადებებიდან კი არ მოხდა, იმასაც კარგად ესმის. მართალი გითხრათ, ამ შეხვედრის შედეგის იდეას ვერანაირად ვერ მივხვდი, გარდა იმისა, რომ ამ რუსული ბიუჯეტიდან დაფინანსებული ადამიანის ორგანიზაციამ ატეხა ეს ამბავი. რაც შეეხება კონფედერაციას, ეს სიტყვა საკმაოდ ხმამაღლა ახსენა - ისე, რომ გვერდით მსხდომმა ადამიანებმა მოიხედეს კიდეც - რომ კარგი იქნება, აფხაზეთთან შეიქმნას კონფედერაცია. საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის, რომ კონფედერაცია შეიძლება, მაგრამ ასეთ ვითარებაში ამაზე საუბარი არ არის, არც არანაირი წინაპირობაა. იქ კონფედერაცია ახსენა, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ამაზე საუბარია“, - განაცხადა ვოლსკიმ.