ავტორი:

ცხოვრება "რკინის ფილტვებში": როგორ გაატარა კაცმა 70 წელი კაფსულაში - "გახდა ადვოკატი, წერდა მემუარებს კბილებს შორის ჩამაგრებული კალმით"

ცხოვრება "რკინის ფილტვებში": როგორ გაატარა კაცმა 70 წელი კაფსულაში - "გახდა ადვოკატი, წერდა მემუარებს კბილებს შორის ჩამაგრებული კალმით"

სამყაროში ალბათ არ მოიძებნება მეორე ადამიანი, რომელიც საკუთარი ცხოვრების შესახებ მემუარებს კბილებს შორის ჯოხზე მიმაგრებული კალმით, კლავიატურაზე კრეფდეს. და ეს ამბავი განუმეორებელი პოლ ალექსანდრის ცხოვრების მხოლოდ ერთი თავია.

  • 6 წლის ასაკში, როდესაც ექიმებმა მას პოლიომიელიტის დიაგნოზი დაუსვეს და როდესც ყელს ქვემოთ მეტალის ცილინდრის ფორმის მოწყობილობაში მოათავსეს, ალბათ წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ მომავალში იურისტი, ავტორი და კამპანიის მონაწილე გახდებოდა.

ადამიანმა ზედმეტსახელად "პოლიომიელითი პოლი" ან "ადამიანი რკინის ფილტვებით", რკინის ყუთში, რომელიც ბევრს ერთი შეხედვით წყალქვეშა ნავსაც მოაგონებდა, შვიდი ათეული წელი გაატარა. საბოლოოდ კი 11 მარტს მშობლიურ ქალაქ დალასში, ტეხასის შტატში, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პოლ ალექსანდრი 1946 წელს დაიბადა. 6 წლის ასაკში მოულოდნელად ის ავად გახდა - მას ჰქონდა ცხელება, თავისა და კისრის ტკივილთან ერთად. ოჯახის ექიმმა დედამისს ურჩია, სახლში მკურნალობა გაეგრძელებინა, რადგან საავადმყოფოები პოლიომიელიტით დაავადებული პაციენტებით იყო სავსე. მაგრამ რამდენიმე დღეში მან მეტყველებისა და ყლაპვის უნარი დაკარგა. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ ბავშვს პოლიომიელიტის დიაგნოზი დაუსვეს - მაღალინფექციური დაავადების, რომელიც ნერვულ სისტემას აზიანებს.

ბავშვის სიცოცხლე ალბათ დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, რომ არა მეორე ექიმი, რომელმაც მას ექსტრემალურ პირობებში ტრაქეოტომია ჩაუტარა და ფილტვები გაუსუფთავა. თუმცა, ეს იყო საშინელი ახალი რეალობა, როდესაც პოლმა მეტალის მანქანაში გაიღვიძა და არც გატოკება და არც საუბარი არ შეეძლო. მის გარშემო კი, 18 თვის განმავლობაში უამრავი მისნაირი ბავშვი იყო. როგორც პოლმა მოგვიანებით გაიხსენა, ეს პერიოდი განსაკურებით რთული იყო მის ცხოვრებაში, რადგან როგორც კი ვინმეს დაუმეგობრდებოდა, ის კვდებოდა.

პოლიომიელიტისგან გამოწვეული პარალიზების გამო, ალექსანდრს დასჭირდა ე.წ. "რკინის ფილტვი" - ხელოვნური სუნთქვის აპარატი. ბაროკამერა მის ნაცვლად სუნთქავდა და გულის სტიმულაციას ახდენდა.18 თვის შემდეგ ექიმებმა ნება დართეს მის მშობლებს, რომ პოლი სახლში წაეყვანათ. მათ იქირავეს პორტატული გენერატორი რკინის ფილტვის დასამუხტად, თუმცა პოლის ფიზიოთერაპევტის, მისის სალივანის წყალობით, ბიჭმა ერთი წლის მერე დაიწყო დამოუკიდებლად სუნთქვა და ამ მიღწევის აღსანიშნავად მან მისის სალივანისგან საჩუქრად ლეკვი მიიღო.

ეს იყო პირველი სერიოზული ნაბიჯი თავისუფლებისკენ, თუმცა ძილის დროს პოლს მეტალის მანქანა მაინც სჭირდებოდა. პოლმა დედის დახმარებით დაიწყო მეცადინეობა სახლში და მალე გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც საშუალო სკოლა ისე დაამთავრა, რომ გაკვეთილებზე არ უვლია. სკოლის დამთავრების შემდეგ მან შეიტანა განაცხადი უნივერსიტეტში და ორ-წლიანი იმედგაცრუების შემდეგ ტეხასის უნივერსიტეტის იურიდიულ სკოლაში ჩააბარა.

ადვოკატად მუშაობის პროცესში, სასამართლო პროცესზე ის მოდიფიცირებული ეტლით ცხადდებოდა, რომელშიც ვერტიკალურ მგომარეობაში იყო განთავსებული. ის პირით იკავებდა ჯოხს, რომელზეც კალამი იყო დამაგრებული და ჩანიშვნებს იწერდა.

  • პოლი პირადი ცხოვრების დალაგებასაც გეგმავდა, მაგრამ მისი პირველი სერიოზული ურთიერთობა კრახით დასრულდა. კლერი, რომელზეც ის დაინიშნა, საბოლოოდ დედამისის დაჟინებული მოთხოვნის გამო დაშორდა პოლს. მოგვიანებით, ალექსანდრმა პლატონური ურთიერთობა ჩამოაყალიბა თავის მომვლელთან, კეტი გეინსთან.

ეს ურთიერთობა ერთი შეხედვით ქორწინებას გავდა. სწორედ გეინსმა შესთავაზა ალექსანდრს, დაეწერა თავისი მემუარები "ჩემი ცხოვრება რკინის ფილტვებში", რომელზეც ხუთი წელი მუშაობდა. გარდა იმისა, რომ პოლმა თავისი უჩვეულო ისტორია გაასაჯაროვა, მან დაიწყო კამპანია შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანთა დასახმარებლად. საბოლოოდ, ალექსანდრმა უარი თქვა თანამედროვე აპარატზე გადმოსვლაზე და აცხადებდა, რომ მიეჩვია „თავის ძველ რკინის ბედაურს“. მისი ერთ-ერთი უკანასკნელი ნათქვამი კი ასეთია:

"ჩემი ისტორია კარგი მაგალითია იმისა, თუ რატომ არ უნდა გადაწყვიტოს თქვენმა წარსულმა ან შეზღუდულმა შესაძლებლობებმა თქვენი მომავალი. შენ ნამდვილად შეგიძლია გააკეთო ის, რაც გსურს. უბრალოდ, უნდა მოინდომოთ და ბევრი იმუშაოთ. მე მინდოდა მიმეღწია იმისთვის, რაზეც მითხრეს, რომ ვერ შევძლებდი და რეალობად მექცია მიზნები, რომლებზეც უბრალოდ, ვოცნებობდი“.

წყარო: telegraph

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი

ნახეთ ასევე:

გარდაიცვალა "ადამიანი, რკინის ფილტვებით“ - როგორ მუშაობს კაფსულა, რომელმაც პოლ ალექსანდერი 6 წლის ასაკში გადატანილი მძიმე დაავადების შემდეგ, 72 წელი აცოცხლა