ავტორი:

"პუტინის ამბიციებს მხოლოდ საქართველოთი და მოლდოვით არ შევზღუდავდი" - რას აცხადებს დმიტრო კულება

"პუტინის ამბიციებს მხოლოდ საქართველოთი და მოლდოვით არ შევზღუდავდი" - რას აცხადებს დმიტრო კულება

ვლადიმერ პუტინის ამბიციები მხოლოდ საქართველოთი და მოლდოვით არ შემოიფარგლება, მისი გეგმები უფრო შორს მიდის. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მსოფლიოს 65 ქვეყნიდან მედიის 160-ზე მეტ წარმომადგენელთან გამართულ ონლაინ-ბრიფინგზე განაცხადა.

კულებამ 2021 წლის ბოლო რუსეთის მიერ გავრცელებული დოკუმენტი გაიხსენა, რომელშიც მოსკოვი ნატოსგან 1997 წლის საზღვრებამდე დაბრუნებას მოითხოვდა.

“პუტინის ამბიციებს მხოლოდ საქართველოთი და მოლდოვით არ შევზღუდავდი. მისი გეგმები გაცილებით შორს მიდის, და ისე შორს წავა, რამდენის უფლებასაც მისცემენ.

სწორედ ამიტომ, ყველაზე ეფექტიანი საშუალება აღვკვეთოთ ვითარება, როდესაც ნატო და ცენტრალური ევროპის ქვეყნები საკუთარ ტერიტორიაზე რუს ჯარისკაცებთან იბრძოლებენ - არის უკრაინის დახმარება რუსეთის დასამარცხებლად ჩვენს ტერიტორიაზე”, - განაცხადა კულებამ.

მისი თქმით, იმისდა გათვალისწინებით, რომ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს, მისი ამბიციები უახლოესი მეზობლების საზღვრებს სცდება.

“ის ბევრი სახელმწიფოს საკუთარ საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში ყოფნის უფლებას არ აღიარებს, ამიტომ ცენტრალური აზიის ქვეყნები ასევე უნდა იყვნენ შეშფოთებულნი,” - განაცხადა კულებამ.