ავტორი:

"დედის დღეს მკვდარი შვილი მომიყვანეს... კუჭი დაულპა" - თურქეთში ჩატარებული ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ 36 წლის ბიჭი დაიღუპა: რა დეტალებია ცნობილი?

"დედის დღეს მკვდარი შვილი მომიყვანეს... კუჭი დაულპა" - თურქეთში ჩატარებული ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ 36 წლის ბიჭი დაიღუპა: რა დეტალებია ცნობილი?

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, თურქეთში გაკეთებული კუჭის ოპერაციის შემდეგ, ბოლო ერთ თვეში, 3 ქართველი დაიღუპა. პაციენტებს ოპერაციის შემდეგ სისხლდენა, კახექსია, კლინიკური შოკი ანუ სიცოცხლისთვის შეუსაბამო სიმპტომები აღენიშნებოდათ. საუბარია თურქეთში ჩატარებულ კუჭის დაპატარავების ოპერაციაზე.

  • ერთ-ერთი ასეთია ოთარ გოთოშია, რომელიც თურქეთში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ საქართველოში საკუთარი მანქანით დაბრუნდა, თუმცა ქუთაისში უკვე პრობლემები დაეწყო.

"დედის დღეს მკვდარი შვილი მომიყვანეს. 2500 ჯდება იქო და აქ ცოტა ძვირიაო, მითხრა. ვუთხარი, ნუ წახვალ, გავყიდი ყველაფერს და აქ გაიკეთეთქო, არ დამთანხმდა. როცა ოპერაციიდან ჩამოვიდა, უკვე ცუდად იყო, ბეჭები და გული მტკივაო, დარდობა და ვერაფერს შვრებოდა. ნემსი გაუკეთეს, არ უყუჩდებოდა. თურმე კუჭს დაუწყია ლპობა. ექიმმა გაჭრა და ნახა. დაითრომბა, წავიდა ინფექცია, მერე თირკმელი გაუჩერდა, მისი პატარა გული გაუჩერდა და ასე მომიკლეს შვილი, თითქოს ჩიტი მოკვდა. მე შვილს ვერავინ გამიცოცხლებს, მაგრამ სხვასაც არ გაუკეთონ" - ამბობს ქალი, რომლის შვილი 36 წლის ოთარ გოთოშია, კუჭის ოპერაციის მსხვერპლია.

ბარიატრიული ქირურგიის აგრესიული რეკლამის წყარო სოციალური ქსელია. სწორედ ამ პლატფორმაზე ხდება ქართველი პაციენტების შეგროვება. კლინიკაში, სადაც ოთარ გოთოშიას ოპერაცია გაუკეთეს, მითითებულ ნომერზე არ პასუხობენ.

თურქეთში ჩატარებული ოპერაციის გართულებით, პაციენტი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში შეიყვანეს.

"რაც ჩვენ ვნახეთ, მოჭრილი კი არა, პირდაპირ მოგლეჯილი იყო კუჭი. დაიწყო ნეკროზი, გაიხსნა მთლიანად კუჭი. ჩაუტარდა ყველაფერი, მათ შორის ოპერაციები, ინტენსიური რეანიმაციული ღონისძიებები, მაგრამ სეფსისიდან სამწუხაროდ, ვერ გამოვიყვანეთ და პაციენტი რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა. ანალოგიური შემთხვევა იყო სხვა კლინიკებში. დღესდღეობით საქართველოში 8 პაციენტი არის, რომელიც გადის სტაციონარულ მკურნალობას გართულებებით. ძალიან ბევრი იყო, რომლებსაც უარი ვუთხარით ოპერაციაზე, გაუკეთეს მათ ოპერაცია თურქეთში, არიან ცუდად. წინა თვეში 4 პაციენტი დავაბრუნე უკან კლინიკებში: ორი კახექსიით, ერთს ჩვენ ჩავუდგით სტენოზი. წყლულებით წვანან პაციენტები, სისხლდენებით. ფორმა 100-ები რომ ნახოთ, იქ წერია მხოლოდ ოპერაციის დასახელება, პრაქტიკულად, მეტი არაფერი," - აცხადებს ქირურგი დავით აბულაძე.