ავტორი:

თოქ-შოუში ქალს მოძალადე ქმრის პატიებისკენ მოუწოდეს და მათი შერიგება სცადეს - გადაცემამ მთელი ყაზახეთი შოკში ჩააგდო: "ატირეს და შემდეგ სპექტაკლი დადგეს"

თოქ-შოუში ქალს მოძალადე ქმრის პატიებისკენ მოუწოდეს და მათი შერიგება სცადეს - გადაცემამ მთელი ყაზახეთი შოკში ჩააგდო: "ატირეს და შემდეგ სპექტაკლი დადგეს"

ყაზახეთში, ოჯახური ძალადობის მსხვერპლ მრავალშვილიან დედასთან სახელმწიფო ტელეარხ "ხაბარის" ეთერში გასული სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, თოქ-შოუ "ბირაკი“ დაიხურა.

რა მოხდა 11 მარტს სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში?

11 მარტის საღამოს 40 წლის გულმირა სახელმწიფო ტელეარხ "ხაბარის" თოქ-შოუ „ბირაქის“ სტუდიაში მიიწვიეს. ქალის თქმით, 18 წლის განმავლობაში ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო. ბოლო შემთხვევის დროს კი ცემისას ხელი მოსტეხა. ამ ფაქტის შემდეგ ქალმა ექვსი შვილი წაიყვანა და შიმკენტიდან ასტანაში გადავიდა, სადაც ქალთა თავშესაფარში ცხოვრობდა.

ქალი, რომელიც სახეს ნიღბის ქვეშ მალავდა, ტირილით უზიარებდა თავის მოგონებებს აუდიტორიას. რა დროსაც თოქ-შოუს წამყვანმა ასემ იზატკიზმა განაცხადა, რომ შესაძლოა ის ქმარს ეჭვიანობის გამო, ან იმიტომ ეცემა, რომ საჭმელს არ ამზადებდა. თუმცა ქალმა უპასუხა, რომ ქმარი მხოლოდ იმიტომ სცემდა, რომ მუშაობდა.

მოულოდნელად გადაცემის წამყვანმა მსხვერპლის ქმარი სტუდიაში შემოიყვანა, რომელმაც არ უარყო, რომ ცოლ-შვილს სცემდა და მიზეზად მათი „უსუფთაობა“ დაასახელა. ამის შემდეგ, ჟურნალისტებმა და სტუდიაში ექსპერტებად მიწვეულმა სტუმრებმა ქალს ქმრის პატიება ურჩიეს და მიზეზად რამადანის წმინდა თვე დაასახელეს.

უფრო მეტიც, ძალადობის მსხვერპლი ქალისთვის ყოფილმა ქმარმა ყვავილების ჩუქებაც კი სცადა, რა დროსაც გულმირას ნერვული აშლილობა დაემართა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თოქ-შოუს წამყვანებს ქალისთვის პირობა ჰქონდათ მიცემული, რომ ყოფილი ქმარი გადაცემაში არ იქნებოდა.

რა მოხდა გადაცემის გასვლის შემდეგ?

თოქ-შოუს ეთერში გასვლის შემდეგ საზოგადოების ნაწილი აღაშფოთა მომხდარმა და ქვეყანაში ცნობილმა სახეებმა, ბლოგერებმა მოითხოვეს გადაცემის დახურვა და იმ ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება, ვინც ეს ეპიზოდი მოამზადა.

ტელევიზიის მთავარმა პროდიუსერმა განაცხადა, რომ მზად იყო არხი დაეტოვებინა. ამასთან მზარდი კრიტიკის ფონზე, განცხადება გააკეთა ყაზახეთის კულტურისა და ინფორმაციის მინისტრმა აიდა ბალაევამ. მისი თქმით, გადაცემამ ვერ მიაღწია დასახულ მიზნებს, შეცდომაში შეიყვანა სტუმარი, რამაც გამოიწვია საზოგადოების ორაზროვანი რეაქცია. პირობა დადო, რომ გადაცემა აუცილებლად დაიხურებოდა.

14 მარტს, Khabar-ის მთავარმა პროდიუსერმა, გამაცხადა, რომ თანამდებობას სკანდალის გამო ტოვებს.

"გადაცემაში ჩვენ არ გვქონია ტირან მეუღლესთან შერიგების ამოცანა, გვქონდა მხოლოდ ორივე მხარის (თოქ-შოუში) მოწვევის იდეა. მომხდარის შემდეგ მივედი მენეჯმენტთან და ვთქვი, რომ ვტოვებდი არხს, განცხადება დავწერე. თუმცა ამას არავინ მაიძულებდა" - თქვა არხის მთავარმა პროდიუსერმა.

"გადაცემის გმირი ქალი კი ჯერ კიდევ ვერ მოდის გონს" - ამბობს კრიზისული ცენტრის ხელმძღვანელი, სადაც ქალმა თავშესაფარი იპოვა. მისი თქმით, გულმირასთან და მის შვილებთან ფსიქოლოგები მუშაობენ.

კადრი გადაცემიდან

რას ამბობს საზოგადოება

სახელმწიფო ტელევიზიის "ხაბარის" ჟურნალისტების მცდელობამ შეერიგებინათ მოძალადე ქმარი მეუღლესთან, საზოგადოება შოკში ჩააგდო. სოციალურ ქსელებში ხალხი წერს, რომ საქციელი "პროფესიულ საქმიანობასა და მორალს ეწინააღმდეგება",

"ადამიანის ტრავმით გამოკვება და შემდეგ მსხვერპლის მოძალადის ხელში ჩაგდება და რჩევის მიცემა... ზედმეტია. დაუშვებელია ასეთი რამის ჩვენება, როცა ამ ქალის ტკივილს ექსპლუატაციას უწევენ, ატირებენ და ამისგან სპექტაკლს დგამენ. როგორ შეგიძლიათ ნება დართოთ ადამიანებს, რომლებმაც არ იციან მედია ეთიკა, ეთერში იყვნენ?” - წერს კინოკრიტიკოსი და ჟურნალისტი ასია ბაღდაულეტკიზი.

მედიაექსპერტი და ჟურნალისტიკის მასწავლებელი მოლდიარ ერგებეკოვი დარწმუნებულია, რომ "საჯარო გადასახადების ხარჯზე მოქმედი მედია არ უნდა დასდევდეს რეიტინგებს და არ გაუშვას ეთერში ყვითელი მასალები.