ავტორი:

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში მიმდინარე ბრძოლებს "არჩევნების ჩაშლის მიზანი აქვთ“

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში მიმდინარე ბრძოლებს "არჩევნების ჩაშლის მიზანი აქვთ“

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში მიმდინარე ბრძოლებს "არჩევნების ჩაშლის მიზანი აქვთ“. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან სხდომაზე განაცხადა.

"ხმის მიცემის ჩაშლის, ხალხის შეშინების მიზნით კიევის ნაცისტურმა რეჟიმმა რიგი კრიმინალური, დემონსტრაციული შეიარაღებული აქციები ჩაიფიქრა და განხორციელებას ცდილობს. ეს რუსეთის ტერიტორიაზე მშვიდობიან დასახლებულ პუნქტებზე დარტყმების მიტანაა. რაკეტებისა და ჭურვების დაახლოებით 95% ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემებით ნადგურდება.

ამისდა მიუხედავად, მშვიდობიან მოსახლეობაში დაშავებულები გვყავს… მოწინააღმდეგის ეს დარტყმები პასუხის გარეშე არ დარჩება“, - განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. ხმის მიცემა სამ დღეს გაგრძელდება: 15, 16 და 17 მარტს. არჩევნებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ოთხი კანდიდატი მონაწილეობს: ამჟამინდელი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, ლეონიდ სლუცკი „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან“, ნიკოლაი ხარიტონოვი „რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიიდან“ და ვლადისლავ დავანკოვი „ახალი ხალხის“ პარტიიდან. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არც ერთი რეალური ოპოზიციური და ომის მოწინააღმდეგე კანდიდატი არ დაარეგისტრირა.